დროს გაყვანის ტაქტიკა მენავთობეების შესრულებით

დროს გაყვანის ტაქტიკა მენავთობეების შესრულებით

[ეკა ბაქრაძე]

ქართულმა ნავთობკომპანიებმა საწადელს მიაღწიეს. მათ იმდენიხანს გაჭიმეს საწვავის გაიაფების პროცესი, რომ ბოლოს და ბოლოს, შავმა ოქრომ საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირება დაიწყო.

საზაფხულოდ ნავთობი ყოველთვის ძვირდება. ეს კარგად იციან ადგილობრივმა ნავთობმაგნატებმა და მაისის პირველ რიცხვებში დაწყებულ გაიაფების პროცესს მხარი არ აუბეს. ათასგვარი თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ისინი ცდილობდნენ დრო მოეგოთ და საქმე ნავთობის სეზონურ გაძვირებამდე მიეყვანათ. ამასობაში თავად იაფი საწვავი შემოიტანეს და მენავთობეების მოგებამ 1 ლიტრ საწვავზე 30 თეთრი შეადგინა. ასეთი მაღალი მარჟა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად ზაფხულის თვეების მოახლოებისა, მსოფლიო ბირჟები შავი ოქროს გაიაფების მოლოდინში იყვნენ და ამის საბაბს ოპეკი იძლეოდა. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა კავშირს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდის საკითხი.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპეკმა მზაკვრული გადაწყვეტილება მიიღო და არსებული კვოტების შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. ამიტომაც ნავთობის ფასმა ზარდა დაიწყო.

ორგანიზაციის ასეთი ვერდიქტი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია, ქუვეითი და საუბდის არაბეთი მოპოვების გაზრდას ითხოვდნენ, მათ ოპეკის თავმჯდომარე ქვეყანამ ირანმა გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, ამ ქვეყნის სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბოლოს კვოტა 2007 წლის სექტემბერში გაიზარდა. ამ დროისთვის, ოფიციალურად ოპეკი დღე-ღამეში 24.8 ბარელ ნავთობს მოიპოვებს. თუმცა ისიც, ცნობილია, რომ ოპეკის გვერდის ავლით ზოგიერთი ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ მოპოვება საკუთარი გადაწყვეტილებით გაზარდა. მაგალითად, საუბდის არაბეთი დადგენილი 8 მილიონი ბარელის მაგიერ 8.9 მილიონ ბარელს იღებს ჭაბურღილებიდან.

უფრო მეტიც, ივნისში საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების მკვეთრად გაზრდას დამოუკიდებლად აპირებს. კერძოდ, არაბები კვოტას 500 ათასი ბარელით გაზრდიან, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება ბოლო სამი წლის განმავლობაში. სპარსეთის ყურის ქვეყნების მონაცემების მიხედვით, მოპოვების საშუალო ოდენობა საუდის არაბეთში, ივნისში, 9.5-9.7 მილიონ ბარელს მიაღწევს.

ამ ფონზე ადგილობრივი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიზეზი, რის გამოც ფასის დაწევას ვერ ახერხებენ, არასდროს ელევათ. ამ დროს ყველაზე მარტივი არგუმენტია ის, რომ ძველი მარაგები არ ამოწურვიათ ან, მოკლე ვადაში ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ტენდენციის ასახვას ვერ ასწრებს. ქართულ კომპანიებს რეალურად არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ ფასის კორექტირება არ მოეხდინათ, მაგრამ დროის გაწელვით საწადელს მაინც მიაღწიეს.

კომპანიებმა საწვავის 5 თეთრით გაიაფება, დაახლოებით, 2 კვირის წინათ მოახდინეს და მას შემდეგ ფასი აღარ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ბაზარი კლების ტენდენცია 5 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საწვავის არსებული ღირებულება საერთაშორისო ბაზრის ადეკვატურია და საქართველოს საცალო ბაზარი მთლიანად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფასებზე.

„ფასების კლება არ ხდება ერთბაშად და ის ხორციელდება ეტაპობრივად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, 3 მაისიდან. საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასის კლება დაფიქსირდა 2011 წლის 22 და 25 მაისს ყველა კატეგორიის საწვავზე 5 თეთრის ოდენობით.

აღნიშნული სტატისტიკა გახლავთ დასტური იმისა, რომ საქართველოს საცალო ბაზარი მთლიანად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფასებზე და ის ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს შესაბამის ტენდენციებზე. ფასების თვალსაზრისით, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის აწყობა ძნელია. საქართველოში რომ იყოს ნავთობის მწარმოებელი ქარხანა, გაცილებით მარტივად იქნებოდა საქმე“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.