ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პედრო აგრამუნტი სირიაში ვიზიტთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, გადადგომის შესახებ პარლამენტარების მოწოდებებს არ პასუხობს და განცხადებას საკუთარ სტატუსთან დაკავშირებით 28 აპრილს გააკეთებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პარლამენტარების კითხვაზე, ჩააყენა თუ არა სირიაში ვიზიტის შესახებ საქმის კურსში ესპანეთის მთავრობა, როგორც ესპანეთის სენატის წევრმა, დადებითი პასუხი გასცა.
ხოლო კითხვას, თუ რატომ არ შეატყობინა მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სირიის პარლამენტის მოწვევის შესახებ, პედრო აგრამუნტმა უპასუხა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ვიზიტის თაობაზე ბიურო და კომიტეტი საქმის კურსში არ ჩააყენა. აგრამუნტი აცხადებს, რომ რუსმა პარლამენტარებმა ის მოატყუეს. მისი განცხადებით, ეს კერძო ვიზიტი იყო და ასადთან შეხვედრას ევროპის საბჭოს საქმიანობასთან არანაირი კავიშირი არ ჰქონდა.
როგორც ირკვევა, აგრამუნტი რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთად სირიაში 20 მარტს იმყოფებოდა და ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოც გავრცელდა. ამ სკანდალის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც აგრამუნტთან ერთად სირიაში იმყოფებოდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადადგომას ითხოვს. როგორც დეპუტატებმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, მოთხოვნა სირიის პრეზიდენტთან მის შეხვედრას უკავშირდება. ისინი აგრამუნტს მოუწოდებენ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადადგეს.
სკანდალი სტრასბურგში მას შემდეგ დაიწყო, რაც სესიაზე იტალიელმა დეპუტატმა მიკელე ნიკოლეტიმ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთად სირიაში ვიზიტის გამო გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა. ნიკოლეტის განცხადებას დეპუტატთა ნაწილი ტაშით შეხვდა.
„აუცილებელია, რომ თქვენ გამოიჩინოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეთ ასამბლეის პრეზიდენტობიდან, რითიც იმის დემონსტრირებას მოახდენთ, რომ სერიოზულ შეცდოებს სერიოზული შედეგები მოსდევს“, - მიმართა აგრამუნტს მიკელე ნიკოლეტიმ.
ნიკლეტის განცხადებას სხვა დეპუტატებიც ანალოგიური შინაარსის განცხადებებით გამოემხაურნენ. საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ განცხადებები მისი თანაპარტიელების - ბრიტანელი, ავსტრიელი, ესტონელი, ლიტველი დეპუტატების მხრიდანაც გაკეთდა.
პედრო აგრამუნტის გადადგომას მხარს უჭერს ქართული დელეგაცია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ჯგუფში ფაქტობრივად ყველა წევრმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციის წევრებმაც მხარი დაუჭირეს, რომ პრეზიდენტი აგრამუნტი უნდა გადადგეს.
„პრეზიდენტის მიმართ ამ წუთში საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან დიდი უნდობლობა, დიდი კრიტიკა და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციისთვის სწორი იქნება, თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
რეგლამენტით პედრო აგრამუნტის გადაყენება და იმპიჩმენტის საკითხის დაყენება დეპუტატებს არ შეუძლიათ. შესაბამისად, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს თანამდებობა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტი წელიწადნახევრის წინ აირჩეს. ერთადერთი, ვინც მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ქართული დელეგაცია იყო, რატომაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციისგან ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა და უმცირესობაშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ფაქტის წინაშე დადგა ასამბლეა და ღიად ამბობს, რომ აგრამუნტი აღარ უნდა იყოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე.
პედრო აგრამუნტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასარგებლოდ ღია მხარდაჭერით გამოდიოდა, ეს მისივე განცხადებით დასტურდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საინაუგურაციო გამოსვლაში პრიორიტეტად პოლიტპატიმრების უფლებების დაცვა და მათი გათავისუფლება დაასახელა, მათ შორის, უკრაინელი ნატალია სავჩენკო და გიგი უგულავა მოიხსენია.
მოგვიანებით კი, პრეზიდენტად არჩეულმა აგრამუნტმა აღნიშნა, რომ მთავრობებს უბიძგებდა ნადია სავჩენკოსა და გიორგი უგულავას გათავისუფლებისკენ. მისი თქმით, ამ ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო, რუსეთსა და საქართველოში, სავჩენკო და უგულავა გაათავისუფლეს, ასევე აზერბაიჯანში გაათავისუფლეს სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პედრო აგრამუნტი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგა და მას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, „სახალხო პარტიაც“. ეკა ბესელიას თქმით, ღიად გაცხადებული უნდობლობა უკვე ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიყვანილი.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ღია მხარდაჭერით, მისი ღია განცხადებები და გალაშქრება ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მხარდაჭერითაც მოვიდა ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოზიციაზე, როდესაც ეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. დღეს მას მძიმე ვითარება აქვს, მის მიმართ ღიად გაცხადებული პოლიტიკური უნდობლობაა, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მათ შორის, მისივე პოლიტიკური ჯგუფი - „სახალხო პარტია“ უპირისპირდება მას.
ბუნებრივია, ჩვენც ვითხოვთ, რომ მან უნდა დატოვოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობა. ეს ბოლო პოლიტიკური პროცესი და ღიად გაცხადებული უნდობლობა აგრამუნტის მიმართ უკვე ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიყვანილი“, - აცხადებს ეკა ბესელია.