თამბაქოს კანონის თაობაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება

თამბაქოს კანონის თაობაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება

თამბაქოს კანონის ირგვლივ დიდი გაურკვევლობაა. როცა საქმე მის დამტკიცებამდეა მისული, საზოგადოება, ბიზენსი და ხელისუფლებაც კი ორ ნაწილად გაიყო. კანონის კონკრეტული მუხლებს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საცალო გაყიდვების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 2397 წარმომადგნელის წერილობითი მიმართვა წარუდგინა საქართველოს პარლმანეტს, მთავრობის წევრებსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს.

მიმართვა შეეხება კანონის მე-5 მუხლში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც იზღუდება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ა.შ.

დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვას არ ითვალისწინებს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების საკანონდებლო რეგულირება თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომლებმაც თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად წარმატებით გაატარეს რადიკალური ღონისძიებები.

იქვე ასოციაცია მიესალმება თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას და შემზღუდველი ნორმების არსებობას, მიმართულს თამბაქოს მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან ასაცილებლად და საკანონმდებლო რეგულაციების იმ ფორმით მიღებას, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას თამბაქოს მავნებლობასთან მიმართებაში.

ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ კანონს მომხრეებიც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. განსაკუთრებულ დავას იწვევს მოწევის სრული აკრძალვა სხვადასხვა კვები ობიექტში. ასეთი ხისტი დამოკიდებულება, შესაძლოა, კლიენტსა და ობიექტის მომსახურე პერსონალს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

კლუბებში, ბარ-რესტორნებსა და პაბებში მიიჩნევენ, რომ თამბაქოს მოწევის აკრძალვა მათ ბიზნესს დიდ პრობლემას შეუქმნის. ცვლილებები განსაკუთრებით მიუღებელია ღამის კლუბების წარმომადგენლებისთვის და მათთვის, ვინც ობიექტში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვასაც ახორციელებს.

სხვათა შორის, აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლების შტოებს შორისაც. მთავრობას კანონპროექტი ზედმეტად მკაცრად მიაჩნია და მასთან დაკავშირებით პარლამენტში 17-გვერდიანი შენიშვნები გააგზავნა. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველო თამბაქოს მომხმარების მხრივ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი უნდა იყოს, თუმცა ეს ეკონომიკის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„თამბაქოს მოხმარების ნაწილში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე. ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანები აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავიცვათ მიღებული ნორმები, რომელიც პირველ რიგში, ევროპაშია გავრცელებული“, - ამბობს გახარია.

სულ სხვაგვარად ფიქრობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის აზრითაც თამბაქოს მოწევის კონტროლის დარეგულირება კანონმდებლობით, მომავალი თაობების ჯანმრთელობისკენაა მიმართული.

„ჯარიმა ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ იმ ოდენობისაა, რომელიც საგრძნობი იქნება დამრღვევისათვის. ეს არ არის კერძო პირების დაჯარიმების თემა. პირველ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარია, მეორეზე - 2000 ლარი, ხოლო როცა საუბარია 5000 ლარზე ეს სისტემატური დარღვევის შემთხვევას გულისხმობს და ესეც სასამართლოს მეშვეობით. მიმაჩნია, რომ თანაბარზომიერი სასჯელია, კანონის დარღვევის შემთხვევებში, რომელიც ჩვენი შვილიშვილების და შვილთაშვილების გადასარჩენადაა მოწოდებული“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით 85 ხმით ერთხმად დაამტკიცა, მაგრამ მეორე მოსმენამდე საქმე ჯერ არ მისულა.