საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც.
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
მმართველმა გუნდმა „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში დღეს, კონსტიტუციაში მაჟორიტარული სისტემის ჩანაწერის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატები კოლეგების მოსაზრებებს არ ემხრობიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ერთსულოვნად მიიღებენ.
მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს მაშინ, როდესაც თვითმმართველობა იქნება ძლიერი და არ დასჭირდებათ მაჟორიტარების ჩარევა.
„რა თქმა უნდა, გუნდის ერთიან გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მანამდე ვეცდები კონკრეტულად ამ პოზიციის რეალობაში დავარწმუნო კოლეგები“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, როლის განცხადებით, ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.
„ამიხსნას ვინმემ, რატომ არ არის დემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა? თუმცა, მე ვარ გუნდური თამაშის მომხრე და თუკი დამარწმუნებენ გუნდის წევრები მათი პოზიციის სისწორეში, მაშინ ჩემს პოზიციას შევიცვლი. მე მიმაჩნია, რომ საარჩევნო სისტემა არ უნდა შეიცვალოს და პირიქით, ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს. „ქართულ ოცნებაში“ ბევრია, ვინც ჩემს პოზიციას იზიარებს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის პოზიციას იზიარებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომლის შეფასებით, მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის მდგრადობას. ოქრიაშვილის თქმით, ის მხარს არ დაუჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულზე გადასვლას. მისი თქმით, მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით არ არის ერთსულოვნება.
„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90 ქვეყანაშია, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ის, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ნორმას. თუ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, ჯერ ამერიკელებმა გააუქმონ და მერე - ჩვენ.
ვცდილობ, დავარწმუნო მმართველი გუნდი, რომ მაჟორიტარებს არ შევეხოთ და დავტოვოთ შერეული სისტემა, თუმცა არსებობენ ჯგუფები, ვისაც თავისი არგუმენტაცია აქვთ, რომ უნდა იყოს პროპორციული სისტემა ბონუსით. მე ვფიქრობ, რომ შევჯერდებით გუნდში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენს აზრზე გადმოვიყვანთ მთელ გუნდს და შევინარჩუნებთ მაჟორიტარულ სისტემას“, - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციაში კონკრეტულად ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომლის განცხადებით, ეს არის პროექტი, რომლის ინიცირებაც მოხდება. კონკრეტულად ეს დოკუმენტი დაბრუნდება პარლამენტში და 3 მოსმენით განიხილება, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება როგორც უმრავლესობის დეპუტატებს, ასევე ოპოზიციას ექნება.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის დიამეტრალური გაუმჯობესება, თუმცა მაჟორიტარებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრონ. წინ გვაქვს საერთო-სახალხო განხილვის ეტაპი, ასევე 3 მოსმენის პროცედურა პარლამენტში. ასე რომ, საჯარო განხილვების და შემდეგ უკვე სესიების დროს დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დაასაბუთონ ისინი. შესაძლებელია, რომ ცვლილებები, რომლებიც იქნება შემოთავაზებული, საპარლამენტო მოსმენებისას იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და პროპორციულზე გადასვლას მხარს არ უჭერს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და მიაჩნია, ქვეყნისთვის აუცილებელია მაჟორიტარული სისტემის არსებობა.
„ქვეყნისთვის წამგებიანია მაჟოროტარული სისტემის გაუქმება. იგივე არგუმენტი მაქვს, რაც აშშ-ის მთავრობას. ამ სისტემით ცხოვრობს აშშ, ქვეყანა გადასულია მაჟორიტარულ სისტემაზე. ამ შემთხვევაში მარტივ ლოგიკას სთავაზობენ მოქალაქეებს, პროპორციული სისტემით არჩეული ადამიანი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სისტემაში ჩასვა და ამის ხარჯზე იქნება არჩეული. მაჟორიტარული სისტემით არჩეული ადამიანი პასუხისმგებელია იმ რეგიონზე და ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომელთაც ის აირჩიეს.
რა გვირჩევნია, პარტიის ლიდერთან იყოს კონკრეტული დეპუტატი პასუხისმგებელი, თუ ცოცხალ ადამიანებთან და ამ ქვეყნის მოქალაქეებთან? მე მგონია ჯობია ქვეყნის მოქალაქეებთან იყოს პასუხისმგებელი. რასაკვირველია, პარტიებს აწყობთ თავიანთ თავზე დამოკიდებული პიროვნებები ჰყავდეთ პარლამენტში. ამიტომაც ემხრობიან პროპორციულ სისტემას“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.