მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრში, ჰოლივუდში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ფილმს იღებენ, რომლებიც ყველა ჩვენთაგანის გემოვნებას აკმაყოფილებს. კინოსურათების გადაღება ლოს-ანჯელესში მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და თუ მათ რაოდენობას დავითვლით, რამდენიმე ათასამდე ავალთ. ამ ფილმებს შორის გვხვდება “ოსკარის” მრავალი ლაუერატი ცნობილი ვესტერნი ან პოპულარული მელოდრამა, ომის თემაზე შექმნილი სურათები და ყველა ჩვენთაგანისათვის საყვარელი კომედიები.
კინოს მოყვარულებს გაუკვირდებათ და ოკეანისგაღმა არსებობს ე. წ. “საშიში” ფილმების სპეციალური ჩამონათვალიც. ეს ის სურათებია, რომელთა გადაღების პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ, მათზე მომუშავე პერსონალი მრავალი უბედური მოვლენის წინ დგება. აშშ-ში შედგენილია იმ კინოსურათების ნუსხა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულად საშიშნი აღმოჩნდნენ და თავიანთ შემქმნელებს მრავალი უსიამოვნობაც მოუტანეს. პირველი ასეთი სურათი 1939 წელს გადაღებული “ოზის ქვეყნის ჯადოქარი” იყო, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კი – ორიოდე წლის წინ ეკრანებზე გამოსული ბონდიანის მორიგი შედევრი “მოწყალების კვანტუმი”. ქვემოთ ამ “საშინელი” სურათების პირველ ექვსეულს მოგიყვანთ და თავად განსაჯეთ, სიმართლეს შეეფერება თუ არა მათზე გავრცელებული ლეგენდები.
1. “ოზის ქვეყნის ჯადოქარი” (1939 წ.)
პირველი “საშიში” ამერიკული სურათი. მისი გადაღების მსვლელობისას, მსახიობმა მარგარეტ ჰემილტონმა, რომელიც ბოროტ ჯადოქარს განასახიერებდა, სახის გრიმის მეტად გაცხელების გამო სერიოზული დამწვრობა მიიღო.
2. “სუპერმენი” (1951 წელი და შემდეგ)
აშშ-ში “სუპერმენის” რამდენიმე ვერსიაა გადაღებული და დაწყებული 1951 წლიდან, დადებითი გმირების განმასახიერებელ მსახიობებს ათასგვარი უბედურება ატყდებათ თავს. პირველი “სუპერმენი”იყო მსახიობი ჯორჯ რივზი, რომელმაც ეს გმირი 1951 წელს ითამაშა. 1959 წელს, დანიშნულ ქორწილამდე რვა დღით ადრე, ჯორჯ რივზი ცეცხლსასროლი იარაღით განგმირული ნახეს. მეორე სუპერმენი, ქრისტოფერ რივი, 1995 წელს, მას შემდეგ, რაც ცხენიდან გადმოვარდა, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. მან ფუძის მოტეხილობა მიიღო და მოძრაობის უნარიც საერთოდ წაერთვა.
ექიმები რივის მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოლომდე იბრძოდა. ქრისტოფერ რივი 2004 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. იმავე სურათში, ლოის ლეინის როლის შემსრულებელი მარგო კიდერი დღემდე ე. წ. პოპულარული აშლილობით იტანჯება. მარლონ ბრანდოს, რომელმაც სუპერმენის მამის ეპიზოდური როლი ითამაშა, თავის დროზე თავს პირადი ოჯახური ტრაგედიების მთელი სერია დაატყდა. თავდაპირველად მისი ვაჟი კრისტიანი ციხეში მოხვდა დის საყვარლის მკვლელობისათვის. შემდეგ უკვე ქალიშვილმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ვარაუდობენ, რომ ეს სერიალი თავის დროზე მისმა ავტორებმა, ჯერი სიგელმა და ჯო შუსტერმა დაწყევლეს, რადგან უკმაყოფილოები დარჩნენ იმ თანხის სიმცირით, რომელიც პროდიუსერებმა ამ ფანტასტიკური პერსონაჟის გამოგონების გამო გადაუხადეს.
3. “როზმარის ბავშვი” (1968 წ.)
