სანამ თეიმურაზ შაშიაშვილი თავს “გაითეთრებდა” და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლად მოგვევლინებოდა, მანამდე ქუთაისელებს შეუსმენარ გუბერნატორად, სასტიკ გამგებლად დაამახსოვრა თავი.
ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ერთი საწყალი კაცის თავის დაწვას და ოჯახის გაცამტვერებას აყვედრიდნენ:
ქუთაისში მცხოვრებმა, გურამ ბარათელმა, სასტიკი განაჩენი საკუთარ თავს მას შემდეგ გამოუტანა, რაც გუბერნატორის თავდასხმებისგან მობეზრებულმა, უკვე საშველდაკარგულმა, იგრძნო შაშიაშვილი უკან არ იხევდა და საბოლოოდ, შემოსავლის წყაროს გარეშე ტოვებდა.
ყოფილი გუბერნატორის ასეთი “ხატება” დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავდება.
“თეთრების” ლიდერი ტელე-ეთერით, რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ დამსახურებებზე და მათ შორის, ღარიბი ხალხისთვის ბინების გადაცემაზე აკეთებდა აქცენეტებს. როგორც ჩანს, უკვე ქუთაისს გარიდებულმა შაშიაშვილმა თავი უსაფრთხოდ დაიგულა და სხვების მსაჯულად იქცა.
როგორც ყოფილი გუბერნატორი ირწმუნება, ორმაგი თამაშები არ უყვარს. აი, მაგალითად, დღემდე ვერ პატიობს შევარდნაძის ყოფილ თანაგუნდელებს სააკაშვილთან ფარულ ალიანსს, “სამართლიანობამ რომ იზეიმოსო”- ჩვეული პათეტიკით განაცხადა და “მაკომპრომეტირებელი” ფირიც გამოამზეურა. ეს სულ სხვა თემაა და უბრალოდ, შაშიაშვილის ახალი სახის წარმოსაჩენად მოვუხმეთ
გასეირნება ექს-გუბერნატორის წარსულში
რა თქმა უნდა, ქუთაისის თავკაცობა იოლი საქმე არ არის და ამით გამოწვეული ამბიციებისთვისაც არავინ დაიზრახება. მით უფრო, თუ ამბიციები სასიკეთო საქმეს მოხმარდება. ისე, თანამდებობა, მდგომარეობა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეები სწორედ რომ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ანიჭებდა ზედმეტ უფლებებს. ქუთაისელებიც თავდებად უდგებიან ბარათელის, ანუ იმ საწყალი კაცის ოჯახს და აცხადებენ, ხშირად შევსწრებივართ შაშიაშვილების უსამართლო საქციელს ამ ოჯახის მიმართო.
კერძოდ, დეა მჭედლიშვილი, – ეს სახელი და გვარი განყენებულად არაფერს გეუბნებათ, მაგრამ თუ “რეგალიებსაც” დავუმატებთ, ანუ, გუბერნატორ შაშიაშვილის მეუღლე, – უკავშირდებოდა ბარათელებს და საკუთრებას ედავებოდა, კონკრეტულად, დარბაზიდან წილს თხოვდა. ამის მომსწრე ბარათელების ერთ-ერთი მეზობელია. იგი ვინაობის გამხელისგან გასაგები მიზეზების გამო თავს იკავებს.
ისე, გუბერნატორს ხასიათის ე.წ. ცვალებადობა ქუთაისის თავკაცობის ჟამსაც ახასიათებდა, თურმე. ხან “სანამ ქუთაისში ვარ ბარათელების ოჯახს არ გავახარებო, ხან კიდევ, სახლში მისვლა მეზარება დედა ამათ, ბარათლების, უბედურებაზე მიჩიჩინებსო” ასეთი გულმოწყალე ბატონის სახე შაშიაშვილმა ადგილობრივი გაზეთ “ქუთაისში” გამოქვეყნებული ინტერვიუს დროს მოირგო. თუმცა მისმა ნაკეთებმა სხვაგვარი გუბერნატორი დაგვანახა, ასე მაგალითად, ბარათელების კუთვნილი სარიტუალო დარბაზის ასაწიოკებლად მისულ პოლიციას გუბერნატორი შაშიაშვილი არა ერთხელ გაძღოლია წინ.
