რატომ მოქმედებს საქართველოში გაზის 78-მდე ტარიფი - დიდი ფინანსური მაქინაცია
21 თებერვალს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ-ი) ,,სოკარ ჯორჯია გაზმა'', ,,საქორგგაზმა'' და მოგვიანებით ,,ყაზტრანსგაზთბილისმაც'' სატარიფო განაცხადებით მიმართეს, რომელიც კომისიამ 150 დღის ვადაში უნდა განიხილოს და გაზის ახალი ტარიფი დაადგინოს. საერთოდ, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივი აირის 78-მდე სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს. კომპანიები ტარიფის გადახედვას ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის ცვლილების გამო ითხოვენ. კომისია ამ ფაქტს გაითვალისწინებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებული 78-ის ნაცვლად, გაზის 2-3 ტარიფს დაადგენს.
სავარაუდოდ, გაზის ტარიფი ზაფხულში შეიცვლება - ზუსტად ხუთ თვეში ანუ ივლისის ბოლოს, სემეკ-ი ,,სოკარ ჯორჯია გაზისა'' და ,,საქორგგაზის'' განაცხადებს განიხილავს და ადმინისტრაციული საქმის წარმოებაც დაიწყება. იმის გამო, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია დაამტკიცა, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფებს ყოველწლიურად გადახედავს. კომისიაში არ აკონკრეტებენ, გაძვირდება თუ არა გაზი, მაგრამ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით, ასეთი რამ გამორიცხული არაა; მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა 10 წელია გაზის სექტორში ტარიფისთვის არ გადაუხედავთ.
,,ვერსია'' უკვე წერდა, რომ ,,სოკარ ჯორჯია გაზი'' და ,,საქორგგაზი'' აზერბაიჯანული ,,სოკარის'' შვილობილი კომპანიებია, რომლებიც ბუნებრივი აირით საქართველოს რეგიონებს ამარაგებენ. 2013 წელს, თერჯოლის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ბოლნისის, ბორჯომის, ვანის, თეთრიწყაროს, კასპისა და სამტრედია გაზის კომპანიების შერწყმის შედეგად, სააქციო საზოგადოება ,,საქორგგაზი'' შეიქმნა. ,,ვერსიასთან'' საუბრისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ განმარტა, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საქართველოში ბუნებრივი აირის 78-მდე სხვადასხვა ტარიფი არსებობს... ამიტომ 150 დღეში, კომისია კომპანიების მიხედვით, 2-3 ტარიფს შეიმუშავებს:
,,ბუნებრივი აირის ტარიფი ლიცენზიანტებისთვის დგება. ამ შემთხვევაში, კომისიაში განაცხადი გაზის ოთხმა ლიცენზიანტმა შემოიტანა, მათ შორის, სამი - გაზის განაწილების, ერთი კი ტრანსპორტირების ლიცენზიანტია და ტარიფებიც ამ კომპანიებისთვის დადგინდება. რაც შეეხება 78-მდე ტარიფს, რეგიონების მიხედვით, ,,სოკარ ჯორჯია გაზს'' 44 ტარიფი აქვს, ,,საქორგგაზს'' - 30-ზე მეტი. გეოგრაფიული არეალების მიხედვით სხვადასხვა ტარიფი რომ აღარ იყოს, კომპანიას ერთიანი ტარიფი უნდა დაუდგინდეს. მაგალითად, ,,სოკარ ჯორჯია გაზს'', თავისი არეალის ფარგლებში, 44-ის ნაცვლად, ერთი ტარიფი ექნება. პირობითად, დღეს, ქუთაისსა და გორში გაზის სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს, მაგრამ მალე ორივე ქალაქში მხოლოდ ერთი ტარიფი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ტარიფი კონკრეტული კომპანიისთვის დადგინდება ანუ იქ, სადაც კომპანია ოპერირებს და სადაც მისი განაწილების არეალია, გაზის მხოლოდ ერთი, კონკრეტული ტარიფი იქნება''.
გაზის კომპანიებს ტარიფში ბევრი ისეთი კომპონენტი აქვთ ასახული, რაც მიზანშეწონილი არაა და არაგონივრულ დანახარჯად ითვლება. ჩვენ, მომხმარებლები სწორედ ასეთი არაგონივრული ხარჯებით ,,გაბერილ'' გადასახადებს ვიხდით. 150 დღის განმავლობაში, მარეგულირებელი კომისიის წევრები ახალ ტარიფს კონკრეტული ქეისების ანუ კომპანიების მიერ კომისიაში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დაადგენენ.
