გახსოვს კავკასია?

გახსოვს კავკასია?

ხანმოკლე რუსულ-ქართული ომის შემდეგ სამი წელი გავიდა და ჯერ კიდევ მბჟუტავ კონფლიქტს, 2012 წელს ორივე ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემის სახით, ხელახალი გაღვივების პოტენციალი აქვს, წერს რეგიონის ექსპერტი თმას დე ვაალი.

 

კავკასია მთლიანობაში და კონკრეტულად საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანნი არიან თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ წარმოადგენენ კონფლიქტის პოტენციურ ზონას. ნებისმიერი მომავალი კონფლიქტის ზემოქმედება შორს გასცდება რეგიონს ისევე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. საქართველო ამავე დროს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში პაექრობის მთავარ სივრცეს წარმოადგენს და ახალმა კონფლიქტმა შესაძლოა რუსეთი უფრო ავტორიტარული გახადოს, ხოლო მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობას, მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებში, ზიანი მიაყენოს.

 

კითხვა: დღეს უკვე ვიცით როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?

დიახ. სურათი ახლა უფრო ნათელია, ვიდრე იმ დროს იყო. ანგარიში, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა და რომელიც შვეიცარელმა დიპლომატმა ჰეიდი ტალიავინიმ შეადგინა, ორივეს ადანაშაულებს, საქართველოსაც და რუსეთსაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ”პირველად” საქართველოს მთავრობამ ”გაისროლა”, 7 აგვისტოს ღამეს, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე შეტევა მიიტანეს, მაგრამ იქ ისიცაა ნათქვამი, რომ ქართველები რუსების მიერ იყვნენ პროვოცირებულნი და ძალიან მალე ირეაგირეს არაპროპორციული ძალით. საქართველოს მთავრობის განცხადებანი იმის შესახებ, რომ მან მოქმედება 7 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთში რუსული შეიარაღებული კოლონის შემოსვლის საპასუხოდ დაიწყო, დასაბუთებული ვერ აღმოჩნდა. ეს არ არის ნახსენები ომის პირველ დღეების იმ ამერიკულ დიპლომატიურ დოკუმენტებში, რომლებიც „ვიკილიქსმა“ გაავრცელა.

 

კითხვა: შესრულდა ექვსპუნტიანი საზავო შეთანხმება?

2008 წლის 12 აგვისტოს, საფრანგეთი პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ იშუამავლა საზავო შეთანხმების დადების პროცესში, რათა დასრულებულიყო ის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც 7-8 აგვისტოს ღამით დაიწყო. მეხუთე მუხლში ნათქვამია: ”რუსული შეიარაღებული ძალები დაიხევს უკან და დადგება იმ ხაზზე, სადაც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იდგა.” ყველა სხვა პუნქტი შეთანხმებისა შესრულდა და მხოლოდ ეს ერთი დარჩა თვალშისაცემ გამონაკლისად. კერძოდ კი, რუსული ჯარი დგას ახალგორის მიდამოებში, ქალაქში, სადაც ძირითადად ქართული მოსახლეობაა და რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან სულ რაღაც 25 მილის მოშორებით მდებარეობს. ახალგორის სტატუსი სადავოა: რუსები და ოსები მას ძველი საბჭოთა სახელდებით მოიხსენიებენ, ლენინგორი, და ამბობენ, რომ ის სამხრეთ ოსეთის საზღვრებში მდებარეობს. ქართველების თქმით, ის არ არის სამხრეთ ოსეთის ნაწილი. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არ არის სადავო – რუსული ჯარი აქ არ იდგა დპირისპირების დაწყების წინ და აქედან გაყვანილ უნდა იქნას, თუ საზავო შეთანხმებას პატივს სცემენ. ამის საპასუხოდ, რუსები ამტკიცებენ, რომ საზავო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ”ახალი რეალობა” გაჩნდა, რადგან მათ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

 

კითხვა: რა ხდება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე?

საქართველოსა და  რუსეთს დღემდე არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობანი და, როგორც ჩანს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მუდმივ დავაში დარჩნენ. ეს რეგიონები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მათ დე იურე საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. თუ ამ ორ რეგიონთან დაკავშირებული კონფლიქტები ოდესმე გადაწყდება, ამას დიდი დრო დასჭირდება. ადგილზე ცოტა რამ შეიცვალა. საერთაშორისო მოლაპარაკებებმა ჟენევაში საზღვრებზე არასტაბილურობის შემცირებას მიაღწია, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ ჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დღევანდელი მოსახლეობის გათვალისწინებით, მოლაპარაკების სტიმული მცირეა, რადგან რუსეთმა ”გადაწყვიტა” კონფლიქტი, როდესაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და მათ საქართველოსგან გამოყოფის უფლება მისცა.

