[მანანა ნოზაძე]
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კვლავაც ჩვეული თავდაჯერებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებულია ამჯერად, ხელისუფლება მისი პოლიტიკური მკვლელობის აქტს ამუშავებს, მაინც ყველა პოლიტიკური მეთოდის გამოყენებას აპირებს.
როგორც ბურჯანაძემ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, აღმასრულებელი საბჭო ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, რომლებმაც 26 მაისის მერე დაინახეს, რომ დღეს სხვა საქართველოა და დიქტატურას სასწრაფო ბრძოლა სჭირდება.
ნინო ბურჯანაძეს სააკაშვილის პიარით თავბრუდახვეული იმ უცხოელების გაჰკვირვებია, რომლებიც იარაღით მებრძოლ ლიბიელ და ეგვიპტელ ხალხს თანაუგრძნობენ, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლ, უბრალო ჯოხებით შეიარაღებულ ქართველებს კი კრიმინალებად აღიქვამენ.
„იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, 2009 წელს ფურცელაძის ქუჩაზე ზონდერები რომ გამოგვიგზავნა ხელისუფლებამ, რატომ არ უნდა გვქონოდა ჯოხები? მაინტერსებს, რატომ არის ლიბიელი ხალხი გმირი, რომელიც მართლა გმირია, რომელიც იარაღით, ტანკებით და კალაშნიკოვებით ებრძვის დიქტატორს და ის ქართველები, რომლებიც ჯოხით ხელში იდგნენ სპეცნაზის მოსაგერიებლად, რატომ არიან კრიმინალები?
რატომ არის ეგვიპტელი ხალხი გმირი? მართალია, გვიან გაიღვიძეს, მაგრამ გაიღვიძეს, რომლებიც წავიდნენ თავგანწირვაზე და ჩამოაგდეს დიქტატორი. მიუხედავად იმისა, რომ მუბარაქს განუზომლად დიდი დამსახურება ჰქონდა ეგვიპტის წინაშე, ვიდრე სააკაშვილს. როგორც მინიმუმ, ტერიტორიები არ ჰქონდა დაკარგული და ტაკიმასხარა არ იყო, სერიოზული კაცი იყო, არ შეგრცხვებოდა არც მისი მინისტრების დანახვა, არც მისი გენშტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის. რატომ არიან ისინი გმირები და ჩვენ ერის მოღალატეები?“ – გაოცებას ვერ ფარავს ბურჯანაძე.
26 მაისს დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მორალურ გამარჯვებაზე საუბრობს. მისი აზრით, გალახული ადამიანი შეიძლება გაცილებით უფრო გამარჯვებული გავიდეს ბრძოლის ველიდან, ვიდრე ის, ვინც იგი სცემა. ბურჯანაძისთვის ნაცემ-ნაბეგვი „სახალხო კრების“ წევრები იმ სპეცნაზელებზე გამარჯვებულები არიან, ათი ერთს რომ სცემდა.
„რუსთაველის თეატრში რომ დააყენეს კაცები და უთხრეს, შეაგინეთ ბურჯანაძეს, თორემ კიდევ მოგხვდებათო. მოხვდათ იმათ ჯოხი, მაგრამ ქალს არ შეაგინეს, რომლები უფრო გამარჯვებულები და ღირსეულები არიან?“ –კითხულობს ნინო ბურჯანაძე.