რაც შენია შენია?
ჯერ კიდევ აქტუალურად და მეტად შთამბეჭდავად ჟღერს ახალი კანონი “რაც შენია შენია”.
პრეზიდენტ სააკაშვილის 2007 წლის 15 სექტემბრის 525 ბრძანებულების საფუძველზე ბარათელებს საკუთრებაზე უფლება უმტკიცდებათ. მით უფრო, ქონების მესაკუთრე ეკონომიკის სამინისტროა, ამ ინსტანციაში გაითვალისწინეს განათლების სამინისტროს პოზიცია, დარბაზის ფართი მიეკუთვნოს ბარათელების ოჯახს, წინააღმდეგი ფაქტობრივად აღარავინ რჩებოდა, თუ არ ჩავთვლით, მერიის და შაშიაშვილის ურთიერთშეთანხმებულ წინააღმდეგობას.
როგორ იზრუნა სარდაფიდან კეთილმწყობილ დარბაზად ქცევისათვის ოჯახმა და იყო თუ არა, ბარათელების საკუთრება უკვე დარბაზად ქცეული “ჯადოსნური ფერია”, ამით გუბერნატორი არ დაინტერესებულა.
არადა, 1991 წლამდე, 36-ე სკოლის შენობის სიახლოვეს, იზოლირებულ სარდაფში ცხოვრებას მხოლოდ თაგვები თუ ეგუებოდნენ. ბარათელების ოჯახმა უპატრონოდ მიტოვებული ფართი საცხოვრებელს დაამსგავსა. მიუხედავად იმისა, რომ ფართი სკოლის ბალანსზე არ ირიცხებოდა, მაშინდელ დირექტორს იაზ ჭურაძეს სიტყვიერად გაურიგდა და ყოველთვიურ ქირას უხდიდა კიდეც. ჭურაძის და ბარათელების იდილიამ წლების განმავლობაში გასტანა, თუმცა მოულოდნელად დირექტორმა „კეხი იცვალა“, განათლების სამინისტროში დაწინაურდა და რატომღაც გარიგებაც დაივიწყა.
ჭურაძის ადგილი რუსუდან ჭეიშვილმა დაიკავა. ახალი დირეტორიც ჩახედული იყო საქმეში, გარიგების დეტალები სულ ზეპირად იცოდა, ამ შეთანხმების დროს, ჭურაძის ერთგვარი თანაშემწე, სკოლაშიც მეორე პირი, ანუ სასწავლო ნაწილი იყო. ასე და ამგვარად, სკოლის ადმინისტრაციას ერთ ხანობას მოსწონდა გარიგება, ქირითაც კმაყოფილნი იყვნენ, ღონისძიებებს და თავყრილობებსაც ესწრებოდნენ.
ამ თავყრილობის კადრები ადგილობრივი პრესის არქივში, კერძოდ, გაზეთ “ქუთაისშია”.
დროთა განმავლობაში იდილია შეიცვალა, ქირის გარდა, ადმინისტრაციას “ჯადოსნურ ფერიაში” გამართული რიტუალების თანხიდანაც მოუნდა წილი. საჩივარი საჩივარზე იწერებოდა, ბარათლების ოჯახმა გაგვაცურა, ახლა ფული გაბონებულია და ქირასაც ძველი კურსით გვიხდიანო, ა.შ. და ა.შ.
საგულისხმო გარემოება
რიტუალები, კერძოდ, ბანკეტები, ქორწილი, ქელეხი და სხვა ღონისძიებები შაბათ-კვირას ტარდებოდა. ასე რომ, სასწავლო პროცესს არ უშლიდა ხელს, თანაც ფართი ფაქტობრივად ცდებოდა სკოლის შენობას, იზოლირებული იყო.
სანამ სარდაფს დარბაზს დაამსგავსებდნენ ოჯახმა დიდი ჯაფა გასწია “გამოტეხილია ღიობები და ხვრელები, გარღვეულია ბეტონის საძირკველი ღიობისათვის, ამოღებულია სარდაფიდან 270 “კრაზის” ტიპის მანქანის ტევადობის ყამირი, მოწყობილია აგურის ტიხრები, დამონტაჟებულია ლითონის კარკასი, კონსტრუქციები, ხელით მოსანდაკებულია იატაკის ფართი, მოწყობილია ხის ფენილი სცენისათვის და კიბეები მონოლითური ბეტონისგან, დამონტაჟებულია ლითონის კარის ბლოკი, გაკრულია დეკორატიული პანოები”- წერს სასამართლოს მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისია. ასევე საგულისხმო ფაქტია, სასამართლომ ბარათელების ოჯახი ამ დავაში გაამართლა.
