საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად მთის ტურიზმი დაისახა. ამ იდეას იწონებს საერთაშორისო რგანიზაციებიც და ადგილობრივი სპეციალისტებიც, ოღონდ მათი შეხედულება დარგის განვითარებაზე სხვადასხვაგვარია.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გამოკვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სამთო- სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით.
ამავე მოსაზრებას იზიარებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი, რომელიც საქართველოში სამთო კურორტების განვითარებას დიდი ოპტიმიზმით უყურებს. იგი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება საქართველოში სტუმრობით. ამის გარანტია საქართველოს სილამაზე და ქართველი ხალხის ბუნებრივი თვისებებია:
„საქართველოს ტერიტორიის 65% მთებია. ქართველები ამაყი, პატიოსანი და კეთილი ხალხია. ეს არის იშვიათი კომბინაცია, როდესაც ამაყი ხალხი, იმავდროულად, კეთილი და სტუმართმოყვარეა. თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რაც გაქვთ და ამასთანავე უნდა იყოთ კეთილი, სადა და თავმდაბალი, როცა ვიზიტორებს მასპინძლობთ. ქართველები სწორედ ასეთები არიან... საქართველომ მსოფლიოს თავი უნდა გააცნოს როგორც უძველესი კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ... უძველესი კულტურა ქვეყნის ფესვებშია, ხოლო მაღალი მწვერვალები ზეცას სწვდება“, - აღნიშნა ტალებ რიფაიმ.
ტურიზმი საქართველოში სწრაფად ვითარდება, მაგრამ ამას უფრო სპონტანური სახე აქვს. შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს განვითარების სტრატეგია შემუშავებული აქვს, თუმცა, ის მოკლევადიანია.
„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქრობენ იმაზე, თუ სად ხედავენ თავიანთ ქვეყანას 20 წლის შემდეგ, ჩვენთან ამას ვერავინ ვერ ხედავს. რეგიონებს რომ გადავხედოთ, ნაგვითაა სავსე. რისთვისაც ხალხი აქ ჩამოდის, ის 10-20 წლის შემდეგ აღარ დახვდებათ. მე ამის შიში მაქვს.
ყველა ხეობაში კეთდება ჰესები. ხომ შეიძლება დარჩეს რამდენიმე ხეობა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება. იგეგმება და იგეგმება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, მე მათი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, ეს ეკონომიკისთვის საჭიროა, თუმცა, ხომ შეიძლება რამდენიმე ხეობა დავიტოვოთ იმისთვის, რომ სათქმელი გვქონდეს - კავკასიის მთებში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც შეიძლება ეკოტურიზმი განვითარდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ თაბაგარმა.
აქვე არის მეორე პრობლემაც, რომელიც ვიზიტორების დანახარჯებთან ასოცირდება. მართალია მთავრობა აცხადებს, რომ შარშან ქვეყანამ ტურიზმიდან 2 მლრდ შემოსავალი მიიღო, მაგრამ ქვეყანაში შემოსულ 6 მლნ-ზე მეტ ტურისტზე გადაანგარიშებით ეს არც თუ დიდი რიცხვია.
ესქპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ძირითადად მცირებიუჯეტიანი და შესაბამისად, დაბალი გადახდისუნარიანი ადამიანები ჩამოდიან. ჩვენთან მდიდარი სეგმენტის ტურისტი საკმაოდ ცოტაა.
ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნაკლებად მხარჯველი ტურისტი ჩამოდის. ერთადერთი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ქვეყანა უსაფრთხო გახადოს, რათა ყველა ტურისტმა თავი დაცულად იგრძნოს. მისი განცხადებით, ამის შემდეგ ტურიზმი თავისით განვითარდება.
„ეს თანდათან უნდა მოვიდეს. მთავრობა ხომ არ გაიქცევა და ხომ არ ეტყვის, მილიონერებო ჩვენთან ჩამოდითო? ერთბაშად არაფრი არ ხდება. იმ ქვეყანაში, რომელსაც არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს, არ წახვალ. თავიდან ისრაელიდან ძალიან დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტები ჩამოდიოდნენ, ყოველწლიურად ეს კონტიგენტი იცვლება. გასულ წელს უკვე საკმაოდ მხარჯველი ებრაელებიც ჩამოვიდნენ“, - აცხადებს ალავერდაშვილი.