საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „მმართველმა ძალამ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარებულიყო. თუმცა, ამ კომპრომისულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება პრეზიდენტი პოლიტიკური ოპონენტების მეშვეობით, რომლებიც პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ პირდაპირ შეტევას ახოციელებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ.
„საქმე სწორედ აქეთკენ მიდის, არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებს ხვდება ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია. ასევე ხვდება ე.წ. ექსპერტებს და თანხმდება, თუ როგორ უნდა მიიტანოს შეტევა საქართველოს პარლამენტზე.
თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ყოველგვარი აზრი დაეკარგება კომპრომისს და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ყოველგვარი სისტემური თვალსაზრისით არის სწორი. მით უმეტეს, კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება და არ გაგრძელდება არასწორი ქმედებები ოპონენტების მხრიდან, რაც ხდება პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე კომპრომისმა შესაძლოა აზრი დაკარგოს, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის ბოიკოტირებას ცდილობენ.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დღევანდელი კანონით, პრეზიდენტი პარტიებზე მაღლა დგას და შემუშავებული საკონსტიტუციო პროექტის ვერსიითაც, გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.
„ის პროცესი, რომელთანაც ახლა საქმე გვაქვს, პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პროექტს კენჭი ვუყარეთ, სადაც პირდაპირ ჩაწერილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოდელი ძალაში შემდეგ არჩევნებზე უნდა შესულიყო. ანუ, ახლანდელი არჩევნები არსებული წესით ჩატარდებოდა, შემდგომი - ახალი პრინციპით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ სპეკულაციებს წერტილი დასმოდა. გახსოვთ, განცხადებები კეთდებოდა იმის თაობაზე, რომ ეს ერთი ადამიანის - პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდებოდა. ასეთი კომპრომისი გაკეთდა და ამან სპეკულაციები დაასრულა, მაგრამ უკვე სხვა პროცესი დაიწყო, რაც ალბათ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ როგორმე საკონსტიტუციო რეფორმის ბოიკოტირება მოეხდინათ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევებამდე დაიწყო. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი მის უფლება-მოვალეობებს უნდა შეესაბამებოდეს. თუკი პოლიტიკურ სპექტრს პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კომპრომისი არ აინტერებს და არ სჭირდება, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის საკითხი მსჯელობის საგანი გახდება.
„თუკი ჩვენ ვთანხმდებით, რომ 2018 წლის არჩევნები ტარდება პირდაპირი წესით, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტის არჩევის წესს ინსტიტუციურად ვცვლით - პრეზიდენტის უფლებამოსილებების გათვალისწინებით, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ სჭირდება. კომპრომისი იმას ნიშნავს, რომ წინადადება პოლიტიკური ძალებისათვის საინტერესო უნდა იყოს. ხოლო თუ ეს კომპრომისი პოლიტიკური ძალებისათვის საინტერესო არ არის, პრეზიდენტის არჩევის საკითხი მსჯელობის საგანი გახდება“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს ოპოზიცია, თუმცა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრინციპი, თუ კარგი ბიჭი იქნები აუზში წყალს ჩაგისხამ, ქართული საზოგადოებისთვის ასეთი დამოკიდებულება არის არასწორი, რაც საწინააღმდეგო რეაქციას იწვევს. როგორც ძაბირაძე აცხადებს, იმ დროსაც კი, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოსადმი დამოკიდებულება კრემლსაც კი, განსაკუთრებული და სხვაგვარი ჰქონდა.
„არ იმუშავებს ის, რაც ახლა ხდება. თუ „ქართული ოცნება“ პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში ისეთ ცვლილებებს, რომელიც 2018 წელს პირდაპირი წესით არჩევნებს არ დააკანონებს, სამთვიან ვადაში პრეზიდენტს შეუძლია გადადგეს და უკვე 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება ძველი წესით, არსებული კონსტიტუციით. არ ვიცი მარგველაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა, მაგრამ მას სხვა არჩევანი არ ექნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ორი ვარიანტი აქვს, ან თავი უნდა დახაროს და პოლიტიკურ სასაკლაოზე თვითონ წავიდეს, რადგან, თუ ამას არ გააკეთებს, მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი იქნება ნულის ფასი, თუ ამას გააკეთებს, მაშინ არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით. შესაბამისად, ეს დაქადნება, რომ გადახედავენ როგორ ჩატარდეს 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები, ჰაერში გამოკიდებული დარჩება.
„არ შეიძლება ასეთი არაკვალიფიციური განცხადებების გაკეთება, არ ვიცი რას მიაღწევენ ამით. ნადვილად არ მინდა „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვას და მით უმეტეს კატასტროფულად არ მინდა ქუჩაში გავიდეს პროცესები. მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია, გარდა იმისა, ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება - რადგან პროცესები ქუჩისკენ მიდის, ამიტომ მოეგეთ გონს, სანამ ამის დრო არის და სანამ შეიძლება პროცესი შეაჩრო. წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ ქუჩის პროცესებზე, რასაც კარგი შედეგი არასოდეს არ მოუტანია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.