"მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის ცვლილებებიდან ზოგიერთი აუცილებელია და ის ნამდვილად გააუმჯობესებს ქვეყნის ძირითად კანონს, თუმცა ზოგი მათგანი ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაუძლო ცდუნებას და, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა გარკვეული ცვლილებების შემუშავება... ის ცვლილებები, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება, ძალიან უხერხულ ვითარებას ქმნის. მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფერს ღია პოლიტიკური თამაში სჯობს. სრულიად უუფლებო პრეზიდენტის შენახვაზე ფულის ხარჯვას, ადგნენ და, საერთოდ გააუქმონ ეს ინსტიტუტი", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უუფლებო პრეზიდენტის შენახვაზე ფულის ხარჯვას, სჯობს საერთოდ გააუქმონ ეს ინსტიტუტი" / "ამ გაუთავებელ ბრძოლასა და კინკლაობაში რამე ისეთი არ გამოგვეპაროს, რამაც შეიძლება, საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს...".
"არსებობენ საპარლამენტო ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს არბიტრის და მედიატორის ფუნქცია აქვს. აქ ვერ გაიგებ, ზუსტად რა ფუნქცია აქვს პრეზიდენტს. დღემდე ლამის გაურკვეველია, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი - პრეზიდენტი თუ პრემიერი? რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია - მან პირდაპირ თქვა, კონკრეტულ ადამიანზე განაწყენების გამო ვცვლით კონსტიტუციასო, რაც ყოვლად დაუშვებელია! ეჭვი აღარ არსებობს, რომ რაც ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, კონკრეტული ადამიანის გამო ხდება, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ თვითონ მარგველაშვილმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, რომ ასეთი ვითარება შექმნილიყო. პრეზიდენტი ხშირად ცდილობს აქტიურობის დემონსტრირებას იმ დროს, როდესაც სინამდვილეში აქტიური სულაც არ არის. დემონსტრაციულად აცხადებს, რომ არ სურს თანამშრომლობა სამთავრობო გუნდთან, რაც არასწორია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"რასაკვირველია, სრულიად მიუღებელი და უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომ ახალი პროექტით გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას მიაქვს. გაუნაწილებელი მანდატები უნდა განაწილდეს პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. არაფრით არ შეიძლება, რომ ეს მანდატები ერთმა პოლიტიკურმა ძალამ წაიღოს, ეს არ არის სამართლიანი და ამასთანავე, ამას არ მოგვიწონებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ხშირად "ქართული ოცნება" საკუთარ მოქმედებას ისე წარმართავს, რომ მუდმივად მეტოქედ წარმოიდგენს ხოლმე "ნაციონალურ მოძრაობას" ან მისგან გამოყოფილ ჯგუფს. კი, ბატონო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ისეთი დამართა კონსტიტუციას, საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკის უფლება ნაკლებად აქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ "ქართული ოცნება" ხშირად გაიხსენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ქვეყანაში არსებობს საზოგადოება და ამ საზოგადოებას არ მოსწონს ეს წესი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობაზე" სწორების, მათთვის პასუხის გაცემისა და მათ საწინააღმდეგოდ მოქმედების დრო ამოიწურა. არ შეიძლება დაუსრულებლად ამაზე ლაპარაკი. არ მესმის, რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" ხმების გადანაწილებაზე ამდენი კამათი, რატომ აძლევენ მოწინააღმდეგეს სალაპარაკოს?!ვფიქრობ, "ოცნებას~ ნამდვილად აქვს რესურსი, რომ თავისი მუშაობის შედეგად მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში და არ უნდა სჭირდებოდეთ ასეთი ხრიკების გამოყენება. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელსაც ვენეციის კომისია აუცილებლად დაიწუნებს. დიდგორის გამარჯვების თარიღის უქმედ გამოცხადების ინიციატივისა არ იყოს, იქნებ კარგად დაფიქრებულიყვნენ, ვიდრე ამგვარ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ", - ამბობს ექსპერტი.
