„ჟენევის მოლაპარაკებების დემარში შედეგს არ მოგვიტანს“

„ჟენევის მოლაპარაკებების დემარში შედეგს არ მოგვიტანს“

ისედაც უშედეგო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეწყვეტის პირასაა. ქართული მხარე რუსეთისგან ტერორისტული საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს. ექსპერტების შეფასებით, თბილისს უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად აქვს, თუმცა დემარში არაფერს მოიტანს და უმჯობესია, პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმები მოიძებნოს.

ჟენევაში მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდი გაიმართა. შეხვედრის ძირითად თემას სწორედ რუსეთის მიერ საქართველოში დაგეგმილი და განხორციელებული ტერორისტული აქტები წარმოადგენდა.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აცხადებს, უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც, დიალოგის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავს და ახორციელებს, აზრი ეკარგება:

„ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მომზადება და განხორციელება იყო, რომელიც წარსულში წარმატებულად, ბოლო პერიოდში კი, ქართული სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობის წყალობით, წარუმატებელი გამოდგა.

ჩვენ ვზივართ მოლაპარაკების მაგიდასთან იმ სახელმწიფოსთან, რომელიც აგრძელებს ტერორისტული აქტების ორგანიზებას. თუკი ასეთი ქმედებები გაგრძელდება, დისკუსიას უსაფრთხოების საკითხებზე ისეთ ქვეყანასთან, რომელიც, პარალელურად, ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტულ ქმედებებს ახორციელებს, აზრი ეკარგება, მათ შორის ჟენევის ფარგლებში".

ბოკერიას თქმით, ქართული მხარის მიერ დაყენებულ პირობასთან დაკავშირებით, რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზება და განხორციელება, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს კონკრეტული პასუხი არ გაუციათ.

რუსულ პასუხს რაც შეეხება, იგი „დიპლომატიური“, რეალურად კი არაფრისმთქმელია.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებით, "რუსეთი მზად არის განიხილოს საქართველოს ხელთ არსებული ფაქტები, რომლებიც თითქოს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მომზადებას ეხება":

"ჩვენი რეაქცია მოსალოდნელი იყო. მიგვეჩნია, რომ ეს არის ვარჯიში საინფორმაციო-პროპაგანდისტულ საქმიანობაში. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ თუ ქართულ მხარეს აქვთ სერიოზული ფაქტები, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, მზად ვართ ისინი განვიხილოთ, შევისწავლოთ დეტალები და გავაკეთოთ რაღაც კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც შესაბამის მოთხოვნაზე ჩვენ ჩვენი ახსნა-განმარტებები გავაკეთეთ".

კარასინის თქმით, „მთავარია ეს აღმოჩნდეს, არა რაღაც გამონაგონი, არამედ სერიოზული მასალა, რომელიც სერიოზულ ანალიზს დაექვემდებარება“.

ამასთან ერთად, გრიგორი კარასინი შეეხო რა ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების კონსოლიდირებას ანტირუსულ საფუძველზე:

"საქართველოს წარმომადგენელი გიგა ბოკერია ეცადა ემოციურად და დეტალურად დაედანაშაულებინა რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე ტეროტისტული აქტების სერიის ორგანიზებაში. ჩვენ ყოველივე ამას ყურადღებით მოვუსმინეთ ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამგვარ თემებს ჟენევის დისკუსიებზე განვიხილავთ".

დიალოგის ჩიხში შესვლას თბილისის საგარეო უწყება სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა: 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობა. ტერორისტებთან  მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ პირობებს არ თანხმდებიან. ქართული მხარე არ აპირებს არც ჟენევაში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას უსაფრთხოების ან ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვას რუსეთთან, მაშინ როდესაც მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ორგანიზებული ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი. იმავე მიდგომით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ყველა დონეზე მოხდეს ტერორისტული ქმედებების საკითხის დასმა“.  

შექმნილ მდგომარეობას ანალიტიკოსები აფასებენ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას "დასავლეთისადმი გაფრთხილებად" მიიჩნევს.

როგორც "პირWელს" არეშიძემ განუცხადა, "ეს განცხადება პოლიტიკური ვაჭრობის კონტექსტშია განსახილველი და ნაკლებ სავარაუდოა, ქართულმა მხარემ აღნიშნული მოლაპარაკებების შეწყვეტის მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას".

"ჩემთვის ქართული მხარის დამოკიდებულება სრულიად გასაგებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რუსეთის მხრიდან ექსცესების საფრთხე მწვავედ არ იდგეს, თავად ჟენევის მოლაპარაკებების რეზულტატი ძალიან დაბალია. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ერთადერთი მოედანია, სადაც მხარეებს შეხვედრისა და საკითხების განხილვის საშუალება აქვთ. ამდენად, ვფიქრობ, ამ პროცესის შეჩერება არ ღირს. ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა მანამდეც იყო, თუმცა სულ სხვა მხრიდან. ერთი პერიოდი ცხინვალის წარმომადგენლებმა კონსულტაციებს ბოიკოტიც გამოუცხადეს".

არეშიძის თქმით, "ზოგ შემთხვევაში მხარეები ამ ფორმატს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებენ და ქართული მხარის განცხადებაც სავარაუდოდ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი":

"ვფიქრობ, საქართველო გარკვეულ გაფრთხილებას აძლევს როგორც  მოლაპარაკებების მხარეებს, ისე - ზოგადად დასავლელ პარტნიორებსაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვერ ან არ წყვეტენ წამოყენებულ პოლიტიკურ საკითხებს".        

ექსპერტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების დემარში ქართული მხარისთვის სასარგებლო შედეგის მომტანი არ იქნება: "ქართულ მხარეს უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად აქვს, თუმცა უმჯობესია, მან პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმები მოძებნოს".

"ჟენევის მოლაპარაკებების დატოვებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ამ ტიპის ფორმატის გაუქმება ადვილია, შექმნა კი - გაცილებით ძნელი. თუ ქართულ მხარეს უკმაყოფილების გამოხატვა სურს, ვურჩევდი, ამისთვის სხვა გზები მოძებნოს. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მომავალში შესაძლოა, საქართველოსთვის მეტად საჭირო გახდეს", - განაცხადა მენაღარიშვილმა და დასძინა, რომ "ეს დემარში საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა ქართული მხარისთვის სასარგებლო არ იქნება". 

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტეროტორისტული აქტების გაგრძელების შემთხვევაში საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებსაც დატოვებს, ექსპერტი ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ "ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მკითხაობის საგანი შეიძლება, იყოს".

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-17 რაუნდი მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ერთი რამ ცხადია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლს და მარიონეტებს თავი ქუდში აქვთ და ქართულ მხარესთან „საერთაშორისო მოლაპარაკებებს“ დროის გასაყვანად და სტატუს–ქვოს შესანარჩუნებლად იყენებენ.