კანონმდებლობაში ახალი ცვლილებები იგეგმება, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და გაძლიერებაზე. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.
კიდევ ერთი სიახლე - ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა 5 000-დან 50 000 ლარამდე იზრდება.
ფინანსთა მინისრტის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.
მინისტრის განცხადებით, ასევე, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 2 წლით გახანგრძლივდა 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებისთვის შეღავათები. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრების საბოლოო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.
კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ხდება ენერგოეფექტურობის წახალისება. საქართველოს მცხოვრებლებს შეეძლებათ, დაამონტაჟონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში. ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე.
სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე - ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე - სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.
რამდენად საკმარისია ეს ცვლილებები იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება თუ მისი განვითარება იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ვაჟა ბერიძე: ცვლილებები, რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ცალსახად მისასალმებელია, ჩვენი კომპანიების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება ახალი აღმავლობის მისაღებად ეკონომიკაში ან ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, ძნელი სათქმელია, რადგან კომპონენტები, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ წინსვლას, არის ძალზე მრავალფეროვანი და მრავალმხრივი.
თავისთავად ცხადია, რომ თუ შიდა რეისებისთვის აუცილებელი საავიაციო ბენზინი არ დაიბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ეს იქნება შეღავათი შიდა რეისებზე მომუშავე კომპანიებისთვის და რა თქმა უნდა, წაადგება ტურიზმის განვითარებას. შიდა სარეისო მომსახურება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გვქონდა ხარვეზებით და შემდეგ, თანდათან დაინგრა კიდეც. ახლა ხდება ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე აეროპორტების აღდგენა, რაც რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია - ტურისტული სეზონი მოდის და თუ ვითარება შეიცვლება, უდავოდ, კარგია.
ისიც ცხადია, რომ სისხლის სამართლებრივი ტვირთის მოხსნა კომპანიებისთვის, ფინანსური დანაშაულებისთვის ან გადასახადების დაფარვისთვის, მათი ოდენობის შემცირებისთვის, ხელს შეუწყობს ვითარების გაჯანსაღება-გაუმჯობესებას.
როდესაც საგადასახადო ცვლილებების პაკეტზეა საუბარი, ალბათ, რამენაირად უნდა იკვეთებოდეს, რა მიმართულებით გეგმავს ეკონომიკური გუნდი ბიზნესგარემოს სტიმულირებას. ჩანს, რომ ისევ და ისევ ტურიზმის ხელშეწყობით ცდილობს წარმატებული ეკონომიკის შექმნას?
- მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტურიზმზეა საუბარი, მაგრამ ეს ცვლილებები მხოლოდ ტურიზმს არ მოიცავს, თავისთავად ცხადია, რომ ეს მთელი ბიზნესისთვის არის საინტერესო. ვიტყოდი, რომ შესაძლოა, დაგვიანებული და არასაკმარისია ეს ცვლილებები, რადგან ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა სავალალოა და უფრო სწრაფ და ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს - თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი მიიჩნევენ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი.
თავისთავად ცხადია, რომ ცვლილებათა ეს პაკეტი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ უფრო მეტი და მასშტაბური ნაბიჯების გადადგმა მართებს ხელისუფლებას - 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
ასევე დადებითი მომენტია ლუდის და სპირტიანი სასმელების მიმართულებით აქციზის გადასახადის დადგენის ევროპულ ნორმებთან მიახლოება, თუმცა ცოტა ხნის წინ გაზრდილი აქციზის გადასახადებიც გვახსოვს, რომელმაც შედეგად ცხოვრება კიდევ უფრო გააძვირა და დაამძიმა. ასეთ ფონზე ეს ღონისძიებები დაგვიანებული ხომ არ არის?
- ყველაფერი, რაც სწორია, თუ ადრე გაკეთდება, ლოგიკურია, რომ ეფექტს მალე გამოიღებს. როდესაც ამას სჭირდება თვეები და წლები, როდესაც რაღაც გარღვევის იმედზე ვართ და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში უკიდურესად მძიმეა, ძალიან ძნელია, წარმატებას ველოდეთ.
არ ვარ ამ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის ნაბიჯების სისწრაფით აღფრთოვანებული და ბუნებრივია, გაცილებით მეტს მოველოდი, მაგრამ პროგრესულ ნაბიჯებს მაინც უნდა მივესალმოთ, თუნდაც ისინი გვიან გადაიდგას.
სხვათა შორის, არც იმის მომხრე ვარ, როდესაც მთავრობას ქვეყნის ამოცანებიდან გამომდინარე უხდება-ხოლმე გადასახადების მომატება, ამას არც არავინ მიესალმება, მაგრამ ზოგჯერ არის-ხოლმე მომენტები, როდესაც ის იძულებულია, არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას.
არის ასეთი ცინიკური მომენტი, რომ რეფერენდუმზე უნდა ჰკითხოს ხალხს ხელისუფლებამ გაზარდოს თუ არა გადასახადები. ანუ ფაქტობრივად, ხელისუფლებას ამ ბერკეტის გამოყენება ეკრძალება. აქციზის მომატება, რომელიც გარკვეული დროის წინ დაუშვა ხელისუფლებამ, იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა გამოსავალი ბიუჯეტის პრობლემების მოსაგვარებლად არ გააჩნდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აშშ-დან ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად მცირდება. ამიტომ პრობლემების მოგვარება ასეთი მეთოდების გარეშე შეუძლებელია, მით უმეტეს, მშპ-ს ზრდის იმ ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს.