„მესმის, სააკაშვილს ძალიან უნდოდა, გაქცეული ბურჯანაძის ჩვენება. იქნებ, 6 მაისის კადრებიც აჩვენოთ, გასაქცევი რომ ყოფილიყო, იქიდან უნდა გავქცეულიყავი, ორივე შვილი გვერდით მედგა, 15 და 23 წლის. პოლიციელები ჩემსკენ იქაჩებოდნენ, პლასტიკურ ტყვიებს გვიშენდნენ, ორმა კაცმა თვალი დაკარგა და ჩვენს ირგვლივ რვა კაცმა თავის არეში მიიღო ჭრილობა. რატომ არ გავიქეცი? არ ვარ თქვენი პრეზიდენტივით მშიშარა. სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით და სახე იმიტომ ჰქონდა წაშლილი მეორე დღეს“.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური ერთობით სულ სხვაგვარი 26 მაისი გათენდებოდა. თუმცა მისთვის დასანანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მყოფთ გულშემატკივრობდნენ, სავარძლიდან წამოწევა არ ისურვეს და წვიმაში ხალხის მხარდასაჭერად არ გავიდნენ. თავიანთი დუმილით კი ხელი შეუწყვეს დარბევას.
მართალია, ბურჯანაძის ადრესატებს შორის გუბაზ სანიკიძეც იგულისხმება, რომელმაც ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახს გაჭირვებაში არ უმტყუნა, მაგრამ ნინო ბურჯანაძე მისთვის პოლიტიკური მადლობის თქმას არ აპირებს.
„მადლობას ვუხდი გუბაზს პირადად ჩემს მიმართ გამოჩენილი ვაჟკაცური ნაბიჯისთვის, მე გუბაზ სანიკიძისთვის პოლიტიკური მადლობა არ გადამიხდია. რაც არ უნდა პოლიტიკურად გავაკრიტიკო გუბაზ სანიკიძე, ან მან მე გამაკრიტიკოს, არასდროს დამავიწყდება, ის ვისი შვილია. და ის ბავშვობის წლები, რომლებიც მის ოჯახთან მაკავშირებს. ჩვენს პარტიასთან ერთად „სახალხო კრებაში“ რომ ყოფილიყო „ფორუმი“ და „ლეიბორისტული პარტია“, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ეს ხელისუფლება არ იქნებოდა. ისევე, როგორც ეს ძალები, რომ მოსულიყვნენ 26-ში, ხელისუფლება ვერც დარბევას გაბედავდა და მეორე დღეს 100 ათასი კაცი იქნებოდა ქუჩაში, სრულიად სხვა რეალობა განვითარდებოდა“, – დარწმუნებულია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
ამასთან, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ, თუ პრეზიდენტის დაცვამ ვერ შენიშნა მაღაზიის სახურავი, სადაც თურმე გვამები ეყარა, რა გარანტია არსებობს, რომ ისინი ასეთივე გულმოდგინებით დაიცავენ სააკაშვილის სიცოცხლეს?
„ვეკითხები სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროს თემურ ჯანაშიას, რომელიც კარგი პროფესიონალია, არ შეასრულა თავისი მოვალეობა, როგორც საჭირო იყო? თუ არ შესრულა მოვალეობა, ვეკითხები პრეზდენტს, რატომ ჰყავს ის დაცვის უფროსი, რომელმაც პრეზიდენტის სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ? თუ იმ მაღაზიის თავზე, იმ ღამეს არ გაუვლია ე.წ. ოტოს, ქვედანაყოფს, რომელიც პრეზიდენტის მისვლის შემთხვევაში, ადგილსამყოფელს წინასწარ ამოწმებს, თუ არ იყვნენ ისინი დარწმუნებულნი, რომ ყველა სახურავი შემოწმებულია და იქ სნაიპერი არ არის ჩასაფრებული? ეს ნიშნავს, რომ მათ პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს. რატომ ზის ჯანაშია თანამდებობაზე? ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა, რასაც სააკაშვილი, როცა მის პირად უსაფრთხოებასა და პირად კომფორტს საქმე ეხება, არავის პატიობს“.
ამასთან, ბურჯანაძეს ეჭვი ეპარება, რომ პრეზიდენტის ტრიბუნიდან 150 მეტრში მდებარე მაღაზიის სახურავი, საიდანაც ძალიან ადვილად შეიძლებოდა პრეზიდენტისთვის სნაიპერის მიერ იარაღის დამიზნება, არ შემოწმდა.
