ეკონომიკის ზრდა - სტარტი კარგია, მაგრამ მთავარია ფინიში

ეკონომიკის ზრდა - სტარტი კარგია, მაგრამ მთავარია ფინიში

თებერვალში მშპ-ს ზრდის ტემპი ცოტათი შემცირდა, მაგრამ წლის პირველი 2 თვის მაჩვენებელი მაინც ძალიან კარგია. ჯერჯერობით ქვეყნის ეკონომიკა პროგნოზირებულზე სწრაფად მიდის წინ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.

მთავრობის წარმომადგენლები ამ მონაცემებით საკმაოდ კმაყოფილნი არიან. მათი ინფორმაციით, მარტიც წარმატებული თვე იქნება და პირველი კვარტალი თვალშისაცემი მაჩვენებლით დასრულდება.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველი თვეების ეკონომიკური ზრდის მონაცემები აჩვენებს, რომ სტარტი საკმაოდ კარგია.

„4,4%-ია თებერვლის მაჩვენებელი, 2 თვის მაჩვენებელი გამოვიდა 4,8% - ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ 4%-იანი ზრდით გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდვართ. მე მაქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად თვალი ვადევნო, მარტის დამატებითი ღირებულების ბრუნვას და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წინასწარი შეფასებით მარტში კარგად არის ექსპორტის ზრდა, ეს გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მაჩენებლები შესრულდება წარმატებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

იმედისმომცემ შეფასებას აკეთებს მსოფლიო ბანკიც. ავტორიტეტული ორგანიზაციის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს. ბანკის ანგარიშის - „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ - თანახმად, მშპ-ს მატების ტემპი მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5%-მდე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა (ივნისის) ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი - 0,3 პროცენტით.

პარალელურად, მსოფლიო ბანკმა შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის. მიმდინარე ტენდენციას დადებითად აფასებენ საფინანსო სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონალურ ფონზე წარმატებას აღწევს.

„რეგიონალური გადასახედიდან ეკონომიკის დაახლოებით 5%-იანი ზრდა არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც ახლოსაა მსოფლიო ბანკის პროგნოზთან და რეგიონში ყველაზე მაღალი მონაცემია. თუ გადავხედავთ, ჩვენთან უფრო მაღალი მაჩვენებლებია. 2017 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,7 %-ია, თურქეთში მშპ-ს ზრდის პროგნოზი წელს არის 3%, პოლონეთში - 3.1%, რუსეთში - 1,7%, რუმინეთში - 3.7%, მოლდოვაში - 2.8%, სომხეთში - 2.7%, აზერბაიჯანში - 1.2%, ბულგარეთში - 3.2%. ზოგადად ქართულ ეკონომიკას აქვს იმის პოტენციალი, მომავალში არა თუ 5-პროცენტიან, არამედ გაცილებით მაღალი ზრდის, თუნდაც 7-8%-იან მაჩვენებელზე გავიდეს. ამის შესაძლებლობას იძლევა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, ლარიზაციის სტრატეგიასთან ერთად“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

თებერვლის მაჩვნებლებს ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც გამოეხმაურა.

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ, ბოლო პროგნოზების მიხედვით, წელს დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს, იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება. ვფიქრობ, გვქონდა სწორი რეაგირება საგარეო შოკზე. დღეს საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად შესაძლებელი იქნება 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“, - განაცხადა გვენეტაძემ.