[გერა მამულაშვილი]
ოფიციალური ვაშინგტონი ბებერ კონტინენტს მსოფლიო საფრთხეების წინააღმდეგ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის აზრით, „არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში ნატო შესაძლოა, უუნარო ორგანიზაცია გახდეს“. მის მოსაზრებას სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც იზიარებს.
ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ალიანსის დაფინანსება სულ უფრო უძნელდება, ამიტომ მისი ფუნქციონირების შენარჩუნებისათვის საჭიროა, ნატო-ს სხვა წევრმა სახელმწიოფოებმა თავდაცვაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ:
„კოლექტიური სამხედრო შეუსაბამობის თავიდან ასაცილებლად ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად ახალი მიდგომები უნდა შეიმუშავონ. არ არსებობს იმ ქვეყნების შემცვლელი, რომლებიც ალიანსს სამხედრო რესურსებით ამარაგებენ, როდესაც ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ ალიანსის მომავალი ბუნდოვანი და კიდევ უფრო მძიმე იყოს“.
რობერტ გეითსი თანამდებობას 30 ივნისს დატოვებს. მას სადაზვერვო სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლეონ პანეტა შეცვლის.
„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ნატო-ს მწვავე კრიტიკით გამოვიდა“, - ამის შესახებ „ნიუსლენდი იუწყება.
როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, გეითსის სიტყვებიდან ჩანს, თუ რამდენად საშიშია ნატო-სთვის თვითკმაყოფილება:
„ჩვენ ყველამ უნდა გავიზიაროთ საერთო ტვირთი. ნატოს ბევრი ქვეყანა ასეც აკეთებს. ალიანსში შემავალი ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკაც, ფინანსურ სიძნელეებს განიცდის. ჩვენ გვთხოვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირებას მაშინ, როდესაც მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“.
კლინტონმა აღნიშნა, რომ მთლიანად ეთანხმება თავდაცვის მდივანს, რადგან ყველა ქვეყანაა პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ეს კი, მისი თქმით, თავდაცვაში ადეკვატური შენატანის აუცილებლობას გულისხმობს.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 60 წლის განმავლობაში ალიანსს ყოველთვის ჯეროვანი გადაწყვეტილება გამოჰქონდა და იმედოვნებს, ნატო ამ უნარს არ დაკარგავს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN), სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია.
ალიანსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის მოგერიება ერთიანი ძალებით. მოგვიანებით, ალიანსში 1952 წელს მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი.
1955 მათ შეუერთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. 1982 ალიანსში მიიღეს ესპანეთი.
1991 სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ნატო პრაქტიკულად უფუნქციო სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად იქცა; თუმცა, ეს ორგანიზაცია დაშლის ნაცვლად 1999 წელს ახალ წევრებს იერთებს ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სახით.
1999 აშშ-ის მეთაურობით ალიანსმა საჰაერო იერიში მიიტანა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადზე.
2004 სამხედრო ალიანსში ახალ წევრებს იღებენ, რომელთა შორის არიან: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი. მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, ნატო კვლავ აპირებს თავისი რიგების გაფართოებას.
2009 წლის 2 აპრილიდან ალბანეთი და ხორვატია ნატოს სრულუფლებიანი წევრები არიან.
2009 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან მიერთების მიზნით მოიწვიეს მონტენეგრო, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებოდა მიწვეული მას შემდეგ, რაც ის მიაღწევდა საჭირო პროგრესს რეფორმების გატარების კუთხით.
ბუქარესტის სამიტზე გაფართოების შესახებ მიღებულ იქნა მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მონტენეგროსთან დაიწყო ინტენსიური დიალოგი გაწევრიანებასა და რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მოკავშირე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე ჩართულნი იყვნენ ინტენსიურ დიალოგში ნატო-სთან, მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს.