[მერაბ ბრეგაძე]
„ღმერთმა საქართველოს ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოუგზავნა“, – აცხადებს გაზეთ „კამსამოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე. მისი თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ ხელისუფლებას ისინი არ აინტერესებდა.
„ახლა კი ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ის ამდენს შეძლებდა. ვფიქრობ, მან მხოლოდ მესამედი გააკეთა იმისა, რაც შეუძლია კიდევ გააკეთოს. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. როცა გელაპარაკება, თან კიდევ რაღაცით არის დაკავებული. მის თვალებში ჩანს, რომ რაღაცაზე ფიქრობს, რაღაც არ ავიწყდება და ცდილობს გააძლიეროს პატარა ქვეყანა, რომელიც დანგრეული და კორუმპრებული იყო. თუ ახლა საქართველოში ჩამოხვალთ, ვერ იცნობთ. გასაოცარი რამეები – გზები, პოლიცია, შენობები“, - აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ.
პრესაგე.ტვ-სთვის საინტერესო აღმოჩნდა რას ფიქრობენ კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ვახტანგ კიკაბიძის ამ შფასებებზე და ამ მიზნით „ქართული აკადემიის“ ერთ–ერთ წარმომადგენელს, რეჟისორს, ნუკრი ქანთარიას ვესაუბრეთ:
ბატონ ბუბას ქვეყნის წინაშე დიდი წვლილი მიუძღვის. ქართველ ხალხს მისი შემოქმედებით - კინოროლებით, სიმღერებით და ა.შ. ძალიან დიდი სიამოვნება აქვს მიღებული. მახსოვს, ყოველთვის კაცობაზე, ნამუსზე და ასეთ მაღალ კატეგორიებზე მღეროდა. ჩემდა სამწუხაროდ, ახლა, ამ გამონათქვამებით ყოველივე ფერმკრთალდება. სავსებით შეიძლება ეს კონფორმიზმი ასაკსაც დავაბრალოთ. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ...
გზები და პოლიციის შენობები კარგია, მაგრამ რატომ არაფერს ვამბობთ მკვლელობებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ხდება? გირგვლიანიდან დაწყებული, აქ მსხვერპლს აღარ ჩამოვთვლი. თუ მახსოვრობაში პრობლემები გვაქვს და ყველაფერი დაგვავიწყდა, ბოლო 26 მაისი ავიღოთ. უბრალოდ გავიხსენოთ, რა სისასტიკით ჩატარდა ეს სადამსჯელო ოპერაცია.
თუ ბატონი ბუბა ამასაც ვერ ხედავს, ან თავისებურად ხედავს, მაშინ მისი მხრიდან შეგნებულ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე - რომ ახალგაზრდა ღვთითმოვლენილი ლიდერის კალთაში იჯდეს და ალბათ, თავისი პრაქტიკული პერსპექტივები და მიზნები განახორციელოს.
ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. როგორც ასევე მიუღებელია ის ხალხი, ვინც 26 მაისის დილით რუსთაველზე ხელისუფლებისგან ორდენები მიიღო, მიუხედავად მათი შემოქმედების დონისა და წვლილისა ქართული კულტურის წინაშე. მსგავსი ტიპის ქცევები და გამონათქვამები ადამიანების საინტერესო წარსულს აფერმკრთალებს.
თქვენ კონფორმიზმი ახსენეთ. რატომ ირჩევენ ადამიანები ამ გზით სიარულს?
– როგორც ჩანს, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გარდმოდინდების. ზოგისთვის, ალბათ, ეს არის ერთგვარი შიში, ვაითუ უარი ვთქვა და ამის გამო ამითვალწუნონო. ზოგი ალბათ, ფიქრობს, რომ ეკუთვნოდა ის ორდენი. მიუხედავად იმისა, ქვეყანას სათავეში ჯალათი უდგას თუ არა. ჩემი აზრით, ეს მცდარი დამოკიდებულებაა.
საერთოდ, შემოქმედება მორალთან და სინდისთან ჰარმონიაში უნდა იყოს. პირველ რიგში, თავისი მოქალაქეობრივი მრწამსით და ბიოგრაფიით უნდა ამართლებდეს კაცი თავის ნათქვამს, რასაც საკუთარი შემოქმედებით საზოგადოებას ეუბნება.
ასეთი ადამიანები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ თუ მათ ავალებენ მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვას?
– ზოგისთვის შეიძლება ეს შინაგანი ხმის ძახილია და მიჩვეულია ასეთ პოზიციაში ყოფნას. გავიმეორებ, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს ისეთი საბჭოური ბაცილა და გადმონაშთია, რომელიც თობებში გადადის. თუმცა, მეფის კარის მომღერალი ყველა ეპოქაში სჭირდებოდათ.
მეორე მომენტია, როდესაც კონკრეტულ დირექტივებთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში, ადამიანი საფრთხის ქვეშ ვერ აყენებს ვერც საკუთარ თავს და ვერც გარემოცვას (ოჯახი, უწყება და სხვ.)
ამ თვალსაზრისით, ძნელია ბუბა კიკაბიძის როლის განსაზღვრა. წესით ყველაზე თავისუფალი, ხმამაღალი და მკვეთრი პოზიციების მატარებელი ის უნდა იყოს. ბატონი ბუბა თავისი შემოქმედებით სრულიად თავისუფალია და არავისზე და არაფერზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ვერაფერს გეტყვით, შესაძლოა, ეს ახალგაზრდა ლიდერი მართლა მოსწონს. არ მინდა დავიჯერო, რომ ის გულწრფელი არ არის. მაშინ, ალბათ, საქმე გვაქვს გარკვეულ პრობლემებთან, ასაკთან და გულჩვილობასთან. ვგულისხმობ პრინციპს, ვხედავ იმას, რაც მინდა და რაც არ მინდა, იმას ვერ ვხედავ, რადგან ამის დანახვის უნარი აღარ მაქვს.
მაგრამ, თუ ეს შეგნებულად არის გაკეთებული, ის კონფლიქტში შედის გაკეთებულ საქმეებთან და საერთოდ, საზოგადოებასთანაც.