გოჩა შონია: ,,ყველა ქეისს ცალკე, ინდივიდუალურად ვსწავლობთ და ვმსჯელობთ, ხარჯთაღრიცხვაში რა ხარჯი უნდა დავტოვოთ და რა - არა. სემეკ-ის ტარიფების დეპარტამენტი ხარჯების მარეგულირებელ შემოწმებას ატარებს ანუ აუდიტს იმ ხარჯებს უტარებს, რაც კომპანიამ გასწია. შესაბამისად, ადგენს, ეს ხარჯი რამდენად გონივრული იყო და ამაში მომხმარებელმა საფასური უნდა გადაიხადოს თუ არა. ყველა ეს ხარჯი ტარიფში აისახება, ამიტომ კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ამ ხარჯს გონივრულად შეხედოს. თუ კომპანიამ არაგონივრული ხარჯი გასწია, რა თქმა უნდა, ეს ტარიფში არ უნდა შეიტანოს და არც მომხმარებელს გადაახდევინოს''.
გაზის განაწილების ლიცენზიანტმა ერთ-ერთმა კომპანიამ, სადაზღვევო მომსახურებაზე გარკვეული ხარჯი გასწია და ამაში, გონივრულთან ერთად, არაგონივრული ხარჯიც იყო, თუმცა ყველაფერი ეს ტარიფში იყო ასახული. სემეკ-ის აუდიტორთა ჯგუფმა რამდენიმე არაგონივრული ხარჯი განსაზღვრა და ცხადია, ტარიფიდან ამოიღო. მაგალითად, ამ კომპანიამ ძირითადი მანქანა-დანადგარები სხვადასხვა ხიფათისგან დააზღვია და ამაზე კონკრეტული თანხა გადაიხადა. ცხადია, ეს გონივრული ხარჯი იყო, მაგრამ ამავე კომპანიამ ,,საწარმოო ძირითადი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერებაც'' დააზღვია, რაც არაგონივრული ხარჯია, ვინაიდან მანქანა-დანადგარები უკვე დაზღვეული ჰქონდა. ამავე კომპანიამ იჯარით გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც დააზღვია და ეს ხარჯიც ტარიფში ასახა, რაც ასევე, არაგონივრული ხარჯია. მეტიც, კომპანიამ თანამშრომელთა ჯანმრთელობა სტანდარტული პაკეტით დააზღვია, რაც გონივრული ხარჯი იყო, მაგრამ იმავდროულად, თანამშრომელთა ოჯახის წევრების დაზღვევის ხარჯის ტარიფში ასახვა არაგონივრულია.
გოჩა შონია: ,,დიახ, კომისია ფიქრობს, რომ არაგონივრული ხარჯები ტარიფში არ უნდა აისახოს, მით უმეტეს, მომხმარებელი ამაში ფულს არ უნდა იხდიდეს! მაგალითად, ,,ძირითადი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერების დაზღვევა'' მიუღებელი შემოსავლის დაზღვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია მისივე რისკს აზღვევს, თუმცა ეს რისკი მოგებაში აქვს ასახული, კომპანიას კი იმხელა მოგება აქვს, რომ ასეთი რისკები თვითონვე გადააზღვიოს, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს გონივრული ხარჯი არ არის და ამაში მომხმარებელმა ფული არ უნდა გადაიხადოს. მაგალითად, ოჯახის წევრის დაზღვევა კომპანიის თანამშრომელს საკუთარი ხელფასიდანაც შეუძლია და მომხმარებელი ამაში ფულს არ უნდა იხდიდეს. მეტიც, კომისია გაზის კომპანიების მხოლოდ იმ ტექნიკური პერსონალის დაზღვევას თვლის გონივრულ დანახარჯად, რომელიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.Mმენეჯმენტის დაზღვევა გონივრული ხარჯი არაა, რადგან მას იმხელა ხელფასი აქვს, შეუძლია, დაზღვევის თანხა თვითონვე გადაიხადოს''.
გაზის ერთ-ერთმა კომპანიამ კი მის ბალანსზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ვენახი გააშენა და ამ მიზნით გახარჯული თანხა ტარიფის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ასახა. ცხადია, კომისიაში იმსჯელეს და ვენახისა თუ სათბურების (სხვა კომპანიას სათბური ჰქონდა) ხარჯი გაზის ტარიფიდან ამოიღეს.
