ენათმეცნიერების ინსტიტუტი ინგრევა!

ენათმეცნიერების ინსტიტუტი ინგრევა!

ვის ევალება შენობის რეკონსტრუქცია და რას აპირებს ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ავარიული შენობები თბილისის ერთ-ერთ პრობლემად დღემდე რჩება. სამწუხაროდ, ამ საკითხში წარმატებით ვერც ქალაქის ახალი ხელისუფლება დაიკვეხნის და ვერც ძველი, რომელიც ძირითადად ,,ფასადურ შეკეთებებზე'' იყო ორიენტირებული. შედეგად, დედაქალაქში დღემდე არაერთი გაპარტახებული, დანგრევის პირას მყოფი შენობაა და მათ შორის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტიც. მსგავსი შენობები ევროპის მასშტაბით უკვე მუზეუმებადაა ქცეული, ჩვენთან კი, მიუხედავად იმისა, ვიზალიბერალიზაცია ვიზეიმეთ და თავი ევროპელებად ვიგრძენით, ენათმეცნიერების ინსტიტუტი როდის ჩამოინგრევა, არავინ იცის. ამ ისტორიულ შენობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველ სამუშაო დღეს საფრთხეშია ინსტიტუტის ასი თანამშრომელი. 
,,ვერსია'' დაინტერესდა, რა პირობებში უწევთ მუშაობა და ენათმეცნიერების ინსტიტუტს ვესტუმრეთ. შენობაში შესვლისას, ორი გრძნობა დაგეუფლება - შიში და სიბრალული. შიში, როცა დაინახავ ბზარებს, რომლებიც დღითიდღე იზრდება და უფრო და უფრო საშიში ხდება, სიბრალული კი იმ ადამიანების მიმართ ჩნდება, ვინც ამ აუტანელ პირობებში მუშაობს და წლებია შველას ითხოვს. 
იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა შენობის შეკეთების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, ,,ვერსია'' დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ავთანდილ არაბულს ესაუბრა.
- ამ უბანში ძირითადად ძველი შენობებია. ზოგი საუკუნისაც კია, აქედან გამომდინარე, ავარიულია და აღდგენა აუცილებელია. ამ შენობების დანგრევა არ შეიძლება, რადგან ეს ძველი თბილისია და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. ჩვენი ინსტიტუტი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და ძალიან დიდი ისტორია აქვს. აქ თავდაპირველად მთავარმართებლის კანცელარია იყო, 1941 წელს კი მეცნიერებათა აკადემია დაარსდა. მასთან იყო ორი - ენათმეცნიერებისა და ისტორიის ინსტიტუტი. შენობა ადრე ბევრად დიდი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, მთაწმინდის ფერდობზე მცოცავი ქანის გამო, დაზიანდა. პირველი ექსპერტიზა 1990 წელს ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ შენობა ავარიულია. მოგვიანებით, მიწისძვრამ მდგომარეობა გააუარესა, დღეს კი, თავად ხედავთ, ზოგან ისეთი ბზარებია, შეგეშინდება. შენობა შარშანაც შემოწმდა და დაიდო დასკვნა, რომ აუცილებელია მისი გამაგრება, აღდგენა... სამწუხაროა, ასეთი ისტორიის მქონე ინსტიტუტი ამ მდგომარეობაშია. ჩვენი ინსტიტუტი უმდიდრესი ქართული ენის ისტორიასა და თანამედროვეობას სწავლობს; მის მუშაობაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქართული სახელმწიფოებრივი ენა. 
რომელი უწყების ბალანსზეა შენობა და ოფიციალურად თუ მიმართეთ დახმარებისთვის? 
- აკადემიის დაარსების შემდეგ, მის შემადგენლობაში შედიოდა, 60-მდე ინსტიტუტთან ერთად. 2006 წლიდან აკადემია დაიშალა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა ინსტიტუტი, როგორც ერთიანი სისტემა და დატოვა როგორც ცალკე ერთეული, რომელთა უმრავლესობა გადავიდა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში. 2010-2011 წლებში სამინისტრომ ინსტიტუტები გადაიყვანა უნივერსიტეტების დაქვემდებარებაში. 14 ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთდა, მათ შორის ჩვენიც. რაც შეეხება მიმართვას, შეიძლება ითქვას, ყველა უწყება საქმის კურსშია - ბოლო 3 წელში, მივწერეთ მერიას, თბილისის საკრებულოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 
- ამდენ უწყებას რატომ მიმართეთ, თუკი შენობაზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტროა და რა შედეგი მიიღეთ? 