რაც შეეხება ირაკლი ბათიაშვილს და მის მიერ კინოთეატრ „რუსთაველის“ სახურავზე 15 საათის გატარებას, ნინო ბურჯანაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ბათიაშვილი ნამდვილად იქ იმყოფებოდა, ოღონდ აქაც სააკაშვილის დაცვის თანამდებობრივი გულგრილობის საკითხი დგას. მათ ირაკლი ბათიაშვილის და კიდევ 10 კაცის სახურავზე ყოფნა ვერ შენიშნეს.
ნინო ბურჯანაძეს არ დაუმალავს, რომ შეკითხვები უამრავი აქვს. კერძოდ, გაუგებარია ხელისუფლების ხელთ არსებული ჩანაწერების მიხედვით, რატომ არ მოხდა გრუ-ს სპეცნაზის შემოყვანა, თუკი ასეთი რამ მისი ოჯახის მიერ იგეგმებოდა? რატომ არ აფეთქდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომელთა აფეთქებისთვის თურმე წვიმას შეუშლია ხელი?
ბურჯანაძეს ისიც აინტერესებს, რატომ არ აჩვენებს „რუსთავი 2“ რეალურ კადრებს, როგორ სცემენ ადამიანებს სასიკვდილოდ. მისი თქმით, ეს უნიკალური, შემაძრწუნებელი კადრებია თავის დროზე საჯარო გახდება და ძალიან მალე ყველაფერს გავიგებთ იმ შავბნელ ღამეზე.
„საპარლამენტო კომისიას არ ვენდობი. როცა ექიმი კაცი, ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი იტყვის, რომ თურმე 5 ადამიანი დაზარალდა 26 მაისს, აქედან 4 პოლიციელი, „რუსთავი 2“-ის კადრებს მაინც არ უყურებს? მათ მიერ შექმნილი კომისია არაფერს გამოიძიებს“, – აცხადებს ბურჯანაძე და ამ პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერს გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტების გამოუძიებლობა ახსენდება.
ბურჯანაძემ მაშინ მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით დაავალდებულა პარლამენტი, შეექმნათ კომისია. თუმცა ამაოდ, სიმართლის გარკვევით არავინ დაინტერესებულა. ნინო ბურჯანაძეს არც საკუთარი დამსახურება ავიწყდება, როცა 2007 წლის ნოემბერში პარლამენტის თავმჯდომარეობისას პარლამენტის კარები გააღო და ადამიანები შეიფარა. დღევანდელ ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამის გახსენება არც ოპოზიციას სურს, რომლებიც ბურჯანაძის თქმით, მან სიკვდილს გადაარჩინა.
რაც შეეხება ბადრი ბიწაძეს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ მეუღლეს მაშინ შეხვდება, როცა საჭიროდ ჩათვლის. თუმცა არ ადასტურებს, რომ კიევში ვიზიტისას მეუღლეს უკვე შეხვდა. არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომ 31 მაისს ბადრი ბიწაძე ცხინვალის გავლით დონეცკი-კიევის რეისით მოსკოვში გაემგზავრა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პრესაგე.ტვ–მ რამდენიმე კითხვა დაუსვა ნინო ბურჯანაძეს.
26 მაისთან მიმართებით თქვენ ხელისუფლების შეცდომებსა და დანაშაულზე საუბრობთ, მაგრამ აქციების მსვლელობისას რა იყო თქვენი და „სახალხო კრების“ შეცდომა? ზოგიერთი ოპოზიციონერი ერთ-ერთ მთავარ ნაკლად გეგმის არარსებობას ასახელებს.