 

კითხვა: როგორია საქართველოს სტრატეგია?

საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ  ამომრჩევლებისთვის მთავარ საკითხთა ნუსხაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უმუშევრობამ და მზარდმა ფასებმა ჩაანაცვლა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მას არა აქვს კონფლიქტი აფხაზეთთან, ან სამხრეთ ოსეთთან, რადგან ისინი რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული ”ოკუპირებული ტერიტორიებია” და შესაბამისად საქართველოს ახლა კონფლიქტი მოსკოვთან აქვს. საქართველოს მთავარი სტრატეგია ისაა, რომ საერთაშორისო მასშტაბით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”დე-ოკუპაცია” მოითხოვოს.  ქართველები გახარებულნი იყვნენ იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ამ ორ რეგიონს ”ოკუპირებული ტერიტორიები“ უწოდა. მაგრამ ევროკავშირმა მას არ მიბაძა. მისი სტრატეგია ასეთია – ”არცნობა და თანამშრომლობა” და ყურადღება ორ რეგიონს შიგნით აქტივობების პოპულარიზაციაზეა აქვს გადატანილი.

 

კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ორი დოკუმენტი მიიღო. ერთი მათგანი, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ძალიან შემზღუდავია და ცდილობს შეზღუდოს თითქმის ყველა ისეთი აქტივობა, რომელიც უშუალოდ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დამტკიცებული. მეორე უფრო პროგრესულია და მისი სახელდებაა ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით: ჩართულობა თანამშრომლობის გზით”. ის ეთანხმება ადამიანთა უშუალო კონტაქტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. თუმცა მოდალობები, რომლებიც მოგვიანებით დაამატეს სტრატეგიას და რომელიც საერთაშორისო პროექტებზე პირობებს აწესებს, თანამშრომლობას აქ საკმაოდ ართულებს.

 

კითხვა: როგორია ცხოვრება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ხშირად განიხილავენ ერთად, როგორც საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს, მაგრამ ისინი რეალურად ძალიან განსხვავებულნი არიან. სამხრეთ ოსეთი პატარა, სასოფლო-სამეურნეო რეგიონია და საქართველოს გეოგრაფიული სივრცის განუყოფელი ნაწილია. მას რუსეთისათვის არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს, გარდა იმისა, რომ სამხედრო ბაზა წინ წასწიოს და ამით თბილისს დაემუქროს. კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) მიერ 2010 წელს შედგენილი ანგარიში იმ საბრალო სურათს აღწერს, რომელიც სამხრეთ ოსეთში 2008 წლის შემდეგ შეიქმნა – მოსახლეობა 30,000-მდეა, ფასები იზრდება, ხოლო რუსული არმია სამუშაო ადგილების ერთადერთი პროვაიდერია. ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ ფრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან აღადგინოს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მაშინაც კი თუ მისი სრული რეინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში არ მოხდა.

 

აფხაზეთი ბევრად უფრო წააგავს პროტო-სახელმწიფოს. მას უფრო დიდი პოპულაცია ჰყავს – 200,000-250,000. თუმცა ეს მაინც იმის ნახევარია, რაც 1992-93 წ.წ. ომამდე იყო, რადგან ამ ომის გამო ეთნიკური ქართველები გაიქცნენ, ან გაძევებულ იქნენ. აფხაზეთს შავ ზღვაზე დიდი სანაპირო აქვს, რაც მას მიმზიდველ საკურორტო ადგილად აქცევს ტურისტებისთვის. ის სოჭის მახლობლად მდებარეობს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ადგილთან. აფხაზეთისთვის რუსული აღიარება არაერთგვაროვანი სიკეთეა – ამით გადაწყდა საქართველოსთან დაკავშირებული მისი უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ ამავე დროს დააჩქარა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ანექსია. რუსეთი დღეს აფხაზეთის მთავარ სამეურნეო აქტივებს ფლობს და მხოლოდ რუსეთთან აქვს მას ერთადერთი ღია საზღვარი. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი უფრო იზოლირებულია დღეს დანარჩენი სამყაროსგან, ვიდრე ეს მანამდე იყო, სანამ რუსეთი მის დამოუკიდებლობას აღიარებდა.

