SOS - საპოლიციო გამოსახლების აღდგენის საფრთხე

SOS - საპოლიციო გამოსახლების აღდგენის საფრთხე

საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ნაწილობრივ უქმდება და არის საშიშროება, რომ მთლიანად ძველ სისტემას დაუბრუნდეს. ბიზნეს ომბუდსმენი ამზადებს კიდეც წინადადებას და ძალიან მალე მთავრობას წარუდგენს.მანამდე კი მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილია “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონპროექტი, რომლითაც საპოლიციო გამოისახლება ექსპროპრიაციის დროს ისევ აღდგება.

კანონპროექტით განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც უკვე ყოფილმა მესაკუთრემ ექსპროპრირებული ქონება უნდა გაათავისუფლოს. ეს ვადა ისეთ მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული, არ აღემატება 1 თვეს, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - 14 კალენდარულ დღეს.

ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება მოითხოვოს.

აქედან გამომდინარე, საპოლიციო გამოსახლება ნაწილობრივ ბრუნდება, თუმცა ბიზნესის ასოციაცია და ბანკების ასოციაცია, უკვე კარგა ხანია მის სრულად აღდგენას ითხოვენ. ამისათვის მათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანეს.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, რომ საკუთრების დაცვის ინსტიტუტი პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან რაც არის, არაეფექტურია.

“ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად პრინციპულად ითხოვდა, რომ კანონმდებლობაში დარჩენილიყო საკუთრების უფლების დაცვის ადმინისტრაციული წესი, მაგრამ სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტის დროს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამჟამად ვმუშაობთ ალტერნატიული ინსტიტუტის შემოღებაზე. ასეთი პრეცენდენტი საქართველოს კანონმდებლობაში ჯერ არ არსებობს. ესაა ბიზნეოსმბუდსმენის აპარატის იდეა და ვნახოთ, რა გამოვა.

ეს არ იქნება საკუთრების უფლების დაცვის მთლიანად ადმინისტრაციული წესი, ეს იქნება სასამართლო წესი, ოღონდ იქნება უფრო ეფექტური, უფრო შემჭიდროვებულ ვადებში და უფრო გამარტივებული პროცედურებით”, - განმარტა ძნელაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი სასარჩელო წარმოება, ძალიან არაეფექტურია.

“სასამართლო პროცესები პირველ ინსტანციაში მინიმუმ 1 წელი მაინც გრძელდება და თან, როგორც ვიცით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ შედის კანონის ძალაში და ის სამი ინსტანციით საჩივრდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, საკუთრების დაცვის ინსტიტუტი, არ არსებობს და რაც არის იმის მუშაობას აზრი საერთოდ არ აქვს, იმდენად არაეფექტურია”, - განუცხადა “საქმის კურსს” ძნელაშვილმა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობას საკუთარ წინადადებებს უახლოეს 2-3 კვირაში წარუდგენს.

საპირისპირო მოსაზრებისაა წინა მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე, რომელიც ამბობს, რომ მიღებული კანონი არც ერთ საკონსტიტუციო ნორმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. არგუმენტი, თითქოს სასამართლო პროცესები დროში ჭიანურდება, არის უსაფუძვლო.

“საკუთრების უფლება და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კი კონსტიტუციითაა დაცული. მიღებული კანონი არც ერთ ნორმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კონსტიტუციაში არსებობს მეოცე მუხლი, რომლის მიხედვით არავინ შეიძლება შევიდეს სხვის ბინაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საპოლიციო გამოსახლება იყო პოლიციური სახელმწიფოს პრინციპი, რაზეც უარი ვთქვით”, - აცხადებს კიკნაველიძე.

საპოლიციო გამოსახლების წესი მერვე მოწვევის პარლამენტმა 2015 წლის დეკემბერში გააუქმა, რის გამოც საქართველოს ბიზნესასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ 2016 წლის 11 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის არსებით განხილვაზე უარი თქვა.