_ ყველაფერი იყო, გეგმაც იყო და სხვა ყველაფერიც. ერთადერთი, რაც სახალხო კრებამ ვერ გათვალა და არც შეიძლებოდა გაეთვალა, ის იყო, რომ არ ველოდით, თუ საქართველოს სპეცნაზი და მთავრობა იმოქმედებდა უარესად, ვიდრე კაგებეს სპეცნაზმა იმოქმედა მოსკოვში, ან თუნდაც საბჭოთა სპეცნაზმა –საქართველოში 1989 წელს. მე ვფიქრობ, ამის გათვლა წარმოუდგენელი იყო. იმდენად სასტიკად სცემდნენ ადამიანებს პოლიციის განყოფილებაში. ერთ მათგანს გატეხილ თავში ურტყამდნენ და სისხლისგან დაიცალა, მეორე ასთმიანი კი ექიმის გამოძახებას ითხოვდა და „სიმულიანტობო“, ურტყამდნენ და ექიმი რომ მივიდა, გვიან იყო. რაც სააკაშვილმა გააკეთა, გენერალ როდიონოვსა და საბჭოთა სპეცნაზს არ გაუკეთებია.
ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, თურმე ჩვენ ეს უნდა გაგვეთვალა. ვერ გავთვლიდით, რადგან გეკაჩეპეს დროს ტამანის დივიზიამ, კგბ-ს სპეცნაზმა არ ესროლა საკუთარ ხალხს. არ მინდა, სააკაშვილისა და ბოკერიას ნათქვამი ახდეს, რომ შენ არ იცნობ ქართველ ხალხს, უღირსი ხალხია და მეტს არ იმსახურებენო. მე არ მინდა ერთი რამ, 10-15-20 წლის შემდეგ ეს მაინც მოხდება, მაგრამ ისეთი სისხლიანი სცენარით, როგორც ლიბიაში.
თქვენ აქციებამდეც აცხადებდით, რომ ხალხი დატერორებულია. საიდან გქონდათ ასეთი გადაჭარბებული ოპტიმიზმი, რომ დატერორებული საზოგადოება მიტინგებზე უფრო დიდი ძალით შემოგიერთდებოდათ?
– არა, რატომ? ხალხი გამოვიდა, 30 ათასი კაცი გამოვიდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ ხელისუფლება ღია დიქტატურაზე მოაწერდა ხელს. ის, რაც მოხდა სამი დღით ადრე, 20 რიცხვამდე, იყო უკვე დიქტატურის გაფორმება, როდესაც ადამიანებს ქუჩაში იტაცებდნენ, იპარავდნენ, როცა ადამიანებს ოჯახებში უვარდებოდნენ და საკუთარ მანქანებს ართმევდნენ. ამის წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ასევე, ძნელი იყო.
ხელისუფლება აცხადებს, რომ პირველი გარბოდა ნინო ბურჯანაძე, ასევე, ბათიაშვილი სახურავზე იმყოფებოდა და, რომ ლიდერებმა ხალხი მიატოვეს. რეალურად სიმართლე სად არის?
– ჩართეთ „მაი ვიდეო.გე“ და ნახავთ, სიმართლე რაშია. ხელისუფლება ბინძურად იტყუება, როგორც ყოველთვის. ვინ გარბოდა და ვინ ხნავდა ცხვირით მიწას გორში, ეს ვნახეთ. ნახეთ, როდის გადის ჩვენი მანქანები რუსთაველის გამზირიდან, როცა ოპერაცია უკვე დასრულებულია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმის „აგვისტოს ხუთი დღის“ გადაღება კობა ნაყოფიამ დააფინანსა, რომელიც ცხინვალის ომის დროს საქართველოდან გარბოდა. ამის შესახებ მონაცემები თქვენს მეუღლეს, როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ექნება.
