ბიზნესის ნაპოლეონი ფილიპ ანშუტცი

ბიზნესის ნაპოლეონი ფილიპ ანშუტცი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ფილიპ ანშუტცი მეტად თავისებური, ერთგვარად იდუმალური, საოცარი ძალისა და გავლენის მქონე მაგნატი გახლავთ, რომელიც საქმიანი სამყაროს სხვა ტიტანთაგან ძლიერ განსხვავდება. ანშუტცმა თავისი დიდძალი ქონება, რომელსაც განთქმული ჟურნალი Forbes 7,5 მილიარდ დოლარად აფასებს, სხვადასხვა, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობით მოაგროვა. მან დაარსა აშშ-ს ერთ-ერთი მსხვილი ნავთობკომპანია, მას ეკუთვნის ქვეყანაში უდიდესი ფერმა, სარკინიგზო ბიზნესით დიდძალი ფული ჩაიჯიბა და ბოლოს, ანშუტცმა დააარსა აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Qwest Communications.

ცეცხლოვანი მილიონი

ანშუტცი დაიბადა 1940 წელს კანზასის შტატის ქალაქ რასელში. 1961 წელს ადგილობრივი უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა მამასთან დაიწყო, რომელსაც ნავთობის საბადო ჰქონდა. ფილიპმა ამ ბიზნესს ალღო აუღო და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვაიომინგში მდებარე ნაკლებად გამოკვლეული საბადოები შეიძინა, მაგრამ საქმე არცთუ კარგად წაუვიდა.

1967 წელს ანშუტცმა განახორციელა გარიგება, რომელიც მისი, როგორც ბიზნესმენის ხასიათს მშვენივრვად წარმოაჩენს. მაშინ 3 წლის წინ დაარსებული ფილიპის საკუთარი ნავთობკომპანია Anschutz Company გაბანკროტების პირას იდგა. ერთ-ერთი ჭაბურღილი აფეთქდა და ცეცხლი მეზობლად მომუშავე კომპანიების ჭაბურღილებზე გადავიდა. სანამ ხანძარი ბობოქრობდა, ანშუტცმა მეზობელ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ზარალზე პასუხისმგებლობას კისრულობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მიიღებდა ნავთობს, რომელიც, შესაძლოა, მეზობლად მდებარე, ცეცხლმოდებულ ჭაბურღილებში აღმოჩნდებოდა.

პარალელურად, ანშუტცი სასწრაფოდ დაუკავშირდა სანავთობე ხანძრებთან განთქმულ მებრძოლს, გმირად შერაცხულ პოლ ადაირს და მას ვაიომინგში ხანძრის ჩაქრობაზე მოელაპარაკა. თანაც, იგი მახლობლად მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებსაც ცეცხლის გავრცელების საფრთხე ძალიან აშფოთებდათ, შეუთანხმდა, რომ ხანძრის ჩაქრობას საკუთარ თავზე იღებდა და ადაირს მათი ფული გადაუხადა.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. სწორედ იმ პერიოდში ჰოლივუდში ფილმს იღებდნენ ადაირის ცეცხლთან გმირული ბრძოლის შესახებ. ანშუტცი სასწრაფოდ პროდიუსერს დაუკავშირდა და თავის ჭაბურღილებზე ხანძრის ჩაქრობის გადაღების უფლება 100 ათას დოლარად მიჰყიდა. ანუ, ანშუტცმა ცეცხლიც ჩააქრო, ფულიც ჩაიჯიბა და თან ხელში მშვენიერი ჭაბურღილები ჩაიგდო, რომლებმაც პირველი მილიონი მოუტანა.

დიდი ინვესტორი

დროთა განმავლობაში ანშუტცის ქონება იზრდებოდა, ხოლო მისი, როგორც ბიზნესმენის ალღო სულ უფრო მახვილი ხდებოდა. სწორედ ამ, ერთგვარმა მეექვსე გრძნობამ მოუტანა მას პირველი მილიარდი. 80-იანი წლების დასაწყისში, როცა ნავთობის გაძვირებით გახარებული სხვა ბიზნესმენები „შავ ოქროს“ ხელების ფშვნეტით ჰყიდნენ, ფილიპმა თავდაპირველად თავი შეიკავა, პაუზა გააკეთა და შემდეგ თავისი ნავთობის კომპანია Mobile-ს მაქსიმალურ ფასად მიჰყიდა.

