კონსტიტუციის ახალი პროექტით, ქვეყანა სრულად გადავა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომლის დროსაც გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას რჩება.
მართალია, ახალი პროექტის სახალხო განხილვის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი, თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილს საკუთარი დამოკიდებულება უკვე გააჩნია. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პროგრესულია, მაგრამ იმ ქვედინებების გათვალისწინებით, რაც ახალ პროექტშია, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული საარჩევნო წესი მივიღოთ.
სოსო ცისკარიშვილი: „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისთავად არის მისასალმებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის მხოლოდ ფარდა, რომლის უკანაც ჩანს ის გზა, თუ როგორ მიიღონ ამ კონსტიტუციის ავტორებმა უფრო მეტი ხმა. აბსოლუტურად არადემოკრატიულია ის, რაც აისახა ახალ კონსტიტუციაში, ვგულისხმობ გადაუნაწილებელ მანდატებს, - ეს არის აბსოლუტურად თავხედური განაცხადი, - „მე ვარ და ჩემი ნაბადი“. არანაირი დისკუსია ამაზე არ ყოფილა. ნაცვლად იმისა, რომ ჯერ გაეგო „ქართულ ოცნებას“, რას ფიქრობს ხალხი და მერე ემუშავა კონსტიტუციაზე, მოხდა პირიქით - „ჯერ დავწერ, მერე მოგიყვები და შენ უნდა გაგიხარდეს“,- ეს არის ის რეცეპტი, რომლითაც აპირებს „ქართული ოცნება“ გაიტანოს კონსტიტუციის ის ვარიანტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციონალიზმი დამბლას განიცდის ჩვენს ქვეყანაში“.
ექსპერტ, ზაალ ანჯაფარიძეს კი არგუმენტი მოჰყავს რომლითაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობას ადასტურებს.
ზაალ ანჯაფარიძე: „ჩემი სუბიექტური აზრით, ახალი საარჩევნო სისტემის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მთლიანად გადასულია პროპორციულ სისტემაზე. ამ სისტემის წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ არჩევნები მაჟორიტარული წესით უნდა ტარდებოდეს, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ამომრჩეველმა იცოდეს, ვის ირჩევს პარლამენტში. პარტიული სიებით არჩევა ზრდის იმის შანსს, რომ პარლამენტში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ თავიანთი მონაცემებით პარლამენტარის მანდატის ფლობის უფლებას. პარლამენტარის მანდატი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ისინი წყვეტენ ქვეყნის პოლიტიკას, მათ ხელშია ის საკვანძო გადაწყვეტილებები, რაც მიიღება ქვეყანაში“.
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, კითხვებს იწვევს ის ნაწილი, რომელიც გადაუნაწილებელ მანდატებს ეხება - კონკრეტულად პუნქტი, სადაც ჩაწერილია, რომ მანდატები მიაქვს პირველ ადგილზე გასულ პარტიას.
„არსებობს უამრავი ვარიანტი იმისათვის, რომ მიღებული იქნას კომპრომისული გადაწყვეტილება, მაგალითად ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს გადაუნაწილებელი ხმების პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის გადანაწილება იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის მინიმალური განსხვავება იქნება. პროცენტების ნაწილში კიდევ შეიძლება შეჯერდეს“ - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე შეფასებით, ბლოკების შექმნაც შეიძლება იყოს დაშვებული იმ შემთხვევაში, თუ მათთვის დაწესდება უფრო მაღალი ბარიერი.
„გასაგებია, რომ ბლოკში გაერთიანებულ რამდენიმე პარტიას უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ერთს, ცალკე აღებულს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყება კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა, მმართველი პარტია უფრო მეტ კომპრომისზე წავა“,- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
თუმცა, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ეს თემა ნაკლებად აქტუალურია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც ლუკმა-პური აქვს საფიქრალად. სწორედ ამიტომ შესაძლოა, მასობრივი პროტესტი და დიდი მღელვარება მართლაც არ მოჰყვეს ახალი საარჩევნო წესის დაკანონებას, მაგრამ ხელისუფლებას თუ ნამდვილად აღელვებს ქვეყნის მომავალი, დემოკრატიული არჩევანის გასაკეთებლად დიდი შეძახილებიც არ უნდა სჭირდებოდეს.
სოსო ცისკარიშვილი ნაკლებად არის დარწმუნებული, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასეთ არჩევანს გააკეთებს გამომდინარე იქიდან, რომ „პრაქტიკულად, კანონმდებლობას ისე ირგებს „ქართული ოცნება“, როგორც ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა“.
