კრემლთან თანამშრომლობის კვალი ევროსაბჭოში

კრემლთან თანამშრომლობის კვალი ევროსაბჭოში

"ევროსაბჭოში დიდი სკანდალია. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი იძულებულია, თანამდებობიდან გადადგეს, მიზეზი - რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდება. ის ადრეც იყო შემჩნეული არცთუ ზნეობრივ ქცევებში, მაგრამ მაშინ თავის დაძვრენა შეძლო. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მისმა საქციელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და, სავარაუდოდ, თავის მაღალ სავარძელს დაემშვიდობება. საუბარია იმაზე, რომ ევროპელი მაღალჩინოსანი 20 მარტს რუს დეპუტატებთან ერთად სირიაში იმყოფებოდა და შეხვდა ბაშარ ალ ასადს, თან ისე, რომ ამის შესახებ ევროპაში მხოლოდ პოსტფაქტუმ, რუსული საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს. საპარლამენტო ასამბლეის წევრები სწორედ რუსებთან და სირიის პრეზიდენტთან გვერდით დგომის გამო აიძულებს აგრამუნტს, დატოვოს თანამდებობა "საკუთარი ნებით". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ გადადგომაზე განცხადებას პარასკევს, 28 აპრილს გააკეთებს, მხოლოდ ერთი პირობის შესრულებით, 27 აპრილს პრეზიდენტის რანგით საპარლამენტო ასამბლეაში უმასპინძლოს თანამემამულე ესპანეთის მეფის ვიზიტს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით კრემლთან თანამშრომლობის კვალი ევროსაბჭოში/საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქციელი ევროპის პოლიტელიტის სახეში შეფურთხებად შეფასდა.

"ესპანელი პოლიტიკოსის თანამდებობიდან გაშვებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აკეთებს ერთგვარ პრინციპულ განაცხადს, რომ რუსეთთან ასეთი სახის მეგობრობა არის ზღვარს გადასული საქციელი, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ბოლო წლებია, დასავლეთში ძალიან გამწვავდა რუსული მესამე ძალის საკითხი და, ანალიტიკოსების თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების რუსების მიერ მოქრთამვაც ახალი არ არის, თუმცა ევროპის საბჭოში, თან მაღალი თანამდებობის პირის მიმართ ამგვარი სკანდალი პირველად მოხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ძალიან აქტიურად მუშაობს და ეს დამაფიქრებელია. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რუსეთი რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად ევროპელ პოლიტიკოსებთან აქტიურად მუშაობს და მოქრთამვებიც ხდება, კულუარულად ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ასე პირდაპირ დაედანაშაულებინოთ რუსეთთან თანამშრომლობაში მაღალჩინოსანი, თანაც ასეთი რანგის, ამგვარი სკანდალური რამ არ მომხდარაო", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთი აქტიურად მუშაობს დასავლეთში. ევროსაბჭოში ადრეც იყო ცოტა განსხვავებული პრეცედენტი, როდესაც რუსეთმა მოახერხა, ევროსაბჭოში საკუთარი ინტერესები გაეტანა. ეს ეხებოდა ჩეჩნეთის ომში. მაშინ, როდესაც რუსეთის სამხედრო ოპერაციების გამო ჩეჩნეთში 200 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს, გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, ხმის უფლება შეუწყდა, თუმცა 2002 თუ 2003 წელს რუსეთმა შეძლო, აქტიურად ემუშავა, გარიგებებით დეპუტატებში მომხრეები ეპოვა და მას ხმის უფლება აღუდგა. რუსები ასე მარტო ევროპის საბჭოში არ მუშაობენ, ეს ყველა დასავლურ სტრუქტურაში ხდება. კონკრეტულად კრემლი ვისთან მუშაობს, ეს პიროვნულ დონეზე არასდროს გახმაურებულა, მაგრამ ფაქტები აჩვენებს, რომ გარიგებები ხდებოდა და ხდება. რიგ შემთხვევაში ამ აქტიურობას რუსებისთვის შედეგი მოაქვს, რიგ შემთხვევაში ვერ ახერხებენ. როგორც ჩანს, მოსკოვი ახლა ძალებს არა რიგით დეპუტატებზე, არამედ პირდაპირ მაღალი თანამდებობის პირებზე სინჯავს და ეს სკანდალიც ამაზე მეტყველებს," - აღნიშნავს ჩიტაძე. ის იხსენებს იმას, რომ წლების წინ საქართველოსაც ჰქონდა პრობლემა ავსტრიელ დიპლომატ ვალტერ შვიმერთან (რომელიც უფრო ადრე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იყო) და ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მეთაურ ასლან აბაშიძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, თუმცა ამ პრეტენზიებს მაშინ არანაირი შედეგი არ მოუტანია", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ სირიის ისტორიის გამო სკანდალი 21 მარტს დაიწყო, როდესაც რუსეთის "პირველი არხის" ცნობით, 20 მარტს დამასკოში ჩავიდა "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებისა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია", რომელსაც პედრო აგრამუნტი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრინდა. ასამბლეაში ამ ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდნენ. უფრო მეტიც, აგრამუნტი ცალკე შეხვდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს და, რა თქმა უნდა, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ეს შეხვედრა სირიის მთავრობისადმი საერთშორისო მხარდაჭერად შეაფასეს. სირიაში ამ სკანდალურ მოგზაურობას მოჰყვა საპარლამენტო ასამბლეაში დიდი პროტესტი და ორშაბათს, როგორც კი საგაზაფხულო სესია გაიხსნა, პარტიებმა აგრამუნტის გადაყენებაზე კენჭისყრის ჩატარება მოითხოვეს. იმდენად მწვავე გამოსვლები იყო, რომ აგრამუნტი იძულებული გახდა, სესიის თავმჯდომარეობაზე დროებით უარი ეთქვა", - განაგრძობს გამოცემა.