"დიდგორის ამბავზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა... რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით თურქეთის მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ ჰქონდათ იმის უფლება, რაც გააკეთეს, ეს სხვა ქვეყნის შინაურ საქმეში უხეში ჩარევაა, მაგრამ მე უფრო ჩვენი ხელისუფლების მოქმედება მაწუხებს. ჯერ სრულიად გაუაზრებელი და გაუთვლელი ინიციატივა წამოაყენეს, აჟიოტაჟი ატეხეს და ბოლოს გაჩერდნენ... არ გაქვს ხელისუფალს იმის უფლება, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა. მოკლედ, თუ შნო არ გაქვს საქმის ბოლომდე მიყვანის, არც უნდა წამოიწყო", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
"რაც შეეხება თურქეთს, ერდოღანისთვის უდიდესი დარტყმა იყო ის, რომ რეფერენდუმზე არც ანკარამ, არც სტამბოლმა და არც იზმირმა მას მხარი არ დაუჭირა. მეტიც - ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში გამოვიდა. ერდოღანმა რეფერენდუმი მოიგო ძალიან დაბალი პროცენტით. საერთოდ, ამ მოგებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ისმის. ბევრი ფიქრობს, რომ მისი შედეგები გაყალბდა. ერდოღანის ფიქრით კი, ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, დასაჭერია. იმ 49%-ს, რომელიც რეფერენდუმზე ერდოღანის წინაღმდეგი იყო, ვერ დაიჭერს, მაგრამ 10%-ს ნამდვილად დაიჭერს... ერდოღანს ახლა ხელები გახსნილი აქვს, არავინ არის მისთვის ისეთი ავტორიტეტი, ვინც გაჩერებს. ის თავს უკვე ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად გრძნობს და არავის აზრი არ აინტერესებს. ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და, არ არის გამორიცხული, რეგიონისთვისაც", - თვლის რესპონდენტი.
"ჩვენ ვიგებთ თურქეთში ათასობით ადამიანის დაკავების ამბავს, მაგრამ ვერც კი წარმოგვიდგენია, რა ვითრებაა ახლა იქ, რა შიში ბუდობს თურქეთის ქალაქებში... თურქეთში ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან, არ ელაპარაკებიან იმის შიშით, რომ ვიღაცამ არ "ჩაუშვას". მახსენდება საბჭოთა ისტორიის შავ-ბნელი წლები. ეს არის ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში სხვაგვარ ცხოვრებას მიეჩვია და ახლა ამას ვეღარ შეეგუება. ერდოღანიც ფიქრობს, რომ სწორედ ეს განწყობა უნდა გადატეხოს წელში. თურქეთში საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეგონა, რომ რეფერენდუმის შედეგების წყალობით მოახერხებდნენ ერდოღანის შეჩერებას, ახლა კი ეს იმედი გადაეწურათ. ბუნებრივია, ისინი ერდოღანის საწინააღმდეგოდ სხვა გზების ძიებას დაიწყებენ, რაც ამ უკანასკნელმაც მშვენივრად იცის და ამისთვის თადარიგს იჭერს. ამ ვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ამ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც მითხრეს, ყურადღებით ვაკვირდებით თურქეთში მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს შეიძლება ჩვენთვის ძალიან ცუდი ხვალინდელი დღე იყოსო", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, აქტიური პოლიტიკური საქმიანობაა დააანონსა. მისი განცხადებით, ახალ გუნდს საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს...", - პასუხობს:
"მივესალმები დავით უსუფაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, მეტიც, მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსია. ვნახოთ, რა გუნდს წარმოგვიდგენს, როგორი იქნება მისი პოლიტიკური ნაბიჯები. არა მგონია, შეცდომა დაუშვას ან გუნდის შერჩევისას, ანაც პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებისას. მეეჭვება, უსუფაშვილი ჯერჯერობით ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია მასების მობილიზება ტრიბუნიდან და ქუჩიდან. მას არ შეუძლია სკანდალურად მოსვლა, მისი პოზიცია დინჯი, აწონილი, გააზრებულია... ამგვარ პოლიტიკას სჭირდება დრო. არ ველი, რომ უცებ რაღაც განსაკუთრებულ გარღვევას მოახერხებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის და მისი გუნდი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავლენიან ძალად იქცევიან. ქართველი საზოგადოების გემოვნებას რამდენად მოერგება, არ ვიცი. ამას დრო გვაჩვენებს".