ბიუჯეტი საშემოსავლო კუთხით გადაჭარბებით შეივსო, მაგრამ ხარჯვით ნაწილში კვლავ სერიოზული ხარვეზებია. მართალია, სახელმწიფოს მიერ ფულის ხელმოჭერილად ხარჯვამ სავალუტო ბაზარს არგო, მაგრამ წლის დარჩენილ პერიოდში მიღებული თანხის ათვისება უფრო დიდი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რაც პრობლემას მოგვიანებით წარმოშობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2,376.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს 327,9 მლნ ლარით აღემატება. საგადასახადო შემოსავლების ზრდამ კი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 16% შეადგინა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, შემოსულობები პირველ კვარტალში 2,690.3 მლნ ლარ იყო, რაც 6%-იანი გადაჭარბებით შესრულების ტოლფასია კვარტალური გეგმის მიმართ.
„ბიზნესის მაღალ აქტივობას ხელს უწყობს საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნების პროცესის გამარტივება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის დაბრუნებული თანხების მაღალი მაჩვენებელი. 2017 წელს საგადასახადო ზედმეტობის სახით ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს 59,9 მლნ ლარი დაუბრუნა, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს 38,7%-ით აღემატება.
საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც 2017 წლის მარტში, ისე პირველ კვარტალში მაღალი იქნება და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს პოზიციას ამჯერად იზიარებენ ეკონომისტებიც. „2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემი ადასტურებს, რომ ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა“, - აცხადებს თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იანვარ-მარტის განმავლობაში სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 704 მლნ ლარიდან 929 მლნ ლარამდე. როგორც დავით ასლანიშვილი აღნიშნავს, დეფიციტური ხარჯვა მინიმალურ დონეზეა და არ არის იმის საშიშროება, რომ დაგეგმილ 4%–იან ზღვარს წლის ბოლომდე გასცდება.
„აქციზური გადასახადის მიზანმიმართული გაზრდით დროულად შეივსო მოსალოდნელი დანაკარგი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, ხოლო ინფლაციის ეფექტი არის ერთჯერადი. ასე რომ, მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალურ პასუხისმგებლობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის, განსაკუთრებით მანამდე წარმოებულ დაუსრულებელი ნეოლიბერალური ექსპერიმენტების ფონზე. ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა უკანასკნელი 8–10 წლის განმავლობაში აღარც მახსენდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია. მცდარ მოსაზრებად მიმაჩნია სამინისტროების შემცირებაში გამოსავლის ძებნა.
გარკვეული ოპტიმიზაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ვერც 6–8 სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მართვას“, - აცხადებს ასლანიშვილი. ბიუჯეტის აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება ხარჯვითი ნაწილი. ოპოზიცია სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. დეპუტატ რომან გოცირიძის აზრით, ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა და ეს წლიდან წლამდე მოუგვარებელი პრობლემაა.
„სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა. უნდა დახარჯულიყო 2, 767 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად, დაიხარჯა 2, 465 მილიარდი. თუ რას ნიშნავს არათანაბარზომიერი, გადავადებული ხარჯვა, ეს ყველამ იგრძნო საკუთარ თავზე ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მიაყარეს ფული და რამაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი“, - აღნიშნავს გოცირიძე.
ამ საკითხზე კომენტარისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ წინასწარი მონაცემებით მაღალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები. მისი ინფორმაციით, სრულად იქნა ათვისებული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2017 წლის პირველ კვარტალში გამოყოფილი სახსრები.