ქართული ღვინის ფალსიფიკაციაზე სიგნალი ჩინეთიდანაც მოვიდა

ქართული ღვინის ფალსიფიკაციაზე სიგნალი ჩინეთიდანაც მოვიდა

უცხოეთის ბაზრებზე ქართული ღვინის ფალსიფიკაციის თაობაზე უკვე ხშირად საუბრობენ. რამდენადაც ჩვენი პროდუქტის მიმართ ცნობადობა, ფასი და მოთხოვნა იზრდება, გაყალბების რისკიც მატულობს. რუსეთის შემდეგ ამჯერად ჩინეთი ამახვილებს ყურადღებას ფალსიფიკაციის პრობლემაზე.

მას შემდეგ, რაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, ღვინის ექსპორტმა მკვეთრად მოიმატა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერჯერობით 1,3- მილიარდიან ქვეყანაში აქტიურად მხოლოდ ღვინოა შესული. სხვა პროდუქცია ასე მასშტაბურად არ არის წარმოდგენილი. ღვინის მიმართ დაინტერესება კი საკმაოდ დიდია. რამდენადაც ჩინეთის ბაზარი უზარმაზარია, ბევრი ქვეყანა იბრძვის ფეხის საფუძვლიანად მოკიდებისათვის.

„თუ ქართული პროდუქცია დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩინეთის ბაზარზე. თუმცა, არის ერთი დიდი პრობლემა - ახლა საქართველოში ძალიან ბევრი არასერიოზული კომპანია შემოდის ჩინეთიდან, რომელსაც მხოლოდ ერთჯერადად ფულის გაკეთება აინტერესებს და ირჩევენ ძალიან ცუდ ღვინოს იაფად და გააქვთ ექსპორტზე, ან საერთოდ ყალბ ღვინოს ამზადებენ. ეს საქართველოს სახელს ძალიან უფუჭებს.

ქართული პროდუქციის გაცნობა ჩინელმა მომხმარებელმა სულ ახლახანს დაიწყო, თუ ის ცუდ პროდუქციას გასინჯავს ჩათვლის, რომ ქართული ღვინო ცუდია და აღარ გაეკარება. შედეგად, ჩინეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს ცუდი სახელი ექნება, რაც დამღუპველ შედეგებს მოიტანს. ეს სერიოზული საფრთხეა, ამიტომ აუცილებელია საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ გაამკაცროს კანონი. თუ ქართული პროდუქცია ნდობას დაკარგავს, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის დაიკეტება.

ახლა ურუმჩიდან, ხორგოზიდან და ყაზახეთიდან ძალიან ბევრი ყალბი ქართული ღვინო შემოდის, რაც სახელს უფუჭებს საქართველოს. ამიტომ აუცილებელია ასეთი კომპანიები გაკონტროლდეს საქართველოს მთავრობის მიერ კარგი იქნება შეირჩეს მხოლოდ ისეთი სერიოზული კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს იმიჯზე და ხარისხიანი ღვინო გააქვთ“, - აცხადებს „კომერსანტთან“ შიაო ჯუნ ი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი და კულტურის გამავრცელებელი ელჩი ჩინეთში.

როგორც აღვნიშნეთ, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, იზრდება გაყალბების საშიშროებაც. ამიტომ კომპანიები მთავრობას საკითხის დარეგულირებას სთხოვენ და ერთ-ერთ ვარიანტად ღვინო-მასალების ექსპორტის აკრძალვას განიხილავენ, რადგან საექსპორტო ბაზრებზე, ღვინის გაყალბებისთვის სწორედ საქართველოდან გატანილი ღვინომასალა გამოიყენება. პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ ღვინომასალების ექსპორტთან დაკავშირებით მუშაობა მთავრობაში უკვე მიმდინარეობს. შესაბამის კანონპროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ამუშავებს. სააგენტო კი, თავის მხრივ, საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანის აკრძალვაზე მუშაობს. მისი ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა და მისი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

„შეგვიძლია ვაკონტროლოთ საქართველოში რამდენი ღვინო ისხმება და გადის. რაც ქვეყნის გარეთ ხდება, მისი კონტროლი ჩვენს ძალებს აღემატება. ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია და ნაკლებად არის საჭიროება, რომ ღვინო ჩამოსასხმელი სახით გავიდეს ქვეყნიდან. სჯობს, ეს ფული ქვეყნის შიგნით დაიხარჯოს“, - ამბობს სამანიშვილი.

უშუალოდ ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცოტა გადაჭარბებულს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ორივე ქვეყანამ ერთობლივი ღონისძიებები უნდა გაატაროს.

„თუ ჩინეთში შედის გაყალბებული ღვინო, ვფიქრობ, რომ უფრო ლოგიკურია ამაზე პასუხი ჩინეთმა საკუთარ თავზე აიღოს, რადგან ის მისი ტერიტორიაა. რაც შეეხება საქართველოდან ექსპორტს, საქართველოს გააჩნია ყველაზე მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა და ჩვენ ამ მხრივ აბსოლუტურად პასუხისმგებლები ვართ. სავარაუდოდ, ეს გადაჭარბებული განცხადებაა. თუ რამე ხდება, მყისიერად ვრეაგირებთ იმ იურიდიულ ჩარჩოებში, რისი საშუალებაც გვაქვს.

ჩინეთში უხარისხო ღვინო საქართველოდან ნამდვილად არ შედის. აქ უფრო სხვა მომენტია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში ღვინო შედის სხადასხვა ქვეყნის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, ისეთ ადგილებში, სადაც გადასახადების თავიდან არიდების მცდელობებია, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი რაოდენობა. თუ ჩინეთში სხვა ქვეყნებიდან უხარისხო ქართული ღვინო შედის, ეს არის მნიშვნელოვანი დანაშაული და ამ შემთხვევაში გაერთიანებული ძალებით, იქნება ეს დიპლომატიური თუ იურიდიული საშუალებები, უნდა ვიბრძოლოთ, რათა არაკეთილსინდისიერი ქმედებები აღვკვეთოთ“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.