"საპარლამენტო ასამბლეის წევრები აცხადებენ, რომ აგრამუნტის ვიზიტი რუსეთის დელეგაციასთან ერთად არის ევროპის პოლიტიკური ელიტის სახეში შეფურთხება, რადგან ის არ წასულა, როგორც ინდივიდუალური დეპუტატი, ესპანელი კანონმდებელი, არამედ როგორც პასეს პრეზიდენტი. ასადი კი მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქიმიური თავდასხმა განახორციელა. ამიტომაც ასადის გვერდით დგომა პრეზიდენტს არ უნდა ეპატიოს. მართალია, აგრამუნტმა ბოდიშიც მოიხადა და შეცდომა უწოდა ამ ისტორიას, თუმცა ასამბლეის წევრები მის გადაყენებას კატეგორიულად ითხოვენ. აგრამუნტის გადაყენება მოითხოვა ყველამ, მათ შორის - საქართველოს დელეგაციამაც. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა არ ითვალისწინებს იმპიჩმენტის პროცედურას, მაინც იძულებული გახდა, დაჰყოლოდა ევროპელი პოლიტიკოსების მოთხოვნას და თანამდებობიდან წასვლაზე ნებით ეთქვა თანხმობა", - წერს ავტორი.

"საგულისხმოა ის, რომ პედრო აგრამუნტის საეჭვო რეპუტაციაზე საუბარი გასულ წელს უკრაინის დელეგაციამ დაიწყო, იმის გამო, რომ აგრამუნტი ღიად აცხადებდა რუსეთის პოლიტიკოსებისათვის სანქციების მოხსნის აუცილებლობაზე, რომელიც ასამბლეის მიერ იყო დაწესებული. მაშინ ეს პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. უფრო მეტიც, აგრამუნტს იანვარში მანდატი გაუგრძელეს კიდეც. ესპანელი პოლიტიკოსის მიმართ კრიტიკა მანამდეც არსებობდა. ის მთავარი ფიგურანტი იყო ასამბლეაში პოლიტიკური კორუფციის გამოძიების საქმეში, რომელიც აზერბაიჯანიდან ქრთამის აღებასა და რუსეთის ინტერესებს ეხებოდა, თუმცა ის ამ სკანდალიდან დიპლომატიის წყალობით გამოძვრა, ახლა კი კულმინაციას აგრამუნტმა თავი ვერ დააღწია", - დასძენს გამოცემა.