,,ნებისმიერი ხარჯი, რაც უშუალოდ გაზის კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, ტარიფში არ უნდა აისახოს. კომპანიას შესაძლოა, მაგალითად, კიტრის სათბური ჰქონდეს. ანუ ეს არის ქონება, რომელსაც ღირებულება აქვს, მაგრამ ცხადია, ტარიფში არ უნდა აისახოს. დავუშვათ, კომპანიას აქვს სანატორიუმი ან დასასვენებელი სახლები, ცხადია, ამ ქონებას ტარიფში არ ავსახავთ, რადგან სანატორიუმი, დასასვენებელი სახლები და სათბური, უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებაზე ან გაზის განაწილება-ტრანსპორტირებაზე ორიენტირებული არ არის და ამიტომ, მომხმარებელი ამაში ფულს არ უნდა იხდიდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება ლოგიკას უნდა ეფუძნებოდეს, ყოველ შემთხვევაში, იმ ტექნიკურ საშუალებებზე გაწეულ ხარჯებს, რაც უშუალოდ წარმოებისთვისაა განკუთვნილი, გონივრულობის ფარგლებში ვითვალისწინებთ და ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა სწორია. დავუშვათ, სახელმწიფომ ტრანსფორმატორის დამზადება შეუკვეთა, რომელიც გაზის რომელიმე კომპანიას საჩუქრად გადასცა. რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმატორზე კომპანიის ფული არ დახარჯულა, შესაბამისად, მისი ცვეთის ხარჯი ტარიფში არ უნდა აისახოს. ამავე ლოგიკით, გრანტები და სუბსიდიები ტარიფში არ აისახება, კომპანიებს გონივრულ ხარჯში მხოლოდ საკუთარ დანახარჯებს ვუთვლით'', - აცხადებს შონია და აღნიშნავს, რომ ტარიფთან დაკავშირებით, სემეკ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გაზის კომპანიები სასამართლოებში ასაჩივრებენ და ამ ტიპის დავების განხილვა სწორედ ახლა მიმდინარეობს. კომპანიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გაზის ტარიფი დაბალია და საჩივარი მისი გაზრდის მოთხოვნით მოამზადეს, თუმცა შონიას განცხადებით, სასამართლოს ლეიბორისტებმაც მიმართეს - შრომის პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოქმედი ტარიფი მაღალია და მის შემცირებას ითხოვენ.
ვიდრე სასამართლო გადაწყვეტს, მოქმედი ტარიფი დაბალია თუ მაღალი, გაზის ლიცენზიანტი კომპანიების სემეკ-ში წარდგენილი განაცხადების განხილვის 150-დღიანი ვადა ამოიწურება და ახალი რეალობის წინაშე დავდგებით. კომისიაში არსებული კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, დღეს იმაზე საუბარი, რამდენი თეთრით გაძვირდება ან გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი, სრული აბსურდია. ბუნებრივ აირს, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს, კომისიაში სოციალურ გაზს უწოდებენ. 1 კუბური მეტრი სოციალური გაზის ღირებულება 120 აშშ დოლარია. გაზის ტარიფი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, 10 წლის წინ დადგინდა, მაშინ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 1.70 ლარი იყო. 10 წელია, გაზის ტარიფი არ გადახედილა, დღეს კი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.45 ლარია. გოჩა შონიამ ,,ვერსიას'' აუხსნა, რომ 150 დღის შემდეგ, სოციალური გაზის ტარიფის მიწოდების კომპონენტი გაიზრდება ანუ 120 აშშ დოლარი იმ პერიოდში არსებული კურსით დაანგარიშდება:
,,150-დღიანი ვადის შემდეგ ანუ ივლისის ბოლოს, გაზის ტარიფში მიწოდების კომპონენტი გაცილებით მაღალი იქნება, თუმცა სამომხმარებლო ტარიფი მიწოდების კომპონენტის გარდა, ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებისგანაც შედგება. ტრანსპორტირება და განაწილება ქსელური საქმიანობაა და დღეს სწორედ იმაზე ვმსჯელობთ, რომ ქსელური კომპონენტები საფუძვლიანად შევისწავლოთ. ესაა ქსელები, კომპანიის აქტივები, მიზნები, თანამშრომლების ხელფასები. მართალია, სამომხმარებლო ტარიფი მიწოდების ნაწილში ცალსახად გაიზრდება, მაგრამ არ ვიცით, ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტების ნაწილში რა მოხდება. თუ ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებში, კომპანიის ხარჯები შემცირდება, შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფი არც შეიცვალოს, თუმცა თუ ეს ორი კომპონენტი უცვლელად დარჩება ან გაიზრდება, ცხადია, სამომხმარებლო ტარიფიც გაძვირდება''.
მოკლედ, კონკრეტული ქეისების დეტალურად შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, ივლისის ბოლოს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ შეიცვალოს. მით უმეტეს, გოჩა შონიამ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიებს ტარიფების ხარჯთაღრიცხვაში ბევრი არაგონივრული ხარჯი აქვთ ასახული. თუ 150-დღიანი ვადის შემდეგ, კომისია გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების კომპანიების ხარჯთაღრიცხვებიდან არაგონივრულ ხარჯებს გამოხშირავს, სავარაუდოდ, გაზის ტარიფი არ გაძვირდება.