მზღვეველები ცოტას აღიარებენ და ბევრს აფუჭებენ

მზღვეველები ცოტას აღიარებენ და ბევრს აფუჭებენ

[გიორგი ბექაური]

მზღვეველებმა და მათმა მაკონტროლებლებმა შარშანდელი წელი შეაფასეს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აღაირა, რომ სადაზღვევო სექტორს სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასასვლელი. იმ ფონზე, რაც წელს სადაზღვევო სექტორში გამოაშკარავდა, ეს ზედმეტად ლიბერალური შეფასებაც კია.

„აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სექტორი ინტენსიურად ვითარდება. კომპანიების ჯამურმა აქტივობამ 400 მლნ ლარს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ამ სექტორს სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა რეფორმების შედეგი აშკარაა და ამას დაჯარიმების კლების მკვეთრი ტენდენციაც ადასტურებს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

2010 წლის პირველ კვარტალში სხვადასხვა დარღვევათა გამო კომპანიების დაჯარიმების საერთო მაჩვენებლი 664.768.98 ლარი იყო, 2011 წლის პირველ კვარტლაში კი იგი 52.000.00 ლარამდე შემცირდა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის განმავლობაში გაფორმებული პოლისების საერთო ღირებულებამ 2.6 მლნ შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

მისივე ინფორმაციით, 2010 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 372.5 მლნ ლარი შეადგინა და მათ შორის 66.3% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის.

„ეროვნული ბანკისთვის, როგორც სადაზღვევო სფეროს რეგულატორისთვის თითოეული მომხმარებლის მიმართ, ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ აღებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების შესრულებას ეხება. ამ თვალსაზრისით პრობლემები არსებობს და ჩვენ ისინი უნდა მოვაგვაროთ“, - არ დამალა ქადაგიძემ.

2009 წლის 1-ლი დეკემბრიდან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დაეკისრა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, სადაზღვევო სფეროსათვის, მიუხედავად კრიზისისა, 2010 წელი წარმატებული იყო.

„წარმატებული იყო ეს წელი, თუმცა არა მარტივი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სადაზღვევო ინდუსტრიის როგორც ფინანსური, ისე სტატისტიკური მონაცემები. საქართველოში უკვე მილიონნახევარ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.

ბაზარი მიუხედავად კრიზისისა, ვითარდება. დაზღვევის სხვა სფეროებში ნაკლებია განვითარების ტემპები, მაგრამ მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ფინანსური ნაწილი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მზღვეველების მაკონტროლებელთა ამ ფრთხილ კომენტარებშიც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს სადაზღვევო სექტორში მთელი წყება პრობლემებია. 2011 წელი კონტროლის პალატის მჭექარე დასკვნის გამოქვეყნებით დაიწყო, სადაც პალატამ კერძო კომპანიებს ბრალი დასდო სახელმწიფო თანხების მითვისებაში.

ქვეყნის მთავარმა მაკონტროლებელმა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟა დაითვალა და აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობა, საშუალოდ, 55-პროცენტიანი მოგების პირობებში მუშაობს. 2008-10 წლებში სადაზღვევო კომპანიებმა 501 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 68 პროცენტი სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე მოდიოდა.

ამის შემდეგ ბეჟაშვილის უწყებამ პირობა დადო, რომ კვლევას გააგრძელებდა და არანაკლებ სკანდალურ მასალებს გამოაქვეყნებდა. თუმცა, ეს დრო აღარ დადგა. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების დაგვიანების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ პალატაზე ზეწოლა განხორციელდა. 

კონტროლის პალატაში ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე შრომატევადი იყო, შესაბამისად, მის მომზადებას დროს სჭირდებოდა. წესით და რიგით, პალატამ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემური კვლევის საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა გამოაქვეყნოს. 

კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, კლასიკური გაგებით აუდიტი მოიცავს, როგორც ხარვეზების აღმოჩენას, ისე რეკომენდაციებს ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის. მისი თქმით, შეხვედრები შედგა სადაზღვევო სისტემაში ჩართულ პირებთან, შესაბამისად, განისაზღვრა რეკომენდაციებიც. ამ ყველაფრის განხორციელებას კი დრო სჭირდებოდა. „სამუშაოები დასრულებულია, ამჯერად დასკვნის საბოლოო ვარიანტზე მიდის მუშაობა“, - ამბობს ალაფიშვილი.