[ნანა ბაკურაძე]
„თავისუფლების ქარტია“ - კომუნისტურ წარსულთან საბოლოო გამოთხოვების ინსტრუმენტი, თუ დოკუმენტი, რომელიც მმართველ ელიტას საჭიროების შემთხვევაში „კუდიანებზე ნადირობის“ შესაძლებლობას მისცემს. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 31 მაისს დამტკიცებული „ქარტია“ საზოგადოების განსჯის საგნად უკვე იქცა. არასამთავრობო ორგანზიაციათა ნაწილმა პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადების მოთხოვნი უკვე მიმართა.
საია-ს იურისტი და საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს, რომ ორგანიზაცია ყურადღებით ადვენებდა თვალს დოკუმენტზე მუშაობის პროცესს და ცვლილებებს, რომელიც მასში განხორციელდა. როგორც თოდუა აღნიშნავს, მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ხასიათის ცვლილებისა, „თავისუფლების ქარტია“ ბევრ ხარვეზს შეიცავს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, ვფიქრობთ, არის დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელმაც, ლუსტრაციის პროცესი უნდა განახორციელოს. ანუ, ამ კომისიას ევალება, შეისწავლოს, რომელი პირი მუშაობდა, ან თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირის სპეციალურ სამსახურებთან, ან 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ, უკვე, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. შემდეგ კი, ასეთი პირების მონაცემები სპეციალურ რეესტრში შეაქვს. საერთაშორისო ნორმებით, ასეთი კომისია დამოუკდიებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. „თავისუფლების ქარტიის“ მიხედვით კი, ეს კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ერთპიროვნულად წყვეტს, როგორ და ვისით დაკომპლექტდება კომისია“, - ამბობს თათული თოდუა.
დოკუმენტის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციებს კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ. თუმცა, არ არის დაზუსტებული, რამდენი წევრი უნდა იყოს ამ კომისიაში. „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, ამას შინაგან საქმეთა მინისტრი ერთპიროვნულად წყვეტს. შინაგან საქმეთა მინისტრივე განსაზღვრას კომისიის საქმიანობის წესს. მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურას.
საია-ს წარმომადგენელთა განცხადებით, დოკუმენტში ამ ტიპის ჩანაწერი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ კომისია დამოუკიდებელი და ობიექტური იყოს. შესაბამისად ეს ქმნის საფუძველს, რომ ლუსტრაციის პროცესი სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებამ „კუდიანებზე ნადირობისთვის“ გამოიყენოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი, რომელიც თავადაც იყო ჩართული დოკუმენტის მომზადების პროცესში ამბობს, რომ არასამთავრობოთა ეჭვები და შიში სპეციალური კომისიის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.
„კომისიის დაკომპლექტების წესზე მხოლოდ შემდგომში შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჯერ ამაზე მსჯელობა ნაადრევია, რადგან კომისია არ შექმნილა“, - ამბობს კუბლაშვილი და აღნიშნავს, რომ ლუსტრაციის პროცესი „ბუნებრივია ვერ იქნება ომი ყველას წინააღმდეგ“.
„მას არ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვიღაცის ცრუ მხილება მოხდეს და ვიღაცის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები გახმიანდეს. სწორედ ამ მიზნით ჩაიდო კანონში სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ მუხლი, რომლის პრეროგატივაც იქნება ყველა იმ დოკუმენტის შესწავლა, რომელიც ასეთ სამსახურებთან ამა თუ იმ პირის კავშირს ადგენს და ადასტურებს.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად განაცხადონ თუ ამ სახის საქმიანობას ეწეოდნენ. ასეთ შემთხვევაში, სულ სხვა ტიპის ვალდებულებები წარმოიშობა“, - აღნიშნავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
კიდევ ერთი ხარვეზი, რომელზეც იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიუთითებენ, შსს-სთვის იმ არეალის გაზრდაა, სადაც მას ვიდეოთვალთვალის განხორციელება შეეძლება. „თავისუფლების ქარტიაში“ მართლაც ვრცელია ჩამონათვალი, სადაც სპეცსამსახურებს თვალთავლის განხორციელება შეუძლიათ. მათ შორის, ბევრია ისეთი, სადაც თვალთვალი უკვე ხორციელდება. თუმცა, ძველ ნუსხას ახალი ობეიქტებიც ემატება.
დოკუმენტის თანახმად, შსს ვალდებულია ვიდეოთვალთავლი განახორციელოს აეროპორტებში, მეტროს სადგურებში, რკინიგზის სადგურებში, ხიდებზე და ა.შ. ვიდეოთვალთავლი, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურება, ბუნებრივია არ წარმოადგენს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იმ ადგილებში, სადაც ვიდეოთვალთავლი ხორციელდება, იყოს შესაბამისი მინიშნებები, რაც გულისხმობს, რომ პირი მიმდინარე ვიდეოჩაწერის შესახებ ინფორმირებული იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პრევენცია, რათა არ მოხდეს ამ ვიდეოჩანაწერების გამხელა.
