ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თურქეთში მონიტორინგის განახლებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 113-მა პარლამენტარმა, 45 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 12-მა პარლამენტარმა თავი შეიკავა. საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილება თურქეთში 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიიღო.
რეზოლუციის ავტორების მტკიცებით, თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება დარღვეულია. რეზოლუცია, ასევე აკრიტიკებს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებული იყო 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.
რეზოლუციის ავტორების მტკიცებით, თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება დარღვეულია, ხოლო თურქეთის ხელისუფლებას, თურქეთსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის გასაგრძელებლად, რიგი რეკომენდაციები ეძლევა. ასევე საპარლამენტო ასამბლეამ ოფიციალურ ანკარას მოსთხოვა უახლოეს პერიოდში გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა.
ევროპელი დეპუტატების განცხადებით, თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა და აუცილებელია ევროპული მონიტორები ხშირად ჩადიოდნენ ქვეყანაში, რათა არსებული ვითარების შეფასება მოხდეს. მათივე განცხადებით, ევროპისთვის და ევროკავშირისთვის თურქეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზი იქნება, რეფერენდუმის ჩატარება სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, უნდა შეჩერდეს თურქეთში უკუსვლა, რაც ბოლო წლებში შეინიშნება. ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ ოპოზიციის საქმიანობის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, დავეხმაროთ მათ, როდესაც მოითხოვენ კანონის უზენაესობის დაცვას. მინდა ვუთხრა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ მონიტორინგის მისია არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან უნდობლობის არსებობას“, - განაცხადა რენე რუკემ.
რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, მან აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ქართული დელეგაციის პოზიცია უნდა იყოს პარტნიორების მხარდაჭერა.
„თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს თურქეთში და რაც შეიძლება მოხდეს ამ ქვეყანაში. ჩვენი პოზიციაა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ვიყოთ მჭიდრო კომუნიკაციაში და ისინი ამ პროცესში იყვნენ ძალიან აქტიურები და ჩართულები. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების მხარდამჭერი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები თვლიან, რომ ევროპელი კანონმდებლების შეფასებები თურქეთთან მიმართებაში მიკერძოებულია. თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები ღიად არ საუბრობენ, რა ნაბიჯს გადადგამენ რეზოლუციის საპასუხოდ. არსებული ინფორმაციით, თურქეთის დელეგაცია ამუშავებს ორ ვარიანტს, ერთი არის ბოიკოტი ევროსაბჭოს წინააღმდეგ, ხოლო მეორე უშუალოდ ორგანიზაციიდან გასვლა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ თურქეთის საკითხზე მიღებულ რეზოლუცია, თურქეთს არ უტოვებს სხვა არჩევანს გარდა იმისა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობებს გადახედოს. თურქული მხარე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.
„თუ გავითვალისწინებთ თურქეთის მხრიდან ევროპულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ზრუნვას, ამ ფონზე ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ასამბლეა არ იცავს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროპა.
მიუხედავად ასეთი უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებისა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, თურქეთი გააგრძელებს თავის მცდელობას, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლება დემოკრატიული სტანდარტების, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ოფიციალური ანკარა ბრიუსელს მოუწოდებს, საბოლოოდ განსაზღვროს სურს თუ არა ევროკავშირს თურქეთის თავის წევრად ხილვა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა არ მიისწრაფვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ ევროკავშირთან დადებული საიმიგრაციო ხელშეკრულების ფარგლებში.
ბინალი ილდირიმის განცხადებით, ევროკავშირი არ ასრულებს თავის დანაპირებს ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე, რომელსაც თურქეთთან საიმიგრაციო ნაკადის კონტროლის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.
„ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და ვიზალიბერალიზაცია - ეს დანაპირები არ სრულდება. სამი მილიარდი ევროს ნაცვლად, ჩვენ ევროკავშირისგან 790 მილიონი ევრო მივიღეთ. ვფიქრობთ, ევროკავშირი თავის დანაპირებს არ შეასრულებს. ევროკავშირს მოვუწოდებთ, გულწრფელი იყოს ჩვენი ევროკავშირში შესაძლო წევრობის საკითხთან დაკავშირებით. მათ უნდა განსაზღვრონ, სურთ თუ არა ჩვენი ხილვა ევროკავშირში. მიიღონ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ კი ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს გეგმებს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა „Financial Times“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები მდგრადი არ არის.
„ვერ დავიჯერებ, რომ ერდოღანის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვინმესთან ძალაუფლებას გაიზიარებს. ეს კი ევროკავშირის ფუნდამენტური კონცეფციაა. ამ მხრივ, უნდა შევხედოთ, თუ რა საკითხი იქნება ყველაზე შესაფერისი თანამშრომლობისთვის.
თუ ისინი ჯერ კიდევ დაინტერესებულნი არიან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებით, რას აკეთებენ საიმისოდ, რომ ჩვენ ის შთაბეჭდილება გაგვიქრეს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეგვექმნა?“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.