ანშუტცი ასევე, ალღოიანად ყიდდა, ყიდულობდა და აერთიანებდა სხვადასხვა სარკინიგზო ხაზებს. როცა 1996 წელს Southern Pacific Railroad-ის, რომელიც ადრე ნავთობით მიღებული ფულით შეიძინა, გაყიდვით 1,4 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მიიღო, თანაც სარკინიგზო ხაზის გვერდით თავისი კაბელის გაყვანის უფლებაც დაიტოვა. ამგვარად მან საფუძველი ჩაუყარა Qwest Communications-ს.

ანშუტცის მიერ Qwest-ის მომავალის ხედვა არანაკლებ გენიალურია, ვიდრე მთელი მისი საინვესტიციო მოღვაწეობა. საქმე იმაშია, რომ მან რკინიგზის ხაზის გვერდით არა მარტო ერთი კაბელი, არამედ ღია მილი განათავსა. ასე რომ, როცა სხვა საკომუნიკაციო კომპანიებმა თავიანთი რესურსები ამოწურეს, ფილიპს მიმართეს და დიდძალი ფულიც გადაუხადეს.

Anschutz Company-ს და მისი შვილობილი ფირმების უმთავრესი მიმართულებები სატელეკომუნიკაციო და მედია-ბიზნესი, ბუნებრივი რესურსები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სპორტი და გართობის ინდუსტრია გახლავთ. 60-იანი წლების ბოლოდან Anschtunz Co აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კორპორაციაა. სატელეკომუნიკაციო სფეროში იგი წარმოდგენილია ორი კომპანიით: Qwest Communicatins და Qwest Digital Media და ბაზრის ლიდერი გახლავთ.

ანშუტცი აშშ-ში ლიდერობით არ დაკმაყოფილდა, ჰოლანდიური სატელეკომუნიკაციო კომპანია KPN-ს საკონტროლო პაკეტი შეიძინა და კორპორაცია KPN Qwest შექმნა, რომელმაც ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ოპტიკურ-ბოჭკავანი ქსელის მომსახურება.

უძრავ ქონებასთან ერთად ანშუტცის ახალი ბიზნესინტერესი თეატრებისა და კონოთეატრების შეძენა გახლავთ. გარდა ამისა, შექმნა კინოკომპანია Crusard Entertainment, რომლითაც, როგორც თავად აცხადებს, ჰოლივუდში „ციფრული რევოლუციის“ მოხდენა აპირებს.

შეუპოვარი მარათონელი

ანშუტცთან დაახლოებული პირები მას როგორც ჩვეულებრივ, სრულიად არაეგოცენტრულ ადამიანს ახასიათებენ. აღსანიშნავია, რომ განთქმულ მილიარდერს ინტერვიუ 1974 წლის შემდეგ არ მიუცია, როცა კოლორადოს ისტორიული საზოგადოების წარმომადგენელს ესაუბრა. საინტერესოა, რომ ანშუტცს სამი ამერიკული ფეხბურთისა და ერთი ჰოკეის კლუბი ეკუთვნის, მაგრამ მას არ სურს ყველასათვის საყვარელ სპორტზე და საერთოდ, არც არაფერზე საჯაროდ ილაპარაკოს. განა იმიტომ, რომ მედია სძულს, სულაც არა, უბრალოდ, არ უნდა თავისი ცხოვრება შოუდ აქციოს. ცოტა არ იყოს მორცხვია და თვითკმაყოფილ ხალხს ვერ იტანს.

სხვა მილიარდერებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძლიერ გამომწვევ, ღია ცხოვრებას ეწევიან, ანშუტცი მეტად ნორმალური და ჩვეულებრივია. იგი დენვერში საკმაოდ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, ჩვეულებრივ საათს ატარებს, ეკლესიაში რეგულარულად დადის, თავის ცოლს „ძვირფასოს“ ეძახის, ბევრი მეგობარი ჰყავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილობრივ, ღია მარათონულ გარბენებში ინკოგნიტოდ მონაწილეობს.

საერთოდ, 71 წლის აშტუნცი ყოველ დილით 15-20 კილომეტრ მანძილზე დარბის. ამბობენ, რომ ერთხელ სირბილისას ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც არ გაჩერდა და დისტანცია ბოლომდე დაფარა. ამგვარი შეუპოვარი ხასიათი აქვს.

ანშუტცის მთავარი გატაცება ფრინველებზე ნადირობაა. როგორც წესი, ამგვარად იგი საკუთარ რანჩოზე ერთობა. კიდევ ჩოგბურთის თამაში უყვარს და, როგორც ამბობენ, ჩოგანს ერთობ მარჯვედ იქნევს და არც გოლფშია ჯაბანი. ხოლო როცა ისვენებს, ისტორიულ წიგნებს კითხულობს და ნაპოლენს აღმერთებს. კაცმა რომ თქვას, არის კიდეც ბიზნესის ნაპოლეონი.