როგორც თათული თოდუა ამბობს, ასეთი პრევენციის არ არსებობის შემთხვევაში „ეს ვიდეოჩანაწერები შესაძლოა სულაც არ იყოს ვინმეს მიერ ცუდად გამოყენებული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამის გარანტია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს. ეს აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა იყოს პროპორციული“.
პალიკო კუბლაშვილის განმარტებით კი, ვიდეოთვალთავლლის არეალის გაზრდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.
„აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე - საზღვრებზე, ჰიდროელექტროსადგურებზე, ან სხვა ობიექტებზე, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის იყოს შესაბამისი კონტროლი“, - აღნიშნავს ის.
რაც შეეხება არასამთავრობოთა შენიშნვებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთავლო კამერების დამონტაჟების უფლება ძალოვანებმა შესაძლოა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევის „გასაპრავებლად“ გამოიყენონ, პალიკო კუბლაშვილი არ იზიარებს.
„ამის საფრთხე ვერანაირად ვერ შეიქმნება, რადგან ეს არის საჯარო სფერო. საჯარო სფეროში მოქმედებას ვერავის ავუკრძალავთ. ეს კამერები არ მონტაჟდება ვინმეს ოთხაში, სახლში ან კერძო საკუთრებაში და ა.შ. არამედ იმ ობიექტებზე, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. მეორეც, ასე ქუჩაშიც არის დაყენებული კამერები. იგივე ბანკების მიერ და იმისთვის, რომ ბანკის გარე პერიმეტრი აკონტროლონ და დანაშაულის პრევენცია მოხდეს“, - ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
„თავისუფლების ქარტიაში“ სამი ძირითადი ნაწილი გამოიყოფა. პირველი - მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მოიცავს ღონისძიებებს ტერორისტული აქტების, ასევე უკანონო ფინანსების მოძრაობის პრევენციისთვის. მეორე - ეს არის შეზღუდვები, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, ასევე იმ პირებს უკავშირდება, ვინც ამ სამსახურებთან თანამშრომლობდა.
მესამე კი -კომუნისტურ და ფაშისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლოების და სახელწოდებების საჯარო სფეროში გამოყენების აკრძალვას გულისხმობს.
ავტორების აზრით, ესეც მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის იდეოლოგია საბოლოოდ გაემიჯნოს იმას, რაც კომუნიზმთან და ფაშიზმთან შეიძლება ასოცირდებოდეს და ეს პროცესი საფრთხის შემცველი ვერავისთვის იქნება.
ავტორთა განმარტებით შეზღუდვები შეეხებათ კომუნისტური პარტიის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს და იმ პირებს, ვინც კომუნისტური იდეოლოგიის ძირითადი გამტარებლები იყვნენ. ასევე საბჭოთა პერიოდში მოქმედი სპეცსამსახურების თანამშრომლებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
„თავისუფლების ქარტიის“ დამტკიცების შემდეგ არანაკლებ აქტუალურია კითხვა რა დოკუმენტები საფუძველზე წარიმართება ლუსტრაციის პროცესი. რადგან საბჭოთა პერიოდის უშიშროების არქივებიდან საქართველოში ნაწილი განადურდა, ნაწილიც რუსეთშია გატანილი.
იმას, რომ არქივების ნაწილი საქართველოდან გაიტანეს, ნაწილიც განადგურდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ სწორედ ამის გამო, ლუსტრაციის პროცესის განხორციელება 20 წლის წინ გაცილებით იოლი და ეფექტიანი იქნებოდა.
პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ სახელისუფლებო უმრავლესობის ეს ნაბიჯი უფრო სიმბოლური ჟესტია და შიშები „კუდიანებზე ნადირობასთან“ დაკავშირებით გადაჭარბებულია, რადგან მმართველი ელიტაც და ოპოზიციის დიდი ნაწილიც საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ საბჭოთა უშიშროების არქივებში მათზე რაიმე ყოფილიყო დაცული.
იმ ფონზე, როდესაც მტკიცებულებები არასაკმარისია და ამას თავად უმრავლესობის წარმომადგენლებიც აღიარებენ, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლებს უჩნდებათ ეჭვი, რომ „თავისუფლების ქარტიის“ მხარდაჭერისას მმართველ გუნდს მხოლოდ კომუნისტურ წარსულთან გამოთხოვების სურვილი არ ამოძრავებდათ და დოკუმენტს თავკომბალად ქცეული შს სამინისტროს უფლებების კიდევ უფრო გაზრდასთან ერთად პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვისაც გამოიყენებენ. მითუმეტეს, აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით გაჩაღებული ომის ფონზე.
ასეთია ოპოზიციის პასუხი მათ მიერვე დასმულ კითხვაზე - რატომ დაუჭირა მმართველმა პარტიამ მხარი დუკუმენტს, რომელიც მათ შორის ლუსტრაციის პროცესსაც გულისხმობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არქივების გარეშე...