– არა მარტო ნაყოფია გარბოდა, მინდა გითხრათ, პრეზიდენტიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველა გარბოდა. რაც მოახერხეს, რომ ჯიპებში ჩაეწყოთ, ზოგი გასულიც იყო. ნახეთ, მოითხოვეთ სიები, ვინ გადავიდა აქედან იქით, საზღვარზე და ზოგი კი სასაზღვრო სოფლებში იყო ჩამალული. არ მინახავს ეს ფილმი, მაგრამ მარაზმია, წაგებულ ომზე გადაღებულ ფილმში გადაიხადო 50 მილიონი, რათა შენი იმიჯი გაალამაზო. თან ჩამოიყვანო შერონ სტოუნი, რომელსაც არავითარი კავშირი ამ ფილმთან არ აქვს.
იცით, რა, გუშინწინ რაღაც გოიმობაზე ორიოდე წუთით ვუყურებდი გადაცემას. ჯერ ერთი, ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენი ტელევიზიები იცლიან ასეთი ტიპის გადაცემისთვის. უბრალოდ, რომ წავიკითხე ტიტრი – „გოიმობა“, დამაინტერესა, რაზე იყო საუბარი. აი, ეს არის მასობრივი გოიმობა, რაც ამ ხელისუფლებას სჭირს.
აცხადებენ, რომ ბურჯანაძის ოჯახის მიმართ ხელისუფლების მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, მათი დაპატიმრება არ მომხდარა და, რომ ამ საქმეში ჩაერია მზია წერეთელი, პრეზიდენტის ბებია.
– არა მგონია, რაიმე შუაში იყოს წერეთლების ჩარევა ამ საქმესთან. ბოდიშს ვიხდი, ჩემი ოჯახის ორი წევრი დაპატიმრებულია. ჩემი მეუღლის ძმა და მისი ობოლი ძმისშვილი, 19 წლის ბიჭი სხედან ციხეში. ჩემს მეუღლეზე კი საქმეა აღძრული, მეტი რა უნდა იყოს, ხომ არ იცით?
იმ შემთხვევაში, ლიდერი სხვა რომ ყოფილიყო, უფრო მეტი რაოდენობით ხომ არ გამოვიდოდა ხალხი აქციებზე? თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროინდელი პერიოდის გამო ზოგიერთები არ თანაგიგრძნობენ.
– მე არავის თანაგრძნობა არ მჭირდება. მე არავის არ ვაძალებ თანაგრძნობას, საკმარისად მყავს ადამიანები ჩემს ირგვლივ, რომლებსაც ჩემი ნდობა აქვთ, ჩემი რწმენა აქვთ და, რომლებსაც აქვთ ჩემდამი პატივისცემა. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ასეთი მეტი იქნება, მაგრამ მე არავის ვეხვეწები, რომ ჩემს მიმართ ჰქონდეს თანაგრძნობა. არავისთვის მითხოვია, ჩემს საპატივსაცემოდ მოსულიყვნენ იქ. თუ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება, ღმერთმა მოახმაროთ. ხვალ რომ მათ შვილებს ჩაუდებენ ნარკოტიკებს, პურის საყიდლად წასულ მათ შვილებს დაიჭერენ და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევას შეუფარდებენ, აი, მერე არჩიონ ბურჯანაძე მოსწონთ თუ არა.
რომ არა რუსეთში თქვენი ვიზიტი და პუტინთან შეხვედრა, რამაც ხელისუფლებას რუსულ კვალზე აპელირების დამატებითი საშუალება მისცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა მიტინგებზე?
– მინდა გითხრათ, ეს არაფერ შუაში არ არის. რას უშლის პუტინთან ვიზიტი ხალხის გამოსვლას? აბსოლუტურად არაფერს. ეს არის ხელისუფლების შავი პიარი და მეტი არაფერი. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, ამ ერთუჯრედიანი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც მხოლოდ ის იცის, როგორც ერთუჯრედიანებს შეეფერება, თავისი თავი როგორ გადაარჩინოს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე ეს ქვეყანა ნორმალური ვერასდროს გახდება.
კიდევ აპირებთ ხალხს შემდგომშიც დაუძახოთ?
– მე არავის ვეძახი.