[მერაბ ბრეგაძე]
საქართველოს და სომხეთის ეკლესიებს შორის შეთანხმება მიღწეულია. არსებულ სადავო საკითხებს სპეციალური სამეცნიერო კომისია შეისწავლის და ალბათ, შესაბამის რეკომენდაციებსაც მოამზადებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ აღნიშნულ თემებზე დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ილია მეორემ საპატრიარქოში სომხეთის მთელს დელეგაციას უმასპინძლა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, სამეცნიერო კომისია იქნება მოწვეული, რომელიც ეკლესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და რიგი ეკლესიების დაბრუნების საკითხებზე იმსჯელებს:
„ორივე მხარეს აქვს საბუთი, რომ ქართული ეკლესია არსებობს სომხეთში და სომხური ეკლესია - საქართველოში. მოვიწვევთ მეცნიერებით დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც ორივე საკითხზე იმსჯელებს. მიუხედავად ორივე მხარის პრეტენზიებისა, ეს ჩვენს ძმურ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის. პრობლემები არის როგორც სომხების, ისე ქართველების მხარეს. იმედია, სომხური მხარე ხელს შეგვიწყობს ეკლესიების დაბრუნების საკითხში. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს, არა ცალმხრივ, არამედ ორმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს".
ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. სრულიად სომეხთა პატრიარქმა გარეგინ მეორემ ბრძანა, რომ ამ შეხვედრამ მას „დიდი ოპტიმიზმი ჩაუსახა“:
„მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ თბილი დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ. დღევანდელმა და გუშინდელმა შეხვედრებმა ნამდვილად ოპტიმისტური განწყობა ჩამისახა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხალხსა და ეკლესიას აწუხებს. მახარებს შეთანხმება იმის შესაებ, რომ რა სტატუსიც სომხურ ეკლესიას აქვს საქართველოში, იგივე სტატუსი მიენიჭება ქართულ ეკლესიას სომხეთში. ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების კუთხით არანაირი პრობლემა არ ყოფილა და იმედი გვაქვს, რომ ეს გზა ისე წარიმართება, როგორც ადრე, ჩვენი წინაპრების დროს იმართებოდა. ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ქართულმა ეკლესიამ სომხეთში საქმიანობა წარმატებით განახორციელოს“.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ეკლესიის წინამძღოლი ეკლესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა და დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია:
„საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართველი ხალხისათვის თქვენი ვიზიტი გაგრძელებაა იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა. განსაკუთრებით ეს ბოლო და წინა საუკუნეებში გამოვლინდა. ჩვენთვის ძალიან ახლობლები არიან ისეთი პატრიარქები, როგორებიც იყვნენ გევორქი, გარეგინ პირველი და მით უმეტეს - თქვენ, რომელსაც მრავალი წელია, გიცნობთ. არაერთხელ მითქვამს და დღესაც მინდა, გავიმეორო, რომ ქართული ეკლესია, საქართველო და სომხეთი ქრისტიანული ოაზისია“, - ბრძანა პატრიარქმა სომხური ეკლესიის წინამძღოლის მიღებისას.
მისივე განცხადებით, „როცა უჭირდა სომხეთს, პირველი დამხმარე საქართველო იყო და როცა უჭირდა საქართველოს, პირველი იყო სომხეთი“.
„რა თქმა უნდა, ისტორიის მანძილზე იყო საკითხები, რომელიც ჩვენს მიდგომას განასხვავებდა, მაგრამ ჩვენი ერების ძმური ურთიერთობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს პატარა საკითხები. თავად დარწმუნდით, რა თბილად გხვდებათ ჩვენი მოსახლეობა საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი ბედი, მომავალი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. დიდად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას, რომელიც წამოიწყეთ სომხურ ეკლესიაში. თუნდაც საუკუნეების მანძილზე გაუქმებული ბერებისა და მონაზვნების აღდგენის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველო დიდად აფასებს თქვენს ისტორიას, კულტურას, წარსულს, გმირობას და როცა დღეს გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ორივე ქვეყანამ და ეკლესიამ ეს დიდი საუნჯე უნდა შეინარჩუნოს“, - ბრძანა ილია მეორემ და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს მომინანქრებული ხატი უსახსოვრა.
თავის მხრივ, გარეგინ მეორემ უწმინდესს წმინდა ნინოს ხატი აჩუქა.
ორი ეკლესიის გადაუწყვეტელ საკითხთა შორის, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, უმთავრესია სომხური ეკლესიის ისტორიული მემკვიდრეობის რესტიტუციის, ანუ დაბრუნების, საკითხი:
„აქ ლაპარაკია 6 უმოქმედო, უფუნქციო ეკლესიაზე. ხუთი მათგანი არის თბილისში, ერთია ახალციხეში. აქედან თბილისში 2 არის, ფაქტობრივად, დანგრეული და დანარჩენი მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან სწრაფ ყურადღებას საჭიროებს. არსებობს რაღაცა ნუსხა პრობლემებისა, რომლებზეც გვაქვს ჩვენ ჩვენი პოზიცია და ეს ყველაფერი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით...“
ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თავის მხრივ, სვამს სომხეთის ტერიტორიაზე 5 ქართული ტაძრის მოვლა-პატრონობის საკითხს.
„ჩვენთვის სადავო ეკლესიები არ არსებობს“, - ამბობს სომეხთა სამოციქული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი, ვაზგენ მირზახანიანი. – „ეს არის ისტორიული ეკლესიები, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდეც მოქმედებდნენ და ახლა ისინი სომხურ ეპარქიას უნდა დაუბრუნდნენ. ასე რომ, სადავო საკითხები ხელოვნურადაა შექმნილი. ისტორიული საფუძველი ამისთვის არ არსებობს.“
ქართული ეკლესიის სახელით დეკანოზი დავით შარაშენიძე კი განმარტავს, რომ საკითხები მოლაპარაკებების შედეგად, კომპრომისების გზით გადაწყდება:
„არსებობს რაღაცა ნუსხა პრობლემებისა, რომლებზეც გვაქვს ჩვენ ჩვენი პოზიცია და ეს ყველაფერი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით.“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლაპარაკებების ერთ–ერთი თემა, სომხური ეკლესიის რეგისტრაციისა და სტატუსის საკითხი იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნო სტეპანიანი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს:
„მე არ მგონია, მხოლოდ სომხური ეკლესიის სტატუსი გადაწყდეს. აქ კომპლექსური პრობლემაა და კომპლექსურად მსჯელობენ რამდენიმე ეკლესიის წარმომადგენლები – მათ შორის, კათოლიკური ეკლესია, სომხური ეკლესია. საუბარია ისლამის წარმომადგენლებზე. საუბარია აგრეთვე ებრაელთა თემზე. მე ვფიქრობ, თუ სტატუსზე იქნება საუბარი, არ ითქმება, რომ ის რომელიმე ერთს უნდა მიენიჭოს.“
სტეპანიანის აზრით, ქართულ-სომხურ ურთიერთობაში არსებული პრობლემების ერთბაშად გადაწყვეტა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის ერთი ვიზიტის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუმცა ნაბიჯი წინ – ურთიერთგაგებისკენ – უდავოდ გადაიდგმება.
სომხური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 15 ივნისამდე გაგრძელდება.