ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე საზოგადოებას მიმართავენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი რეალიზაციის მიზნით ბზის მოჭრისაგან და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან. საქმე ისაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბაით კოლხური ბზა 95%-ით განადგურდა, შესაბამისად, იგი გადაშენების პირასაა. ქვეყნის მასშტაბით იმდენად ცოტაა რელიგიური დანიშნულების მცენარე, რომ ნებისმიერმა ხელყოფამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
გარემოს დაცვის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.
„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, - აცხადებენ უწყებაში.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან -ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. დადგენილია ხმობის ძირითადი მიზეზები: დაავადება - ე.წ. „ბზის სიდამწვრე“ დადაავადებას დაემატა მავნებელი მწერი - ბზის ალურა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ჯანსაღ ნარგაობას.
ამჟამად, დღის წესრიგში დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის გადარჩენა, რაც კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს არსებული მდგომარეობის შერბილებაზე“, -განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროში.
ბზის სიდამწვრემ მთელი ქვეყნის მასშტაბით მცენარეთა თითქმის 95% გაანადგურა. CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ყველამ უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
„ახლოვდება ბზობის დღესასწაული, ხდება ტოტების მოჭრა, რაც გადაშენების პირას მისული ბზის განადგურებას აჩქარებს. პირადად მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩვენთან ერთად მათაც სცადონ და ერთად შევინარჩუნოთ ბზა, თორემ რამდენიმე წელიწადში უარი მოგვიწევს დამკვიდრებულ რიტუალზე, რაც ბზის კურთხევას მოიცავს. მცენარე ფიზიკურად აღარ იარსებებს.
ბზის გადასარჩენად საჭიროა, ტაძრიდან წამოღებული ტოტი ჩარგონ ქოთანში და შეინახონ ბნელ ადგილას, სადაც მზე ნაკლებად ხვდება. ამით ისინი ბზას სიცოცხლეს აჩუქებენ და მცენარის გადარჩენაში წვლილს შეიტანენ“, - განუცხადა გაზეთ „რეზონანსს“ გეთიაშვილმა.
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა სერგი რუხაძემ მრევლს ბზების ნაცვლად, ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ მოუწოდა. მან ქადაგების დროს გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, დამდეგ დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ.
გაყიდის თუ არა თავად ეკლესია ბზის ნერგებს, ამის თაობაზე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი ჯერ ვერაფერს ამბობს.