ლუდზე აქციზი იცვლება, გაიაფდება თუ არა პროდუქტი?

ლუდზე აქციზი იცვლება, გაიაფდება თუ არა პროდუქტი?

2-წლიანი ჩაგონების შემდეგ, მთავრობა ლუდზე აქციზს ცვლის. ეს არ იქნება განაკვეთის პირდაპირი კლება, მაგრამ მოხდება მისი დიფერენცირება. კომპანიებს საშუალება მიეცემათ ხარჯი შეამცირონ, ხოლო მომხმარებლებს გარკვეული სახეობის პროდუქტი გაუიაფდებათ.

კომპანია „ნატახტარის“ კომერციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, ლუდზე აქციზის გადახედვა მიმდინარე წლის ლუდის სეზონის დაწყებამდე, სავარაუდოდ, პირველ მაისამდე მოხდება. ბიზნესომბუდსმენთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა ლუდის აქციზის დაბეგვრის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, ლუდის აქციზი განისაზღვრება ალკოჰოლის შემცველობის და არა ლიტრაჟობის მიხედვით.

„წინასწარი პირობაა, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ სეზონის დაწყებამდე, ეს არის დაახლოებით პირველი მაისი. ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით აქციზის დაბეგვრა არის ევროკავშირის მოთხოვნა. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს ბიზნესომბუდსმენის ოფისთან, ეკონომიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან, ბოლო შეხვედრა გვქონდა ერთი კვირის წინ და შემდეგი შეხვედრა იქნება ამ კვირაში“, - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

თუ სისტემა შეიცვლება, დიდია ალბათობა, რომ ლუდის ინდუსტრია დაბალალკოჰოლური სასმელის წარმოებაზე გადავა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულია.

„ახალი რეგულაციის მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მწარმოებელი თვითონ განსაზღვრავს, რა რაოდენობა ალკოჰოლი და შესაბამისად, რა გადასახადი იქნება. ეს გვაიძულებს, რომ უფრო დაბალალკოჰოლიანი ლუდი ვაწარმოოთ, რაც მოსახლეობისთვის უკეთესია. ევროპაში არის დაახლოებით 3,8-4%-იანი ალკოჰოლის ლუდი, ჩვენთან კი ძირითადად ალკოჰოლის შემცველობა 5%-ია“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ბიზნესომუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილიც ადასტურებს, რომ ლუდის აქციზის გადახედვაზე მუშაობა „უახლოეს მომავალში“ მოხდება.

ლუდზე აქციზის განაკვეთი 2015 წლის მარტში 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის განაკვეთის გადახედვის საკითხი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის მისი შემოღების დღიდანვე დგას. ბიზნესი ამბობს, რომ აქციზის გამოისობით შემცირებული გაყიდვების გამო ინდუსტრიამ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რაც დაგეგმილი ჰქონდა.

2016 წელი ლუდის ბიზნესმა კლებით დაასრულა. ადგილობრივი კომპანიები ბოლო ორ წელიწადში ლუდის მოხმარების მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ. კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ლუდის რეალიზაციის კლება მოსალოდნელი იყო.

„ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პროცესებმა, ლუდის ბიზნესზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მას წინ უძღოდა აქციზის განაკვეთის ზრდა, რის გამოც პროდუქტის ფასმა მოიმატა. როდესაც გადასახადი მატულობს, პროდუქტი ძვირდება და რეალიზაცია იკლებს - ეს აქსიომაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ ბუნებრივია, რეალიზაცია უნდა შემცირებულიყო. ლარის კურსსაც თუ გავითვალისწინებთ, მთლიანობაში, ბიზნესი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სანამ ლარი არ გამყარდება, არაფერი გვეშველება. დაახლოებით 15%-ით შეგვიმცირდა როგორც რეალიზაცია, ასევე წარმოებაც. იმედია, წელს მდგომარეობა გამოსწორდება, ჯერჯერობით, პრობლემებთან გამკლავება ძნელია“, - აცხადებს თოფაძე.

2015 წელთან შედარებით, შარშან ლუდის ბაზრის საერთო კლებამ 8% შეადგინა. შარშანწინ ლუდის ბაზარმა 70 მლნ ლიტრს მიაღწია, 2016 წელი კი სექტორმა 64 მლნ ლიტრით დაასრულა. 2014 წელს კი, სანამ ლუდზე აქციზი გაიზრდებოდა, ლუდის ბაზარი საქართველოში 84 მილიონ ლიტრს შეადგენდა.

ამის გამო, კომპანიები ჩივიან, რომ გაფართოებაზე ვერც კი ფიქრობენ და ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე არიან გადასულნი. ზოგიერთი საწარმო თანამშრომელთა გათავისუფლების საფრთხის წინაშეც დგას.