- ამ შენობის, როგორც ძეგლის საკითხი უნდა დასვას კულტურის სამინისტრომ, მაგრამ ინსტიტუტის ბედი განათლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს; ამასთან, რადგან შენობა ძველ უბანშია, შეკეთებაზე უნდა იზრუნოს მერიამ, შედეგი კი ჯერჯერობით არ ჩანს. მიმართვის შემდეგ კვლავ შემოწმდა შენობის ავარიულობა და როგორც ვიცი, დღემდე ეძებენ გამოსავალს, რათა შენარჩუნდეს, არადა ჩვენთვის ყოველი დღე სახიფათოა. ამას გარდა, პირადად ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა - აქ 100 ადამიანი მუშაობს და მათი სიცოცხლე საფრთხეშია. თითქმის ყოველდღე კედლის რაღაც ნაწილი მხვდება ჩამონგრეული. ერთხელ, ჩამონგრეული მასა თანამშრომლის კომპიუტერს დაეცა... იმედია, საკითხი მალე გადაწყდება. 
- თუ ასე არ მოხდება, შენობაში მუშაობა შეუძლებელი იქნება. ალტერნატიული გეგმა თუ გაქვთ? 
- მოთმინების რესურსი ამოიწურა. ამ ზამთარს, გადამწვარი კაბელის გამო საიუბილეო კონფერენციაზე შუქი გაგვეთიშა და ღონისძიება ჩაიშალა. დეკემბრის შემდეგ მუშაობაც შეუძლებელია. ვცდილობთ, თანამშრომლები სახლში დავასაქმოთ. ჩვენი აქ მუშაობა ერთგვარი საპროტესტო აქციაა. დღეს ფასეულობები თავდაყირაა - სამწუხაროა, რომ წინა პლანზეა ფარული მოსმენები, რელიგიური უმცირესობების უფლებები და თითქმის არ აინტერესებთ, ქართულ ენას უჭირს თუ არა, ან რა მდგომარეობაა სკოლებში ამ მხრივ. ისტორიულად, ყოველთვის უმთავრესი იყო სამი რამ: კულტურა, მეცნიერება და განათლება, ამით შენდება ქვეყანა. სამწუხაროდ, თანამედროვე სახელმწიფოებისა და მათ შორის საქართველოს მშენებლობა დაფუძნებულია მხოლოდ ფინანსებზე. ეს არ არის ცუდი, მაგრამ ეკონომიკა უნდა მოვიდეს ინტელექტიდან და მეცნიერებიდან, მეცნიერება ხომ ტევადი ეკონომიკაა. 
- ფინანსები ახსენეთ და თუ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით, რა თანხებთანაა დაკავშირებული ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის აღდგენა? 
- ალბათ, არანაკლებ მილიონი ლარია საჭირო, რაც დღემდე არ ჩანს. თანხა უფრო იზრდება, რადგან ყოველდღე რაღაც ფუჭდება, აქ ყოველი წუთი სახიფათოა სიცოცხლისთვის. 
,,ვერსია'' ეცადა გაერკვია, ხსენებული სამი უწყებიდან რომელია პასუხისმგებელი შენობის რეკონსტრუქციაზე. მერიასა და კულტურის სამინისტროდან ჯეჯელავას უწყებაში გადაგვამისამართეს - შენობის შეკეთება, განათლების სამინისტროს ევალებაო. როგორც გაირკვა, ინსტიტუტი მართლაც განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილების ბალანსზეა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ მათთან, ენათმეცნიერებიდან არანაირი განცხადება არ შესულა. გაირკვა, რომ ინსტიტუტმა ჯერ უნდა მიმართოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც თავის მხრივ მიმართავს სამინისტროს. ინსტიტუტში უკვირთ, რომ სამინისტროში განცხადება არ აღმოჩნდა, რადგან მათი ინფორმაციით, სწორედ მის საფუძველზე შემოწმდა შენობა. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა მაინც აპირებს, ყველა პროცედურა ხელახლა გაიაროს და იმედოვნებს, რომ პრობლემა ამჯერად მაინც მოგვარდება.