ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, პარტია დაჯარიმდება. ბიბილაშვილის განცხადებით, ცესკოს ინიციატივა - წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა იმ პირის მხრიდან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, დარღვევად იყოს მიჩნეული, კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამს.
„კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც - კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ქვეყნიდან გააძევა, მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და 7 პიჯაკის შეძენის გამო დევნის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს. ამ ნაბიჯით ცესკო ადასტურებს, რომ ის ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ვერ განიხილება არჩევნების ჩამტარებელ დამოუკიდებელ უწყებად“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა ბიბილაშვილმა.
საარჩენო კოდექსში ასეთი ჩანაწერის აღსრულება არარეალურად მიაჩნია პრეზიდენტს და თვლის, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არჩევნებია, მოსახლეობა თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას.
„ეს ცოტა არარეალური ჩანაწერია. არარეალურად გვეჩვენება, რომ ასეთი ჩანაწერი ამოქმედდეს. რა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არჩევნებია, მოსახლეობა თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუმცა ამ კონკრეტულ ჩანაწერზე ჩვენი პოზიცია ის არის, რომ აღსრულება ცოტა არარეალურია“, - თვლის გიორგი მარგველაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებს არ იცნობს პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა გამორიცხავს, რომ მის მიზანს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯარიმება წარმოადგენდეს. „ცესკო-ს მხრიდან შემოსული იყო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოიწონა კომიტეტმა წინადადების დონეზე. ამის საფუძველზე ინიციატივა შევა საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება რეგულაციებს, მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ ჯერ - გავეცნობი. მე არა მგონია, რომ ეს იყოს აქტუალური საკითხი, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას კამპანიაში - არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა ექნება სააკაშვილის სიტყვას ის ფასი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე. აქედან გამომდინარე, ამ მიზანს, მით უმეტეს, ცესკო-ს წინადადება თუ არის, მე გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება ისეთი შემთხვეევები, როდესაც, მაგალითად, „ევროპის სახალხო პარტია“ განცხადებას გააკეთებს.
„რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებზე - როდესაც EPP-ის ან რომელიმე სხვა ევროპული პარტიის წარმომადგენელი ჩამოდის და განცხადებას აკეთებს - აქ საუბარი ვერ იქნება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არ უნდა დაჯარიმდეს შესაბამისი სუბიექტი. როგორც კი დეტალებში გავერკვევი, გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ საქართველოს მოქალაქე აირჩევს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას და სამართლებრივ კავშირს გაწყვეტს თავის ქვეყანასთან, ასეთ შემთხვევაში კარგავს პოლიტიკურ უფლებებს. შესაბამისად, იმ სახის მხარდაჭერის, რომელიც გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ უცხო ქვეყნის მიერ საჯარო და ფინანსური მხარდაჭერის გამოხატვა დასჯადი უნდა იყოს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებს გაატარებს. სააკაშვილის შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ უკრაინის ინტერესებს გაატარებს, მაგრამ ვერც მაგას გეტყვით, გაატარებს თუ არა საქართველოს ინტერესებს, რადგან საქართველოს ინტერესებს მაშინ არ ატარებდა, როდესაც საქართველოს მოქალაქე იყო. ამდენად, იურიდულ ნორმას თუ გავყვებით და ვიტყვით, რომ კანონი უნდა დავიცვათ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ერევა საქართველოს საქმეებში და ცდილობს შეცვალოს პროცესები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ანალოგიური სიტუაციაში თავად სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებდა არა მარტო ნორმის დაცვით, არამედ ცეცხლით და მახვილით, ოღონდ მეტოქე ჩამოეცილებინა და სწორედ იმიტომ, რომ ამ ნორმაზე ჰქონდა გათვლა.
„რაც შეეხება დღევანდელ პირობებში ივანიშვილის ინტერესს, რომ ამ გზით ცდილობს სააკაშვილი ჩამოიცილოს პროცესებს, ამ ბრალდებას ლოგიკური საფუძველი არ აქვს, რადგან სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოახერხა ივანიშვილმა მისი დამარცხება. 2016 წელს უსააკაშვილოდ, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკური მხარადაჭერის ფონზეც დაამარცხა „ნაცმოძრაობა“. რაში უნდა სჭირდებოდეს სააკაშვილის პროცესებიდან ჩამოშორება?
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერი წარმოაჩინოს როგორც ივანიშილის სურვილი, როგორმე დაჯაბნოს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. მათ ივანიშვილის სურვილი არ სჭირდებათ, ისედაც დაჯაბნული არიან, ქართული საზოგადოება უარყოფს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ჟურნალისტებს შეახსენონ თავი, თორემ მათი განცხადებების რეალობა თვალს არავის უჭრის.
ნაწილობრივ ახერხებენ, რომ საზოგადოების თვალში მოამწიფონ აზრი, რომ აი, ყველაფრის დაუფლება უნდა ივანიშვილს. თუმცა, ასეთი აზრი, მომწიფების შემთხვევაშიც, „ნაცმოძრაობას“ არც ერთ ხმას არ მატებს. „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკური ამომრჩეველი, პოზიციას „ნაცმოძარაობის“ სასარგებლოდ არ იცვლის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი იხსნებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წელს ძალით წაართვა საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს, მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ კრძალავდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე პოლიტიკური უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
„თუ სააკაშვილს პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი აქვს, ჯერ პასუხი უნდა აგოს. ის არის ძებნილი, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ჩამობრძანდეს საქართველოში, გაასამართლებენ და ამის მერე ვიფიქრებთ, დავუბრუნოთ თუ არა მოქალაქეობა, რაც რასაკვირველია, დადებითად ვერ გადაწყდება. მოქმედი კანონმდებლობით, თუ საქართველოს მოქალაქე აირჩევს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას და გაწყვეტს სამართლებრივ კავშირს თავის ქვეყანასთან, ის კარგავს პოლიტიკურ უფლებებს. სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი დიდი თავის ტკივილია. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას უკრძალავს, ის მაინც მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი კავშირი აღარ აქვს, უფლებებით და ვალდებულებებით აღარ არის საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებული, უფლება არ აქვს ჩაერთოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რადგან, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა.
„ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ მიზანია ქართველი ამომრჩევლისთვის თავ-გზის აბნევა. წლების განმავლობაში რასაც თვითონ სჩადიოდნენ, იმის სხვისთვის გადაბრალება. პოლიტიკური ბარიერების შექმნა, დისკრიმინაცია, პოლიტიკური დევნა და ა.შ. ეს ყველა მათი მოგონილია. თვითონ აფუჭებენ საქმეს და მერე სხვა აბრალებენ.
ასეთია მათი სტილი, ამას არ მოიშლიან. რაც იციან იმას აკეთებენ, მეტი არც არაფერი იციან. ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა, როდესაც ქვეყნიდან გაქცეული დამნაშვე ამბობს, მომეცით უფლება მონაწილეობა მივიღო საქართველოს პოლიტიკაშიო. ეს მაშინ, როდესაც მისივე ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და ამით დაამთავრა ყველანაირი სამართლებრივი უფლება საქართველოსთან“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.