შეიძლება ითქვას, რომ ახლაც სხვა გზა არ ჰქონდა ხელისუფლებას და ბიზნესის წახალისებაზე ამიტომ წავიდა? ვგულისხმობ საკმაოდ დამძიმებულ სოციალურ და ეკონომიკურ ფონს...
- რაც შეეხება გადასახადების გაზრდას, მაშინ მართლა არ ჰქონდა სხვა გზა, რადგან ბიუჯეტის დეფიციტს ვერ გადააჭარბებდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდება შემოსავლები. ბანკებიდან და უცხოეთიდან სესხის აღებასაც აქვს თავისი ზღვარი. თან გარკვეული დროც სჭირდება - ეს ყველაფერი მთავრობის ოსტატობასა და გამჭრიახობაზეც არის დამოკიდებული.
რაც შეეხება სტიმულირებას, სააარჩევნო წელია - მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მმართველი ძალისთვის, რა შედეგი დაიდება.
თანაც, სიდუხჭირით გაჯერებულ საინფორმაციო სივრცეში როდესაც ხელისუფლებას, ფაქტობრივად, აღარ აქვს დარჩენილი სვლები ხალხთან სასაუბროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მას. აქედან დესტაბილიზაციამდე შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯია. ამიტომ ბევრი და მნიშვნელოვანი სასიკეთო ნაბიჯი უნდა გადადგას მთავრობამ, რომ არ განიცადოს მარცხი არჩევნებზე.
დედოლარიზაციასაც უნდა გამოეღო გარკვეული ეფექტი, თუმცა თითქმის ერთთვიანი ლარის გამყარების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ კვლავ გაუფასურება დაიწყო. არის ეს პროცესი რაიმე ფაქტორებზე დამოკიდებული გარდა იმისა, რომ ადრე რუბლზე ვიყავით მიბმული და ახლა ლირაზე?
- ცხადია, საგარეო ფაქტორებსა და მსოფლიო ეკონომიკის კონიუნქტურაზე ვართ დამოკიდებული, ინტერგრაციის ხარისხი იზრდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტები, არეგულიროს სავალუტო ბაზარზე ლარის მდგომარეობა.
იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი მიბმულია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ფაქტორებზე, სიმართლე არ არის. შეუძლია ხელისუფლებას, მთავრობას და განსაკუთრებით, ეროვნულ ბანკს, რომ ეს პროცესები არეგულიროს, მაგრამ სხვა რამესთან გვაქვს საქმე - თავის დროზე, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აქცენტი აეღო სწრაფ განვითარებაზე და ლარის კურსის სტაბილურობა ამისთვის შეეწირა. როდესაც დაინახა, რომ საზოგადოების პროტესტი ძლიერი იყო, ისიც ვნახეთ, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მექანიზმი როგორ გაააქტიურეს, ბაზარზე ვალუტის შესყიდვისა და სხვა ბერკეტებიც ამოქმედდა და ლარმა გამყარება დაიწყო. მაგრამ საზოგადოების გასაკვირად, ეროვნულმა ბანკმა შეაჩერა ლარის გამყარების პროცესი. ამით თითქოს შური იძია თანამოქაალაქეებზე იმის გამო, რომ მათმა დიდმა ნაწილმა, ვისაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა სესხი, უარი თქვა, გადაეტანა ეროვნულ ვალუტაში. ამით მიანიშნეს, რომ ისინი შეცდნენ.
მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მთავრობა და ეროვნული ბანკი ითვალისწინებენ, რომ ბიუჯეტი დაგეგმილია დოლარისა და ლარის იმ შეფარდებაზე, რაც მიახლოებით დღეს არის, ანუ ისევ წააიყვანეს 2.5-ნიშნულისკენ დოლარის კურსი. ამით გამოჩნდა, რომ ეროვნული ბანკი ბერკეტებს არ იყენებს, მთავრობა კი ამას კვერს უკრავს და ახალისებს.
მაინც და მაინც გააზრებულად არ მიმდინარეობს ეს პროცესი და იმის მტკიცება, რომ მცურავი კურსი თავისთავად ყალიბდება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, ზღაპარია და რეგულირების საკმაოდ მაღალი ხარისხის პირობებში იმართება ეს პროცესი. ვნახოთ, რას მოუტანს ქვეყანას ეს ყველაფერი. იმედია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის დასადასტურებლად მთავრობა უფრო რეკორდულ ნიშნულებზე არ გავა.
როდესაც საგადასახადო შეღავათების პარალელურად გვაქვს ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის ან სოციალური ფონის გაუმჯობესების იმედი როდისთვის შეიძლება გვქონდეს?
- წინააღმდეგობრივია მთავრობის ეკონომიკური ნაბიჯები, არ ხდება რეგულირება და არათუ ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ ვერ წავალთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ მშპ-ს ზრდის პროგნოზსაც შეიძლება, ვერ მივაღწიოთ.
ცხადია, რომ ეს ნაბიჯები კონცეპტუალურ მთლიანობას ვერ და არ ქმნიან და ცაკლეული პროგრესული შემოთავაზებების ნაცვლად, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით გადადგმულიყო ნაბიჯები, რაც ქვეყანას გარკვეულ პერსპექტივას მისცემდა, მოსახლეობისგან დაცლის პროცესი არ გაგრძელდებოდა ეროვნული ინტერესებისთვის საკმაოდ სახიფათო მასშტაბით.
თავის დროზე, ამერიკიდანაც კი ჩამოიყვანეს სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი ინდუსტრიალური იდეებით არიან განთქმული, მაგრამ გარდა იმისა, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ რეორგანიზება მოხდა, ამ მიმართულებით სხვა ნაბიჯი არ გადადგმულა.