უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის საკითხზე პარლამენტარებს და ბიზნესმენებს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ. საერთო შეთანხმებამდე მისვლა ჯერ ვერ მოხერხდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვერც მოხერხდება.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.
„ჩვენი ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისებას კრძალავს. ერთადერთი პრეროგატივა იქნება, რომ მთავრობას ჰქონდეს გამონაკლისი შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვის შესაძლეობლობა. მიწის შეძენის მსურველებს მოუწევთ შესაბამისი არგუმენტაციისა და პროექტის წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, დასაქმება, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. ანუ დიდი მასშტაბის მქონე პროექტი, რომ მისი განხილვა მოხდეს გამონაკლისის სახით“, - განმარტა ოთარ დანელიამ.
უცნობია იმ ინვესტიციის მოცულობა, რომელიც შეიძლება, არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.
„მთავარია პრინციპული შეთანხმება, შემდეგ კი გეოგრაფიული დივერსიფიცირებისა და სპეციფიკაციის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველივე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს იყოს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება, გამონაკლისი შემთხვევაც კი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზღვრისპირა რეგიონებში მიწები არ გაიყიდოს და რაც მთავარია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. სასოფლო–სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5% უცხოელების საკუთრებაა. საუბარია 45-დან 55 ათას ჰექტარ მიწაზე. ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ბიზნესმენთა ასოციაცია ასეთ რეგულაციას ეწინააღმდეგება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ამბობს, რომ უცხოელებისთვის საკუთრების შეზღუდვა პირდაპირ აისახება ადგილობრივ მეწარმეებზე. მისი თქმით, ბიზნესისთვის მიუღებელია კანონპროექტის ის ფორმა, რაზეც დღეს საუბარია უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით.
„მთავარი ჩვენთვის იყო რომ კონსტიტუციით არ უნდა მომხდარიყო ამის დარეგულირება და ძალიან მოხარული ვართ, რომ დღევანდელ ვარინტში ეს არ დევს. რაც შეეხება ორგანულ კანონს, ჩვენ ვსაუბრობთ რომ შეზღუდვები უცხოელებთან დაკავშირებით, იმ ფორმატით, რაზეც საუბარია, არ მოხდეს. თქვენ იცით, რომ ამის მცდელობა ერთხელ უკვე იყო და ამას არაფერი დადებითი ქვეყნისთვის არ მოუტანია.
ამასთან, უცხოელებისთვის საკუთრების შეზღუდვა პირდაპირ აისახება ქართველ, ადგილობრივ მეწარმეებზე. ძალიან ბევრი ადგილობრივი საწარმო, პირდაპირ მუშაობს უცხოელებთან ერთად, ამიტომ ამან შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ამასთან ინვესტიციებიც შეიზღუდება. მერე მხრივ, თუ იქნება ნორმალურ ფორმატში შეზღუდვა, ჩვენ მზად ვართ ეს განვიხილოთ“, - განუცხადა „ბიზნეს კონტაქტს“ ჭირაქაძემ.
ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. იგი ემხრობა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში მისმა კოლეგამ ოთარ დანელიამ განიხილა.
„ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომლის გარეშც ჩვენ ვერ შევძლებთ ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ხელშემწყობი პოლიტიკა იქნება საკმარისი, რომ მიწის გაყიდვის გარეშეც შევძლოთ განვითარების იმ მაჩვენელის მიღწევა, რომელიც შესაძლებელია“, - ამბობს კაკულია.
კითხვაზე დააზიანებს თუ არა ორგანული კანონი ქვეყნის იმიჯს და იმოქმედებს თუ არა ინვესტიციების შემოდინებაზე კაკულია პასუხობს:
„თუ ბიზნეს გარემო იქნება ისეთი ხელშემწყობი, რომელიც როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ბიზნესმენისთვის იქნება ხელმისაწვდომი, უცხოელი ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი იქნება“, - განაცხადა კაკულიამ.