თუმცა მერია შეუვალია და არაფრით იცვლის პოზიციას უფრო მეტიც, ქალაქის მერის მიერ 04.10.96 წლის N630 განკარგულებით შექმნილი კომისია 5 კვ.მ. ტერიტორიის მიწის 3 მეტრიან ფენის ხელით გამოტანას 33 ათასი ლარის ნაცვლად 311 ლარად, რკინის კარებს, რომლის ღირებულება არანაკლებ 300 ლარია-4 ლარად, ხოლო იატაკის 100 კვ.მ. ფართობის მოშანდაკებას მასალით სულ 53 ლარად აფასებენ.
თუმცა, მერიის საწინააღმდეგოდუნდა ითქვას- სასამართლოდან გამოყოფილ კომისიაში მონაწილე სპეციალისტებმა სკოლის შენობის გამოუყენებელ იატაკქვეშა ფართში სარიტუალო დარბაზის კეთილმწყობისათვის შესრულებული საამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები 48988 აშშ დოლარად, ანუ 62705 ლარად შეაფასეს. ეს მონაცემები კომისიის დასკვნაშია შეტანილი.
ხალხი და სამართალი
სარიტუალო დარბაზი “ჯადოსნური ფერია” 1991 წლის 3 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა, საზეიმო ლენტი გაჭრა საკრებულოს მაშინდელმა მდივანმა ომარ ნიშნიანიძემ, პროფესორმა დავით ბრეგაძემ, ყოფილმა სასწავლო ნაწილის გამგემ-რუსუდან ჭეიშვილმა,სკოლის მაშინდელმა დირექტორმა იაზ ჭურაძემ. დარბაზს წვევია თერჯოლის გამგებელი გიორგი ამირანაშვილი და შთაბეჭდილებების წიგნში სახსოვარი დაუტოვებია.
ამ ე.წ. ოფიციალური მხარის მიუხედავად, გუბერნატორი მაინც “თავისას”, ანუ წილს ითხოვს.
“მე და ჩემს მეუღლეს სამი წლის მანძილზე მზის შუქი არ გვინახავს, გარეთ გასვლა გვეშინოდა, იმიტომ რომ, შაშიაშვილი იყო ჩასაფრებული და საკუთრების გარეშე დაგვტოვებდა” - აცხადებს თინათინ ბარათელი.
გასახლების მცდელობა არაერთხელ ყოფილა, პირველად 2001 წელს, პოლიციას შაშიაშვილიც ახლდა, უფრო სწორი იქნება, მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან, თუ ვიტყვით, მიუძღოდა, ამის შემდეგ, 2003 წელს, როცა მერიისგან შეგულიანებული პოლიცია მიეჭრათ, ბარათელებს ხალხი დაუდგა გვერდში.
ვაკისუბანში 12 ათასი მცხოვრებია, აქედან, 3 ათასზე მეტი კაცი პოლიციის და მერიის წინააღმდეგ, საწყალი ხალხის დასაცავად გამოვიდა, “ბავშვებს ტრაილერეებში უსვამდნენ, გაზიდული ავეჯი უკან შემოიტანეს, ქვებით ემუქრებოდნენ”,- აცხადებს ბარათელების ერთ-ერთი მეზობელი.
ასე რომ, პოლიციამ მერიის ნება ვერ აღასრულა. სწორედ, ამ დროს, გადაისხა 5 ლიტრი ბენზინი ოჯახის უფროსმა და ანთებული ასანთიც ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. იმ ჯერზე, ბარათელები დაწიოკებას გადაურჩნენ.
3 წლის შემდეგ, 2006 წელს, როცა ოჯახი სოფელში იყო წასული მუხანათურად მიუხტნენ და ბარათელების ნაჯაფი ქონება გააცამტვერეს. დარბაზში აღარაფერი დატოვეს. ბარბაროსულად გაუსწორდნენ ოჯახს, “თუ რამე გაგვაჩნდა ოჯახის ინვენტარი, ჭურჭელი... ყველაფერი დარბაზში გვქონდა და ახლა, უპოვარები სამართალს ვითხოვთ.
