საქართველოს მთავრობას ენერგეტიკული კომპანიები უჩივიან. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გამანაწილებლები არბიტრაჟისგან ათეულობით მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვენ.
ორიოდე დღის წინ „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ენერგეტიკის სამინისტრომ საარბიტრაჟო შეტყობინება უკვე მიიღო და ამჯერად უწყება შესწავლის ეტაპზე იმყოფება. ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს. სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.
„შეტყობინება მოგვივიდა და შესწავლის ეტაპზე ვართ. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებოდით ყაზახურ მხარეს ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებაზე, ეს იყო ჩვენი სურვილიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.
„ყაზმუნაიგაზში“ კი ამბობენ, რომ პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს.
„შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება შეუძლებელია“, - აცხადებნ ყაზახურ კომპანიაში
2006 წელს „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზი“ 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა. 2009 წლის მდგომარეობით, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას.
„ლონდონის არბიტრაჟში სარჩელის შეტანა მოლაპარაკებების დასრულებას არ ნიშნავს, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი“, - აცხადებს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი სანჟარ შატაკაევი.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგა, კომპანია მზად არის სარჩელი უკან გამოიტანოს.
„ლონდონის არბიტრაჟში საქმის დაწყებას დროს სჭირდება. ერთი წლის წინ გაიგზავნა შეტყობინება. საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის წარმოებისთვის დრო კი გვქონდა, მაგრამ დიალოგი ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა. ამ ეტაპზე ყველაფერი იურიდიული პროცედურების შესაბამისად მიდის, მაგრამ ამით მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. თუკი შედგა შეთანხმება, სარჩელი უკან გამოვითხოვთ“, - ამბობს შოტაკაევი.
იგი სადავო თანხას არ ასახელებს, თუმცა არის ორი ვარიანტი: ან კომპანიის დაბრუნება, ან მისი გამოსყიდვა, ანუ ჩადებული ინვესტიციების დაბრუნება.
„ამ პერიოდის განმავლობაში, რაც კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გამოსყიდვის რამდენიმე მსურველი იყო, თუმცა ესეც ვერ მოხდა. მოკლედ, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს დაწყებული კომპანიის დაბრუნებით, დამთავრებული მისი გამოსყიდვით“, - განუცხადა „კომერსანტს“ შატაკაევმა.
ამასობაში ყაზახების კვალს გაჰყვნენ რუსებიც. „თელასის“ მფლობელმა „ინტერ რაომ“ ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით საქართველოს ხელისუფლებასთან საინვესტივიო დავა დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, კომპანიამ ზარალი ათობით მილიონ დოლარად შეაფასა.
„ინტერ რაოს“ ნიდერლანდური სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. საუბარია ათეულობით მილიონი დოლარის ზარალზე.
2016 წელს კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის შესახებ, განცხადებითაც მიმართეს, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.
ამ ფაქტს ენერგეტიკის სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, „ინტერ რაოს“ მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო პროცედურა დაწყებული არ არის და არც სარჩელია სასამართლოში შესული.
„საარბიტრაჟო პროცედურა ჯერ დაწყებული არ არის და ასეთი კორესპონდენცია სასამართლოში არ შესულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად გვეცოდინებოდა. მოსულია მხოლოდ ამ კომპანიების მოთხოვნის წერილობითი კორესპონდენცია, რასთან დაკავშირებითაც, დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, გვაქვს რესურსი და საშუალება, რაც ამ საკითხს მშვიდობიანი გზით მოაგვარებს და არბიტრაჟამდე საქმე არ მივა“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგები სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას არ მოახდენს.