[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ევროპის ცენტრალური ბანკის თავკაცმა ჟან კლოდ ტრიშემ განაცხადა, რომ ევროზონის პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა შეიქმნეს ფინანასთა საერთო სამინისტრო, რომელსაც უფლება ექნება ევროს ზონაში შემავალი ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩაერიოს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მოსაზრება ჩინოვნიკის მიერ პირველად გაჟღერდა, აქამდე მხოლოდ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ევროზონა დაიშლება, თუ საერთო ფინანსური მარეგულირებელი ცენტრი არ შეიქმნა.
ტრიშეს თქმით, მაშინ, როცა არსებობს საერთო ეკონომიკური სივრცე, ბაზარი, ვალუტა და ცენტრალური ბანკი, მის მოსაზრებას არსებობის სრული უფლება აქვს და ევროს ზონაში შემავალი 17 ქვეყნის ხელისუფლებას ამ იდეის განხილვისა და მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ამასთან, ტრიშემ აღნიშნა, რომ საერთო სამინისტროს შექმნა სულაც არ ნიშნავს საერთო ბიუჯეტის ერთპიროვნულ განკარგვას.
ტრიშემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ ინიცირებულმა საერთო სამინისტრომ სამი ძირითადი ფუნქცია უნდა შეასრულოს. პირველ რიგში, უნდა განახორციელოს საბიუჯეტო და კონკურენტუნარიანობის ამაღლების პოლიტიკის კონტროლი და მძიმე ვითარებაში აღმოჩენილი ქვეყნისათვის კონკრეტული ვალდებულებები დააწესოს. ანუ, ცალკეული ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩარევა თავისუფლად შეეძლება.
გარდა ამისა, საერთო სამინისტრომ უნდა განახორციელოს მთელი ევროკავშირის ფინანსური სექტორის კონტროლი. და კიდევ, საერთო მინისტრმა ევროკავშირი სხვა ქვეყნების ფინანსურ უწყებებთან შეხვედრებზე უნდა წარმოადგინოს.
როგორც ცნობილია, ევროპელმა ფინანსისტებმა უკვე მოინდომეს საბერძნეთის ეკონომიკაში ჩარევა. კერძოდ, ახალი კრედიტის სანაცვლოდ მათ მოითხოვეს ქვეყანაში პრივატიზაციისა და გადასახადების აკრეფის პროცესის გაკონტროლება.
უნდა ითქვას, რომ ტრიშეს განცხადება სრულიად ლოგიკურია, რადგან, ანალიტიკოსები კარგა ხანია თვლიან, რომ ევროზონის ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი კოორდინირებული საბიუჯეტო პოლიტიკის არარსებობაა. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში თავიდანვე მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა გადაწყვიტეს, რომ ევროს ზონის ქვეყნების ეკონომიკური და საგადასახადო კანონმდებლობის მხოლოდ ჰარმონიზირება მოეხდინათ. შედეგად, ქვეყნების კანონმდებლობები მსგავსია, მაგრამ საბანკო და საგადასახადო განაკვეთები, საპენსიო ასაკი და ა.შ. განსხვავებულია.
ამჟამად არსებობს ევროკომისიის და ცალკეული ქვეყნების ბიუჯეტები. ყველას შეუძლია თავის ბიუჯეტს ისე მოუქცეს, როგორც სურს, გარდა იმისა, რომ დეფიციტმა 3 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს, მაგრამ ეს პრაქტიკულად არავის გამოსდის.
ასე რომ, საერთო სამინისტროს იდეა მართლაც საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევში შეიქმნება ფედერალური ფინანსური სისტემისათვის დამახასიათებელი პრობლემები. მათ შორის, მთავარი იქნება დოტაციური და მათი მარჩენალი ქვეყნების არსებობა. მაგალითად, როგორც ცნობილია, ამჟამად ევროს ზონის ქვეყნების მთავარი დონორი გერმანიაა, რაც გერმანელებს ძალიან არ მოსწონთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანალიტიკოსთა და ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, საერთო სამინისტროს იდეის განუხორციელებლობის შემთხვევაში ევროს ზონის დაშლა გარდაუვალია. მაგრამ ამას არაერთი პრობლემა მოჰყვება. მაგალითად, ძლიერი ქვეყნები დაკარგავენ შეუზღუდავ და თავისუფალ ბაზარს. რეგიონალურ ბაზარზე წარუმატებლობა მსხვილი ბანკების მიერ მთელს მსოფლიოში პოზიციების დათმობას გამოიწვევს. ამგვარად, შესაძლოა, ტრიშეს მიერ გაჟღერებული იდეა ერთადერთი სწორი არჩევანი იყოს.