 

კითხვა: როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები?

2005-08 წ.წ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს ადმინისტრაციებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მიხეილ სააკაშვილის საქართველო პრეზიდენტ ბუშისთვის ”თავისუფლების გავრცელების” მისეული გეგმის ნიმუშს წარმოადგენდა. 2008 წლის ომის იმედგაცრუებების შემდეგ, ურთიერთობები გაცივდა, რაც გარდაუვალი იყო. პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებამ, ყურადღება მოსკოვთან ”გადატვირთვის” პოლიტიკაზე გადაეტანა, ბევრი ქართველი დაამწუხრა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამან დაასტაბილურა სიტუაცია საქართველოს გარშემო. ამჟამად ურთიერთობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის შეიძლება აღიწეროს როგორც მეგობრული, მაგრამ პრაგმატული. საქართველომ დაადასტურა მისი პრო-ამერიკული რეპუტაცია იმით, რომ ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, სიდიდით მეორე სამხედრო შემადგენლობა გააგზავნა, მაგრამ მანვე დააყენა ნიშნული, რომლის თანახმადაც ის უფრო დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ირჩევს და ირანთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი დააწესა.

 

პოლემიკის მთავარი თემა იარაღის გაყიდვაა. ქართველები ამტკიცებენ, რომ მათ არა აქვთ საკმაო თავდაცვითი შეიარაღება, რათა სათანადოდ დაიცვან თავი და რომ მათ შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალურად დაუწესა ემბარგო შეიარაღების მიწოდებაზე. აშშ უარყოფს ასეთი ემბარგოს არსებობა, მაგრამ ოფიციალური განცხადებანი იმის ვარაუდს აჩენს, რომ მთავრობა მართალა ფრთხილობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მისი აზრით, რეგიონის უსაფრთხოება უფრო გარანტირებული იქნება, თუ ის ამას არ გააკეთებს. ამის გამო საქართველო იძულებულია სხვა პოტენციური მიმწოდებელი მოიძიოს. ისრაელი, რომელიც 2008 წლის ომამდე საქართველოს ამარაგებდა, ალბათ,  კიდევ ერთხელ ამას აღარ გააკეთებს მოსკოვის ზეწოლისა და საქართველოსთან არსებული ორმხრივი უთანხმოების გამო.

 

კითხვა: არსებობს კონფლიქტის განახლების რისკი?

არ არსებობს არავითარი რაციონალური მიზეზი იმისა, რომ ახალ ქართულ-რუსულ კონფლიქტს ველოდოთ. საქართველო სუსტია და დასავლელი პარტნიორები მას ახალი სამხედრო ოპერაციის საშუალებას არ აძლევენ. რუსეთი დე ფაქტო აკონტროლებს  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და არავითარი მიზეზი არა აქვს იმისთვის, რომ საზღვარი გადმოლახოს და მსოფლიოს 2008 წლის მოვლენები შეახსენოს. მართალია,  2008 წელს გაჩნდა შიშები, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ”რუსეთის ნეო-იმპერიალიზმი” გააქტიურდა, მაგრამ რეალობა ერთ რამეს ცხადყოფს – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო და არა ყველგან შეჭრის პრეცედენტი.

 

მაგრამ რაციონალურობა ყოველთვის არ იმარჯვებს მსოფლიოს ამ კუთხეში და ძალადობის განახლების რისკი ნამდვილად არსებობს. აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2009 წლის ზაფხულში, სატელეფონო დიპლომატიით მოსკოვთან და თბილისთან მოხერხდა კიდევ ერთი კრიზისის შეჩერება. ორივეს, საქართველოსაც და რუსეთსაც 2012 წელს არჩევნები აქვთ და შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება იმისა, რომ მთვლემარე კონფლიქტები საშინაო პოლიტიკაში გამოიყენონ. სიტუაცია რუსეთში, ძირითადად მუსულმანურ ჩრდილო კავკასიაში ისევ გართულდა და ეს შეიძლება გახდეს, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პრაგმატული თანამშრომლობის, ასევე მტრობის გამძაფრების მიზეზი. საქართველოს ბოლოჟამინდელი ინიციატივა ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებით რამდენიმე პოზიტიურ ელემენტს შეიცავს, მაგრამ მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე გაკეთდა და რუსების მიერ პროვოკაციად იქნა აღქმული.

[foreignpress.ge]