მიწის ხალხი ვართ, შაშიაშვილი სხვა გამავლობის კაცია, ვიცი, თუმცა იმედს არ ვკარგავ, იქნებ, ჯაფამ უკვალოდ არ ჩამიაროს და სამართალმა მართლაც იზეიმოს”, -იმედოვნებს თინათინ ბარათელი.
რაც შეეხება, ყოფილ გუბერნატორს, შაშიაშვილი “პრესა.გეს” კითხვებზე პასუხს არ მოერიდა:
სკოლის სიახლოვეს რაიმე სარიტუალო დარბაზის არსებობა, მე, უდიდეს შეცდომად მიმაჩნია.
თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო რეზოლუცია და სკოლისგან იზოლირებულ ტერიტორიად აღიარა ეს ფართი
– ეს სისულელეა. სამარცხვინო მდგომარეობაა. იმიტომ რომ, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყნაში სკოლის ახლოს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა. ვაი, იმ საქართველოს, სადაც სკოლის შენობაში, სკოლის ეზოში უშვებენ იმას, რომ “ბოჩკებით” ღვინოები იყოს და რიტუალები, ან კიდევ, დაკრძალვის ცერემონიები ტარდებოდეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ესენი- განათლების სამინისტრო ებრძვის სკოლას, ებრძვის განათლებას, ასეთივე უკანონობას ჩადის ხშირად ეკონომიკის სამინისტროც, ფართი სწორედ რომ სკოლის ტერიტორიაზეა, მის სარდაფშია განთავსებული. ეს მთავრობა და მათი ხალხია სწორედ ვისაც შავი, უბედური ძალა მფარველობას, ახლა უკვე ჩემს დაშინებას ცდილობენ, მინდა ვუთხრა მათ, ვერასდროს შემაშინებენ.
მიყვარს სკოლა, მიყვარს განათლება და ვთვლი, რომ სკოლის ახლოს არ უნდა იყიდებოდეს ალკოჰოლი და სიგარეტიც, არა თუ შენობაში, არამედ სკოლის ახლოსაც კი. ასეა მიღებული ცივილიზებულ ქვეყნებში და იმიტომ არის ის ქვეყნები ძლიერი ქვეყნები.
სარდაფიდან ოჯახმა ფართი მოაწყო და ახლა შემოსავლის წყაროს გარეშე რჩებიან...
– გადაუხადონ ფული, ამის წინააღმდეგი არ ვარ, თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა, სკოლის დირექტორი იქნება, თუ ვინც გინდა იყოს, ყველამ პასუხი უნდა აგოს. გადაუხადონ, რაც დახარჯა, ამის გულისთვის რა? სკოლის შენობაში “ბოჩკა” უნდა იყოს?სკოლებში ღრეობები არ უნდა ტარდებოდეს.
განათლების სამინისტრო და შაშკინის გადაწყვეტილება რა იქნება სხვა გარდა იმისა, რომ მხარი დაუჭიროს უმსგავსობას. ამ კაცმა სკოლაში შეიყვანა პოლიცია, სწორედ, ეს შაშკინია ნაციხარი და მისი წინაპრებიც სწორედ ციხესთან არიან დაკავშირებული. ამ კაცისთვის სკოლა არ არის განათლების ადგილი. სკოლა მისთვის დასჯის ადგილია, არ დაგიდევს, სკოლაში თუ ტარდება ქელეხები და სხვა სახის რიტუალები, ვაი, ამ ქვეყანას.
ისე, მერია თქვენს პოზიცია იზიარებს...
– არ ვიცი, რას იზიარებს მერია. მე გეუბნებით, რომ მოიკითხო, იმ მერმა ქუთაისში ხომ უნდა აგოს პასუხი?
უღირსი შაშკინის გადაწყვეტილება არ არის პრეროგატივა.
კიდევ ვიმეორებ, მისი სახით ნაციხარი კაცი უზით და მინისტრის მოადგილეებიც ციხეებიდან არიან მოსული. ესენი, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოა. დიახ, ბედნიერი ვარ…