ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით 1 თვეში ბევრი რამ გაირკვევა. დეტალები შეიძლება ზუსტად ცნობილი არ იყოს, მაგრამ ის მაინც დადგინდება, მომავალ წლამდე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირების დაწყება დადგენილ ვადებში მოეწრება თუ ვერა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა გოგოლიძე აცხადებს, მაისში შვეიცარიული კომპანია, რომელსაც ხელისუფლებას ავტომანქანების გზისთვის ვარგისიანობაზე კონსულტაციის გაწევა ევალება, ტექმომსახურების ცენტრებისთვის სპეციალურ გეგმას წარადგენს.
„შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვს დანართი, სადაც გაწერილია, თუ რა როდის უნდა მივიღოთ. პირველი, რაც ყველაზე მეტად საინტერესო იყო ბაზრისთვის, ეს გახლდათ მოთხოვნები ტესტირების ცენტრების მიმართ. ამაზე ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ მაისის ბოლომდე.
როგორც ვიცით, კომპანიაში უკვე სწავლობენ ბაზარს. ჩვენი ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს სტატისტიკის დამუშავება ცენტრებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ რეგიონების მიხედვით ავტომანქანების განაწილების სურათი შედგეს. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, სად რამდენი ცენტრი და რამდენი ხაზი იქნება საჭირო“,- განუცხადა „კომერსანტს“ პაატა გოგოლიძემ.
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები კი სულ სხვაგვრად აფასებენ სიტუაციას. საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერებისთვის მზაობა არ არსებობს.
„არ არის პუნქტები, სადაც ავტომობილების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. ეს პუნქტები, საჭიროების შემთხვევაში, მალევე შეიქმნება, თუმცა არ არსებობენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც ავტომობილის დათვალიერებას მაღალ დონეზე შეძლებენ“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ და დასძინა, რომ პროცესი მარტივი არ იქნება.
„ამას არა მარტო საზოგადოების შემზადება სჭირდება, არამედ ტექნიკური ბაზაც უნდა არსებობდეს. ასევე ცნობილი უნდა იყოს, რა სტანდარტებზე და შეზღუდვებზეა საუბარი“, - აღნიშნა მელაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი ამტკიცებს, რომ ავტომანქანების ტექდათვალიერება 2018 წლის დაწყებამდე ამოქმედდება და, შესაბამისად, კონკრეტულად ამ დროისთვის გახდება ცნობილი როგორი სახის ცვლილებები შევა ძალაში. შალვა ხუციშვილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ტექნიკური დათვალიერების შემდეგ ავტომობილების გარკვეული პროცენტი მოძრაობას ავტომატურად გამოეთიშება.
„ტექნიკურ დათვალიერებას რაც შეეხება, ამაზე ეკონომიკის სამინისტრო პროექტების მომზადების ეტაპზეა. როგორც ვიცი, კანონით გადავადებულია 2018 წლის დასაწყისამდე. დაველოდოთ ეკონომიკის სამინიტროს და ამ ვადამდე გვეცოდინება, თუ რა ტიპის დათვალიერება იქნება, ვინ გააკეთებს და როგორი ფორმით. ჩვენ ამაზე არ ვართ პასუხისმგებელი, თუმცა ჩართულები ვართ პროცესში. გააჩნია როგორი ტექდათვალიერება იქნება, შეიძლება ეს იყოს ეტაპობრივი ან უფრო მკაცრი თუ იქნება, ავტომანქანქანების გარკვეული ნაწილი უვარგისი აღმოჩნდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასობაში მთავრობა ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვისთვის ემზადება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.