რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი ტურისტული ომი იწყება. რუსეთის ავიაციის ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიები გააფრთხილა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში შეჩერდეს თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელება. ამის მიზეზად ოთხი ზღვის გასწვრის გადაჭიმულ ქვეყანაში არსებული რთული შიდაპოლიტიკური ვითარება დასახელდა. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ თურქეთში რუსი ტურისტების მიმოსვლა კიდევ ერთხელ შეწყდეს.
პირველად ავიარეისები თურქეთის მიმართულებით 2015 წლის ბოლოს აიკრძალა მას შემდეგ, რაც თურქებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თუმცა, 2016 წელს, ერდოღანის მხრიდან ფაქტობრივად ბოდიშის მოხდის და პუტინთან მისი შეხვედრის შემდეგ ურთიერთობები დათბა და ჩარტერული რეისები რუსეთიდან თურქული კურორტების მიმართულებით აღდგა. ამის შემდეგ ტურისტული ნაკადი თურქეთის მიმართულებით სწრაფად გაიზარდა და ტუროპერატორთა გაყიდვების 50%-ს მიაღწია.
ეკონომიკური დაპირისპირების გზა რუსეთმა და თურქეთმა ორი წლის წინ უკვე გაიარეს. უცხოელი ტურისტების რაოდენობისა და, ასევე, ჩამოსული ვიზიტორების მხრიდან ხარჯების შემცირების გამო, თურქეთის ტურისტულმა სფერომ 2016 წელს 15 მლრდ. დოლარი იზარალა.
გარდა ამისა, იმ ტურისტებმა, რომლებიც ჩადიან თურქეთში, 2015 წელთან შედარებით, 15-25%-ით შეამცირეს ხარჯები. დღეისათვის ერთი უცხოელი ტურისტი თურქეთში, საშუალოდ, 700-800 დოლარს ხარჯავს, რაც ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზე ნეგატიურად აისახება.
მორიგი აკრძალვის საფრთხემ რუსული ტურისტული ბიზნესი შეაშფოთა. ტურისტული ინდუსტრიის კავშირის წარმომადგენელმა, ირინა ტიურინამ განაცხადა, რომ ჩარტერული რეისების გაუქმების შემთხვევაში, დასვენების შესაძლებლობის გარეშე დარჩება მილიონობით რუსი ტურისტი, რომლებმაც თურქეთში საგზურები უკვე იყიდეს. რა ელით მათ პაკეტებს აკრძალვის შემთხვევაში, გაურკვეველია.
„ეს იქნება მორიგი უპრეცედენტო ფაქტი ტურისტებისთვის, იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე 2015 წელს, რადგანაც მაშინ თურქეთი დაიკეტა ნოემბერში, სეზონის დასრულების შემდეგ. ახლა კი სეზონი იწყება და ხალხი ემზადება შვებულებებისთვის. ჩარტერული რეისების აკრძალვა არის იმედების მსხრევა იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვიტა კრიზისის დროს წაეყვანა ბავშვები ზღვაზე. მით უმეტეს, რომ თურქული კურორტები საკმაოდ იაფია“, - განაცხადა ტიურინამ.
სირიის მოვლენების გარდა, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას წინ უძღოდა ეკონომიკური უთანხმოება. 2017 წლის მარტში სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული ხორბლის, სიმინდის, ბრინჯისა და სხვა პროდუქტების იმპორტზე გადასახადი გაზარდა. ამჟამად თურქულ საბაჟოზე 130%-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც, ფაქტობრივად, აკრძალვას ნიშნავს. ანკარის ამგვარი მოქმედების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთმა არ მოხსნა ემბარგო თურქული ბოსტნეულის იმპორტზე. საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, თუ ეს პროცესი ტურისტების შეზღუდვით გაგრძელდება, სიტუაციის კიდევ ერთხელ შემობრუნების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი იქნება.
რას ელოდება საქართველო ორი მეზობლის დაპირისპირებისგან? ორი წლის წინანდელმა რუსულ-თურქულმა კონფლიქტმა ჩვენ ქვეყანას მაინცდამაინც დიდი სარგებელი ვერ მოუტანა. შარშან რუსეთიდან ტურისტთა რაოდენობა საქართველოში მართალია 12%-ით გაიზარდა, თუმცა ეს უფრო საერთო ტურისტული მატების გამოისობით მოხდა. გაცილებით შთამბეჭდავი ზრდა შეინიშნებოდა სხვა ქვეყნებიდან (ირანი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ლიტვა ლატვია). როგორც ჩანს, რუსი ტურისტების უდიდესმა ნაწილმა თურქეთის მიმართულება საქართველოზე არ გაცვალა, შესაბამისად, დიდი ცვლილება არც ამ შემთხვევაში არის მოსალოდნელი.