ამ სურათის შემქმნელი რომან პოლანსკი იყო და მასში იდუმალი ძალები ფიგურირებდნენ. ეს გახლდათ ისტორია ერთ ახალგაზრდა ქალზე, რომლის შვილიც ეშმაკისათვის მსხვერპლად უნდა შეეწირათ. საინტერესოა, რომ 1969 წლის აგვისტოს, ჩარლზ მენსონმა, პოლანსკის მეუღლე, რვა თვის ფეხმძიმე შარონ ტეიტი სიცოცხლეს განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმა. აღსანიშნავია, რომ ამ სურათის თავისებურმა წყევლამ ჯონ ლენონსაც უწია – მკვლელმა, 1981 წელს სიცოცხლეს გამოასალმა ნიუ-იორკში მდებარე საცხოვრებელი სახლის “დაკოტას” წინ, სადაც თავის დროზე “როზმარის ბავშვის” გადაღებები მიმდინარეობდა.
4. “ყორანი” (1994 წ.)
ლეგენდარული მსახიობის, ბრიუს ლის ვაჟს, ასევე მსახიობ ბრენდონ ლის სიჭაბუკეში უწინასწარმეტყველეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადასაღებ მოედანზე მოკვდებოდა, ისევე როგორც მისი სახელოვანი მშობელი. “ყორანის” გადაღების პროცესი თავიდანვე დათარსული იყო. თავდაპირველად რამდენიმე ხანძარი და უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. შემდეგ კი სურათზე მუშაობის დასრულებამდე რვა დღით ადრე ბრენდონ ლი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების მსვლელობისას მოკლეს პისტოლეტის გასროლით, რომელიც წესით ყალბი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი. ბრენდონ ლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი დაიღუპა ტრიუკების დამდგმელი მარკ აკერსტრიმი. მას თავში მოხვდა აფეთქების შედეგად მიმოფანტული ნამსხვრევები.
5. ტრილოგია “მატრიცა” (1999-2003 წ.)
ორი კინომსახიობი ფილმ “მატრიცას” ემსხვერპლა. გლორია ფოსტერი, რომელმაც ორაკული განასახიერა პირველ სერიაში და ყოფილი შავკანიანი მომღერალი აალია, რომელმაც სულ რამდენიმე ეპიზოდში მოასწრო თამაში, სანამ ბაჰამის კუნძულებზე ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა.
6. “მოწყალების კვანტუმი” (2008 წ.)
ამ ფილმის გადაღების პროცესში იმდენი უცნაური ინციდენტი დაფიქსირდა, რომ მსახიობები მათ თავს დატეხილ უბედობაზე სერიოზულად ჩაფიქრდნენ. თავდაპირველად იტალიაში, გარდას ტბაში ჩაიძირა აგენტი 007-ისათვის განკუთვნილი ავტომანქანა. ეს გადასაადგილებელი საშუალება ადრესატამდე საავტომობილო კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს უნდა მიეყვანა, მაგრამ მთიან და საკმაოდ დაკლაკნილ გზაზე, ტბასთან, მანქანამ მართვა დაკარგა, ჯებირი გაანგრია და წყალში გადავარდა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სერიოზულად დაშავდა ერთ-ერთი კასკადიორი, ამის შემდეგ კი უკვე ორმა კასკადიორმა მიიღო მძიმე ტრავმები. შემდეგ თავად ჯეიმს ბონდის დროც დადგა.
სატვირთო და მსუბუქი მანქანების დევნის ეპიზოდის გადაღებისას დენიელ კრეიგი დაშავდა. მას ჯერ თითის წვერი წაეკვეთა, შემდეგ კი სახე გაესერა და რვა ნაკერის დადება გახდა საჭირო. “მოწყალების კვანტუმის” თავს დატეხილი წყევლა კვლავ გრძელდებოდა. ავსტრიაში მიმდინარე გადაღებებისას, ერთ-ერთ ტექნიკურ პერსონალს პურის საჭრელი დანით, თავისი საკუთარი მეუღლე დაესხა თავს. პანამაში მუშაობისას კი, იქაური პატარა ქალაქის გადასაღებ მოედანზე ამ დასახლების მერი შევარდა ავტომანქანით და გადაღებების პროცესის ჩაშლას შეეცადა, რადგან მისი აზრით ევროპელები მის სამფლობელოში დიდ ქაოსსა და უწესრიგობას იწვევდნენ.