„მას არ აქვს მიდრეკილება, დააბრუნოს რეფერენდუმი, რომელიც, პრაქტიკულად, აკრძალა წინა ხელისუფლებამ (იმ მიზეზით, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს გაერთიანებულ საქართველოში), ახლაც არანაირი სურვილი რეფერენდუმის აღდგენისა არ ჩანს. ხალხს კვლავ არ აქვს საკუთარი ხმის ხელისუფლებისათვის მიწვდენის საშუალება. ამის გათვალისწინებით ხალხი უკვე აღარ ფიგურირებს როგორც სუბიექტი და უკვე სიყალბის ნიშნები ჩანს ფრაზაში - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვთანხმდებით“ - 100 პარლამენტარიც რომ ჰყავდეს ერთ პარტიას - 100 კაცი ხალხი არ არის. საქართველოს მოქალაქეებს არავინ არაფერი ჰკითხა და „ქართული ოცნებაც“ ისე აგრძელებს ხალხთან ურთიერთობას როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ - მივა სამი-ოთხი პარლამენტარი საკრებულოში ან რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, ამას დაარქმევენ სახალხო განხილვას და აღმოჩნდება, რომ ყველა ბედნიერია იმ გაუგებრობით, რასაც ეძახიან საქართველოს კონსტიტუციას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
კიდევ ერთი იმედი, რომ ხელისუფლებამ შენიშვნები გაითვალისწინოს, ოპოზიციისთვის ვენეციის კომისიაა. გუშინდელ სხდომაზე კითხვაც დაისვა, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შენიშვნას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება?
უმრავლესობის პოზიცია დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გამოხატა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონსტიტუცია არის ჩვენი, სახელმწიფოსი. იგი ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიების ელექტორატთან აქვთ პრობლემა და ამას საკონსტიტუციო ჩანაწერი ვერ გადაწყვეტს.
„ვის აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და ვის აქვს ამის შესაძლებლობა? - რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, იკითხებოდა კიდეც, რომ რაღაც პერიოდის მერე გარკვეული ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მაგრამ საქმე ნაწერში არ არის - მათი პრობლემა ელექტორატთან ურთიერთობების სახით არის. მათი პრობლემაა, როდესაც ადამიანები ხმას არ აძლევენ... რა კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა გაჩნდეს ისეთი, რომ თუ ადამიანს აქვს უნარი არჩევნებში წარმატების მიღწევის, ამ ჩანაწერმა ხელი შეუშალოს?! ჩვენ ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით. ის რომ, ვიღაც პარტიას არ მოსწონს რაღაც სისტემა, ეს სისტემის ბრალი არ არის, მათი პრობლემაა. სამკაციან პარტიას რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს? - ამიხსენით. თუ ადამიანებს არ აქვთ უნარი, 20 წლის განმავლობაში 2%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღონ, რა უნდა ჩავწეროთ იმისთანა კონსტიტუციაში, რომ მათ მეტი წარმატების მიღწევის საშუალება მივცეთ?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ამ აზრის მქონეს როგორც ჩანს, გონებაჩლუნგად მიაჩნია მთელი საზოგადოება.
„ეს არის უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების, როდესაც ხმას ვაძლევ ერთ ადამიანს და მას მეორე მიიტაცებს, ეს ჩემი უფლების დარღვევაა. ეს უკვე სასამართლოს გასარჩევი საკითხი გახდება. თუ ჩვენი სასამართლო არ გაუმჯობესდა და მეტი ნდობა არ მიიღო ხალხისგან, გამოდის, რომ მეორე სასამართლოს დაფუძნება მოუხდება სტრასბურგს მხოლოდ საქართველოს საქმეების გასარჩევად“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
გამოდის, რომ ჩვენს მოცემულობაში უმჯობესი იქნებოდა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, ვიდრე უფრო პროგრესული, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი მომავალი - ოთხი, ჩვენს რეალობაში ათი თუ ოცი წლის განმავლობაში. მართალია, ქართულ სინამდვილეში არც მაჟორიტარული სისტემა ყოფილა ოდესმე სრული ნდობისა და გამჭვირვალობის გარანტი, მაგრამ შანსი, რომ კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში მოვხვდეთ, საკმაოდ მაღალია.
„თან უფრო გაიიოლა საქმე „ქართულმა ოცნებამ“ - ძნელია ჯერ შერჩევა, ახლა არჩევნებზე გაყვანა 70 მაჟორიტარისა, თან ეს ფინანსებთანაც არის დაკავშირებული, დროსა და ძალისხმევასთანაც. ახლა მაჟორიტარები აღარ იქნებიან, მაგრამ ეს ადამიანები ისეთივე წესით ახლა სიაში იქნებიან ჩაწერილი და უფრო მეტი იქნება მიტმასნილი წევრი“ - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი თემა, რადგან პრაქტიკულად, კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლების შეცვლა იქნება ხელმიუწვდომელი პოლიტიკური და დემოკრატიული სივრცის გამოყენებით.
„არჩევნების გზით ასეთი ავტოკრატია, რომელიც დამყარდება საქართველოში ათეულწლებით შეიძლება გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში 20/30-ის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვაცნობეს საჯაროდ, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს გადაკეთების გზა, ოღონდ როგორც ჩანს, არასასიკეთოდ“- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.