სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ცალკე ოპოზიცია უტევს და ცალკე გამომცემლები. სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე ტენდერი 31 მარტს გამოცხადდება და ამ საკითხზე ჯეჯელავას უწყება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული საკითხი 2016 წელს გამოქვეყნებულ 4-წლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი.
„პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არა იმიტომ, რომ გუშინ, ან გუშინწინ ვინმემ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ 2016 წელს, როცა ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, იქ არის გაწერილი ეს პროგრამა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. ყველა ინსინუაცია, რომ პროგრამას რამე პრობლემა აქვს, ეს მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვების სურვილია და მეტი არაფერი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ნაცმოძრაობა კი ამტკიცებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების თაობაზე მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვლება. პარტიის წევრის, მარიამ გერსამიას განცხადებით, იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს, ან სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს.
„მთავრობამ უკვე უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით განხორცილებაზე და იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს ან არასწორი პოლიტიკის შედეგად, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ, იმ ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, დაასუსტა გამომცემლობები (სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული), დააზარალა კონკურენტული გარემო.
სწორედ საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა, სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და აღარ იქმნება ახალი სახელმძღვანელოები. საქართველოში დღეის მონაცემებით 500 ათასამდე მოსწავლეა. ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები“, - განაცხადა გერსამიამ.
სხვათა შორის განათლების სამინისტრო საავტორო უფლებებისა და გრიფირების თაობაზე გამომცემლობების ნაწილიც უპირისპირდება. ისინი სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
როგორც გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ განაცხადა, გამომცემლობის გადასაწყვეტია თავის შექმნილ წიგნს თავადვე დაბეჭდავს, თუ სხვას გადაცემს.
„ერთმა გამომცემლობამ თუ შექმნა მაღალი დონის სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 90% და მეორემ შექმნა სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 10%, თუკი ეს უკანასკნელი იქნება უფრო იაფი, სახელმწიფო შეისყიდის ნაკლებად ხარისხიან სახელმძღვანელოს, რომელიც პრაქტიკაში ცუდად იმუშავებს. სახელმძღვანელოს შექმნისა და განკარგვის, ანუ ბეჭდვის უფლება არის განუყოფელი. თუკი გამომცემლობა გადაწყვეტს, რომ მისი წიგნი უნდა დაბეჭდოს სხვამ, ეს მისი გადასაწყვეტია, შეიძლება ეს უფლება სხვას გადასცეს“, - განაცხადა კუდავამ.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე ტენდერი 31 მარტს გამოცხადდება. თეიმურაზ მურღულიას თქმით, ტენდერის გამოცხადების საკითხზე უწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება. რაც შეეხება გრიფირებულ წიგნებს, სამინისტრო იყიდის სახელმძღვანელოს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება და უწყება არც ამ გადაწყვეტილების გადახედვას გეგმავს.