მთავრობისა და კერძო კომპანიების სატენდერო ჩიხი

მთავრობისა და კერძო კომპანიების სატენდერო ჩიხი

სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს მუდმივად პრობელმები აქვთ ხან თავად სახელმწიფოსთან, ხანაც პროექტებში დასაქმებულ ადამიანებთან. ყველაფრის მიზეზი არარეალურად დაბალი ფასია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები ტენდერებს კი იგებენ, მაგრამ შემდეგ ყველა ვალდებულების გასასტუმრებლად თანხა არ ჰყოფნით. მოკლედ, ამ რთული წრიდან გამოსავალი ძნელად მოსაძებნია. საქმეში უკვე მთავრობაც ჩაერთო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების დაქირავებული თანამშრომლების უფლებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ხელფასების დაგვიანების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები იგებენ ტენდერებს, სახელმწიფო მათ თანხას ურიცხავს, მაგრამ დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასს რამდენიმე თვით უგვიანებენ. მანასეთი ფაქტების აღკვეთისკენ სამართალდამცავებს მოუწოდა.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე პრეცედენტს ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით, მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში. როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ პროექტს და თანამშრომლებს ხელფასი უგვიანდებათ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა“, - აღნიშნაკვირიკაშვილმა და რეგიონული ინფრასტრუქტურისმინისტრს, ზურაბ ალავიძეს ყველა მუნიციპალიტეტში კონტროლის ჩატარება დაავალა.

„სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის უპასუხისმგებლობა. თუ სადმე ამგვარი ფაქტი კიდევ დაფიქსირდება, აუცილებლად მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მინდა სამართალდაცავებსაც ვთხოვო, საკიხს მიუდგნენ გულდასმით და დარღვევების აღმოჩენის შემდეგ, მიიღონ შესაბამისი ზომები. ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, არ უნდა იგრძნონ თავი დაჩაგრულად და კუთვნილი ხელფასი დროულად უნდა მიიღონ. ეს არის ელემენტარული, რაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს ევალებათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ხელფასების დაგვიანების თაობაზე ინფორმაცია აქვს ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძესაც, რომელმაც კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, თითოეულ დარღვევას, რომელიც ტენდერის მონაწილეებს ეხებათ, მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „სამწუხაროდ, ბევრი პრობლემური სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ. ისინი ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ამ მიმართულებით ჩვენც ვმუშაობთ როგორც სამშენებლო კომპანიებთან, ასევე საბანკო სექტორთან. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებებს, ამ საკითხს ნამდვილად არ ვუყურებთ როგორც კონტრაქტორისა და დასაქმებულის ურთიერთობას. ფონდები და სახსრები სახელმწიფოს მიერაა გამოყოფილი და შესაბამისად, კომპანიებმა, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ მუშახელი, დროულად უნდა გადაუხადონ ხელფასი. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა შედეგით არ ვკმაყოფილდებით და როგორც პრემიერმა აღნიშნა, მკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე. ჩვენ ხელების ამოგრეხვის პრინციპით არ ვმუშაობთ. პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი და იმის რესურსიც გვაქვს, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“,- განაცხადა ალავიძემ.

პრობლემის არსებობას ადასტურებს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარაშვილი, თუმცა, აცხადებს, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებში მსგავსი პრობლემები არ არის. საბახტარაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებში თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა, ტენდერების დემპინგური ფასებით მოგება და პროექტის ცვლილებები. მთავარი მიზეზი მაინც ტენდერების დაბალი ფასით მოგებაა. როგორც საბახტარაშვილი აცხადებს, კომპანიები ადეკვატურ ფინანსურ გათვლებს არ აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვების გამო სხვა ვალდებულებებს უგულებელყოფენ.

მეორე მიზეზად საბახტარაშვილი პროექტის ცვლილების გამო ობიექტის ჩაბარების გაჭიანურებას ასახელებს, რაც მისი მტკიცებით, ავტომატურად ხდება ხოლმე ხელფასების დაგვიანების მიზეზი.

„რამდენიმე პროექტზე მქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც იცვლება საპროექტო მონაცემები. შესაბამისად, თანამშრომელი შეიძლება ასეთ დროს გაჩერებული გყავდეს რამდენიმე თვე და ხელფასს ვერ ურიცხავდე“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საბახტარაშვილი.

მისი განმარტებით, ასოციაცია მთავრობასთან ერთად აღინიშნული პრობლემების მოგვარებზე აქტიურად მუშაობს.