რატომ არის საშიში საგარეო ვალის ზრდის ტემპი

რატომ არის საშიში საგარეო ვალის ზრდის ტემპი

ქვეყნის საგარეო ვალმა ისევ დაიწყო ზრდა და თანაც ტემპიც დაჩქარდა. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი (41.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ის 108.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სესხების ვალი - 4, 7 მილიარდი დოლარია, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი - 0,2 მილიარდი დოლარი. საბანკო სექტორის ვალი - 3,1 მილიარდი დოლარია, არასაბანკო სექტორის ვალი კი - 5,1 მილიარდი დოლარი.

2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 149.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში 44%-ს შეადგენს. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის მდგომარეობით, 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის წლიური მშპ-ის 66.1 პროცენტია.

როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, ეროვნულ ბანკს რეალურად ვალი არ აქვს, ხოლო სამთავრობო ვალის ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია. მოკლევადიანია მხოლოდ 97 მილიონი და ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით მისი მომსახურება. რაც შეეხება საბანკო სექტორის 3,1 მილიარდს, აქედან 1,6 მლრდ გრძელვადიანია, ხოლო 1,5 მლრდ - მოკლევადიანი. დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიელ გვალია ყურადღებას არასაბანკო სექტორის საგარეო დავალიანებაზე ამახვილებს.

„5,1 მლრდ დოლარის დავალიანებიდან 3,8 მლრდ გრძელვადიანია, მაგრამ დიდ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს კორპორაციული სექტორისაგან. რაც შეეხება 1,3 მილიარდს, ის მოკლევადიანია და მისი მომსახურება ერთ წელიწადში უნდა მოხდეს. ეს სავალო სტრუქტურაში ყველაზე სუსტი წერტილია. დავალიანება ჩამოყალიბდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხოური ბანკების მიმართ ძირითადად ბოლო ათწლეულში, მას შემდეგ რაც კომპანიებს გაუჩნდათ ქართული ბანკების რეალური ალტერნატივა სახსრების მოსაზიდად.

2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, მაგალითად ესპანეთში, მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა ესპანური კომპანიების „საგარეო“ ვალებმა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ეს საკითხი მნიშვნელოვანია და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხელისუფლებისგანაც“, - აღნიშნა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას გვალიამ.

ექსპერტთა აზრით, საქართველოს საგარეო ვალი 2017 წელსაც მოიმატებს, რაც ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით იქნება გამოწვეული. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძისთვის მიუღებელია, რომ ქვეყანა ვალს თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ან სხვა მიზნით იღებდეს. როცა ეს ხელისუფლება არ იარსებებს, მათ მიერ აღებული ვალდებულებების გასტუმრება სხვებს მოუწევთ.

„ვალის ზრდა კარგი არ არის და ეს მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს. როგორც ჩანს, ახალი ვალდებულებების აღება არ აშინებთ, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ვალის გასტუმრება დღევანდელი მთავრობის საქმე ნამდვილად აღარ იქნება. წავა ეს მთავრობაც და მათ მიერ დღეს აღებული ვალი რამდენიმე წლის შემდეგ სხვისი გასასტუმრებელი გახდება. პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ სესხის აღება ქვეყნის სახელით, რადგან იციან, რომ ვალის გასტუმრების უშუალო პასუხისმგებლობა მათ არ აკისრიათ. მესმის, ჯერ კიდევ გვაქვს ლიმიტი, მაგრამ არ არის აუცილებელი, ამ ზღვარს მივუახლოვდეთ“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.