სექტემბრიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, შესაძლოა, 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება-რეალიზაცია აიკრძალოს, 2018 წლის პირველი იანვრიდან კი 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკები ამოვა მოხმარებიდან. სამომავლოდ, შესაძლოა, პარკების გამოყენება სრულად აიკრძალოს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება პირველად შედეგებზე. პარალელურად მიდის მუშაობა პლასტმასის ჭურჭლის მოხმარების შეზღუდვაზე.
„პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას. შეიძლება პროექტმა ცვლილება განიცადოს და ამოქმედების ვადები არ იყოს ისე, როგორც ახლა გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ვიკა მეტრეველმა.
მისი თქმით, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ჯარიმით დაისჯება, თუმცა რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
„ამჯერად არ ვიცით, შემდეგი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს. 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკი ევროკავშირის კანონმდებლობითაც ყველაზე მსუბუქ ფრაქციად მიიჩნევა, ანუ ყველაზე თხელია. შესაბამისად, ყველაზე დიდი რაოდენობა ბაზარზე გამოყენების მხრივ ამ სახის პარკებს აქვს. პოლიეთილენის პარკები ჩანაცვლდება ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი ტექსტილის ჩანთებით და ა.შ.“, - ამბობს მეტრეველი.
პლასტიკის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას. იგი ქარის მეშვეობით ადვილად ხვდება ტყეებში, ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად.
პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც, თავის მხრივ, იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პლასტიკი გვევლინება „უკვდავი ნაგვის“ სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას.
საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ რეგულაციის დაწესება პლასტმასის ჭურჭელზეც იგეგმება. გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთირებების მართვის დეპარტამენტის უფროსის ალვერდ ჩანქსელიანის განმარტებით, პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა სამომავლო გეგმაა და მისი ამოქმედება, სავარაუდოდ, 2018 წლისთვის იგეგმება.
„ამაზე საუბარი იყო, თუმცა, ერთბაშად ამდენი რეგულაცია ბიზნესზე დიდი ზეწოლა იქნება. ამიტომ, ეს შემდეგი ეტაპი იქნება. მომავალი წლისთვის, შესაძლოა, დავიწყოთ ამაზე ფიქრი და თუ რამე მიემატება, კანონში, რომლითაც პოლიეთილენის პარკების აკრძალვა დარეგულირდება, ცვლილების სახით შევა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჩანქსელიანმა.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტმასის ჭურჭელის აკრძალვაზე საუბარი 2016 წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პლასტმასის ჭიქები, დანა-ჩანგლები და თეფშები 2020 წლიდან უნდა აკრძალულიყო. დღესდღეობით ცხადია, რომ პლასტმასის პროდუქციის ბაზარზე ერთბაშად აკრძალვა საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ მთავრობას ყველა მხარის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს.