„საათის სკანდალიდან“ მილიონ ხემდე - თბილისის ქართველი და არაქართველი მერების X-ფაილი
„მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?“ - იმ დროს, როცა ქართული პოეზიის მეფე ამ სტრიქონებს წერდა, ცხადია, ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მისი სათაყვანებელი ქალის სახელს თბილისის თავს დაარქმევდნენ. ნეტავ, მართლაც, ვის მოუვიდა აზრად, ისეთი მეურნე ჩინოვნიკისთვის, როგორიც, წესითა და კანონით, ქვეყნის დედაქალაქის თავკაცი უნდა იყოს, ერთობ პოეტური „დასახელება“ ებოძებინა? - ამის გარკვევაში დროის დაკარგვა არ ღირს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მერი, როგორც პოლიტიკურ-ჩინოვნიკური სტატუსი ჩვენს ცნობიერებაში კურიოზების აკომპანიმენტით შემოიჭრა. ასე, მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში, ზოგს მერი თბილისის მმართველის საკუთარი სახელი ეგონა და თუკი დედაქალაქის ადმინისტრაციაში მისულს „ადრესატი“ ადგილზე არ დახვდებოდა, მოწიწებით კითხულობდა, ქალბატონი მერი როდის მოვაო. არადა, ერთი-ორის გარდა, თბილისის მერების უმეტესობა ზომაზე მეტად „მოზვინული“ და ,,ზონზროხა'' გახლდათ.
ისე, დღეს მოდური დავით ნარმანიას მილიონი ხეა, თორემ თბილისს ისეთი მერებიც ახსოვს, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთების ჩუქებას „პატივისა და ღირსების“ შელახვად მიიჩნევდნენ. ალბათ, მიხვდით, მხედველობაში ზურაბ ჭიაბერაშვილისა და საათის ამბავი მაქვს, თუმცა ამ თემას ქვემოთ გავშლი. მანამდე კი, როგორც იტყვიან, განსჯისთვის, თბილისის ე.წ. მმართველობით ანატომიას შემოგთავაზებთ.
მაშ, ასე: პოლიტიკურო ანგელოზებო და დემონებო, ილოცეთ ჩემთვის, რამეთუ ზეპირსიტყვიერებაზე, პირად არქივსა და ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით, თბილისის ყოფილი, მოქმედი თუ მომავალი მერების ღირსეული X-ფაილი შევადგინო!
არაქართველი მმართველები
„თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს ითვლის,“ - ასე იწყება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქართველოს დედაქალაქის ანოტაცია, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ,,თბილისი ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი - ებრაელებისთვის''. ამავე ანოტაციაში წერია: „უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი. სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას - ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე - სინაგოგად, მეჩეთად, კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი. დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს“.
დიახ, თბილისი, რომლის დაარსებაც, მოგეხსენებათ, ხოხობს უკავშირდება, იმთავითვე ტოლერანტული გახლდათ, რასაც სხვა თუ არაფერი, ისიც მოწმობს, რომ წლების განმავლობაში, ქალაქს არაქართველები, უმეტესად სომხები განაგებდნენ. ეს გარემოება ქართულ „ვიკიპედიაშია“ ასეა ახსნილი: „თბილისში სომეხი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო, 1921 წლამდე ქალაქის მერის თანამდებობას ხშირად ადგილობრივი სომხები იკავებდნენ, რამდენიმე ისეთი გამონაკლისის გარდა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი ყიფიანი (1875-1879 წლები), ვასილ ჩერქეზიშვილი (1907-1909 წლები) და ბენიამინ ჩხიკვიშვილი 1919-1920 წლები).“
საერთოდ, თბილისქალაქის მმართველობის ისტორია 3 საუკუნეზე მეტს ითვლის. თბილისის სომეხ მმართველებზე აქცენტის გაკეთების გამო ვინმემ, შეიძლება, ქსენოფობებად მოგვნათლოს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, „ვერსია“ მზიანი და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს დედაქალაქის მმართველთა X-ფაილს ადგენს. შესაბამისად, იმის დამალვას, რომ 1699-დან 1917-წლამდე ამ ქალაქის მმართველობის საჭე სომხებს ეპყრათ, აზრი არ აქვს ანუ იმ დროს, როცა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა, ისტორიული ფაქტების უგულებელყოფა, მინიმუმ, ახალ უსამართლობას შობს. ასე რომ, ვინმეს ესიამოვნება თუ არა, „ვერსია“ ისევ ქართულ „ვიკიპედიაზე“ დაყრდნობით, იმ ადამიანთა ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ზემოხსენებულ პერიოდში, ესე იგი, მე-17 საუკუნის მიწურულიდან მე-20 საუკუნის პირველ დეკადამდე თბილისს განაგებდნენ:
1699-1711 წლები – მელიქ გიორგი ასლამაზიან ბეიბუდიანცი; 1712-1734 წლები – მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი; 1734-1746 წლები – მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი; 1746-1751 წლები – მელიქ ანტიონი; 1751-1760 წლები – მელიქ სააკ შერგილიანცი; 1768-1784 წლები – მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი; 1784-1801 წლები – მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი; 1840-1843 წლები – ოვანეს (ივან) იზმირიანცი; 1843-1844 წლებში – სტეფანე გაბრიელიან ხატისიანცი; 1845- 1846 წლებში – მოვსეს ტერ-გრიგორიანცი; 1847-1848 წლები – ოვანეს სიმონიან შადინიანცი; 1849 წელი – პრიდონოვი თომა დავითის ძე; 1851 წელი – ამირაგოვი ზაქარია სტეფანეს ძე; 1852 წელი – მირიმანოვი იოსებ ათანასეს ძე; 1854 წელი – სვეჩნიკოვი ავეტიკ ბოგდანის ძე; 1858 წელი – მანანოვი ანდრეი დავითის ძე; 1859 წელი – არშაკუნივ ართან ბოგდანის ძე; 1862 წელი – მირიმანოვი სოლომონ მირიანის ძე; 1863 წელი – კევორკ (ეგორ) გრიგორიან პრიდონიანცი; 1869 წელი – არწრუმი ერემია ეგორის ძე; 1870 წელი – ალადატომი ნიკოლოზ ივანეს ძე; 1871 წელი – თუმანოვი იასონ დიმიტრის ძე; 1879 წელი – ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე; 1880 წელი – მატინოვი ალექსანდრე სტეფანეს ძე; 1892 წელი – არღუთინსკი-დოლგორუკოვი ნიკოლოზის ძე; 1895 წელი – იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე; 1896 წელი – არღუთინსკი-დოლგორუკოვი ნიკოლოზის ძე; 1898 წელი – ევანგულოვი გიორგი გრიგოლის ძე; 1902 წელი – შესტაკოვი მიხეილ სერგოს ძე; 1904 წელი – არღუთინსკი-დოლგორუკოვი ნიკოლოზის ძე; 1905 წელი – ჩერქეზოვი ვასილ ნიკოლოზის ძე; 1906 წელი – ენკიციანცი ტიგრან ამბარცუმის ძე; 1907 წელი – ჩერქეზოვი ვასილ ნიკოლოზის ძე; 1917 წელი – ენკიციანცი ტიგრან ამბარცუმის ძე.
ბოლო დროს იგივე სოციალურ ქსელებში აქცენტი მხოლოდ თბილისის ანუ როგორც დღევანდელი ზოგიერთი „სვეტი“ იტყოდა, „თფილისის“ სომეხ მერებზე კეთდება, არადა ამ ქალაქის მართვის სადავეები სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ხელშიც არაერთხელ ყოფილა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თბილისი არაბთა სამ - შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა დინასტიასაა მომსწრე. ამ დინასტიათა დროს, თბილისი ცალკე ქალაქი კი არა, საამირო, მაშასადამე, სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული გახლდათ. ისტორიული წყაროების თანახმად, „ტბილისის საამირო“ 736-1122 წლებში არსებობდა.
„არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, XI საუკუნიდან კი - ქალაქ თბილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას... 1122 წელს, დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია“, - წერია მრავალჭირნახული საქართველოს ისტორიაში.
ისტორიის თანახმადვე, თბილისს შუბიანთა დინასტიის ოთხი ამირა ახსოვს. აქედან, ისმაილ იბნ-შუაბი ჩვენს მეგაპოლისს 736-813 წლებში მართავდა, მუჰამედ იბნ-ათაბი - 813-829 წლებში, ალი იბნ-შუაბი კი - 829-830 წლებში. 830 წელს, თბილისის ამირა საჰაკი გახდა, რომელიც ვარდების ქალაქში 23 წელი, მაშასადამე, 853 წლამდე დანავარდობდა.
853 წელს, არაბთა სახალიფოში დიდი პოლიტიკური ,,პერეტრუბაციები'' განხორციელდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შუბიანთა დინასტია შაბანიანთა დინასტიამ ჩაანაცვლა და შესაბამისად, შუბიანებმა თბილისი შაბანიანებს დაუთმეს და ვიდრე სახალიფოში ახალი, ესე იგი, ჯაფარიანთა დინასტია არ მოვიდა, თბილისს შაბანიანი ხალიფები განაგებდნენ, რომელთა „რეესტრიც“ ასე გამოიყურება:
მოჰამედ იბნ ხალიდა - თბილისის ამირა 853- 869 წლებში; ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი - 869-875 წლებში; აბრაჰამ შაბანი - 875-878 წლებში; გაბულოცი - 878-882 წლებში.
882 წლიდან კი, თბილისი, გარდამავალი დროშასავით ჯაფარიანთა დინასტიას გადაეცა. შესაბამისად, პირველი ჯაფარიანელი ამირა, რომელიც ჩვენს ქალაქს 914 წლამდე განაგებდა, ჯაფარ I იბნ-ალი გახლდათ, რომელიც მანსორ იბნ-ჯაფარმა ჩაანაცვლა. 952 წელს, ქალაქისთავად ჯაფარ II იბნ-მანსორი მოგვევლინა, რომელიც ლამის 30 წელი „ნარმანიობდა“. 981 წელს, თბილისის მართვა-გამგებლობა ალი იბნ-ჯაფარს დაევალა, 1011 წელს კი, - ჯაფარ III იბნ-ალის, რომელიც 1045 წელს აბულ-ჰეიჯა იბნ-ჯაფარმა შეცვალა. თბილისის უკანასკნელი ამირა სითილარაბი გახლდათ.
1080 წელს, თუკი შოთა მესხიას აზრს გავყვებით, ამირათა მმართველობა სრულდება და 1122 წლამდე ანუ საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსთან შეერთებამდე, თბილისს „ქალაქის ბერნი“ განაგებენ. ეს ტერმინი გვხვდება „მატიანე ქართლისაში“. „ქალაქის ბერებს“, ისტორიული წყაროების თანახმად, მოქალაქეთა ზედაფენიდან ირჩევდნენ და ისინი სწორედ ამ ფენის ინტერესების დამცველნი იყვნენ. ამავე პერიოდში, თბილისში „საქალაქო კომუნა“, ესე იგი, „ქალაქის საბჭოც“ არსებობდა.
ისტორიის წინაშე მართლები რომ ვიყოთ, თბილისის მმართველობითი ორგანოს X-ფაილში გაკვრით კიდევ ათი ადამიანი უნდა ვახსენოთ ანუ უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-12 საუკუნის შუა წლებიდან მე-18 საუკუნემდე საქართველოს დედაქალაქის თავკაცები იყვნენ: ამირა (შააპ) ვასაკ არცრუნი, ამირა (შააპ) კურდ არცრუნი, შადინ (ბადინ), მელიქ ენალი, მელიქ ბაიანდური, მელიქ ხოჯა-ბეიბუდი, მელიქ აშხარბეკი, მელიქ ავთანდილი, მელიქ ამირ ბეიბუდიანცი, მელიქ ასლამაზ ამირიან ბეიბუდიანცი.
საქალაქო საბჭოს აღმასკომიდან მერობამდე
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს 70-წლიანი წითელი ინფექცია შეეყრება. შესაბამისად, თბილისის მართვის სათავეს ხელში რევოლუციური კომიტეტი იღებს, რომელსაც მოგვიანებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომს დაარქმევენ და რომელიც 1991-წლამდე, მაშასადამე, იმ დღემდე იარსებებს, ვიდრე საბჭოთა კავშირი სულს არ განუტევებს. ამ პერიოდში ანუ 1921-დან 1991 წლამდე თბილისის თავები იყვნენ:
1. სილიბისტრო თოდრია ესეს ძე - 1921 წლის 26 თებერვალი-1921 წლის 10 ივნისი; 2 ალექსანდრე გეგეჭკორი ალექსანდრეს ძე - 1921 წლის 10 ივნისი-1921 წლის 14 დეკემბერი; 3 ლევან ღოღობერიძე დავითის ძე - 1921 წლის 14 დეკემბერი-1922 წლის 12 იანვარი; 4. ვლადიმერ დუმბაძე ელიზბარის ძე - 1922 წლის 12 იანვარი-1923 წლის 7 თებერვალი; 5. ვლადიმერ სუხიშვილი პავლეს ძე - 1923 წლის 7 თებერვალი-1928 წლის 10 თებერვალი; 6. ივანე ბოლქვაძე ბეჟანის ძე - 1928 წლის 18 თებერვალი-1930 წლის 14 ოქტომბერი; 7. პავლე მელაძე გიორგის ძე - 1930 წლის 14 ოქტომბერი-1931 წლის 30 ივლისი; 8. ბაგრატ მაჩაიძე ტიმოთეს ძე - 1931 წლის 1 აგვისტო-1934 წლის 4 ივნისი; 9. ვალერიან ბაქრაძე მინას ძე - 1934 წლის 7 ივნისი-1934 წლის 30 ნოემბერი; 10. სიმონ ჯუღელი პილატეს ძე - 1934 წლის 1 დეკემბერი- 1935 წლის 15 მაისი; 11. მიხეილ ნიორაძე ტროფიმეს ძე - 1935 წლის 15 მაისი-1937 წლის 19 ივნისი; 1. კოტე ბუჯიაშვილი დიმიტრის ძე - 1937 წლის 20 ივნისი- 1937 წლის 31 აგვისტო; 13. მიხეილ გვიშიანი მაქსიმეს ძე - 1937 წლის 31 აგვისტო-1938 წლის 19 სექტემბერი; 14. იოსებ კოჭლამაზაშვილი დიმიტრის ძე - 1938 წლის 19 სექტემბერი-1943 წლის 10 მაისი; 15. გიორგი გოჩაშვილი ალექსანდრეს ძე - 1943 წლის 12 მაისი-1949 წლის 15 იანვარი; 16. მიხეილ ლელაშვილი მიხეილის ძე - 1949 წლის 16 იანვარი-1951 წლის 15 ნოემბერი; 17. გრიგოლ ზამბახიძე ნიკიფორეს ძე - 1951 წლის 15 ნოემბერი- 1952 წლის 9 სექტემბერი; 18. გივი ჯავახიშვილი დიმიტრის ძე - 1952 წლის 9 სექტემბერი- 1953 წლის 29 აპრილი; 19. გიორგი გეგეშიძე ანდრიას ძე- 1953 წლის 29 აპრილი-1953 წლის 10 ოქტომბერი; 20. მიხეილ მაღრაძე კონდრატეს ძე - 1953 წლის 10 ოქტომბერი-1956 წლის 27 აგვისტო; 21. ალექსანდრე მელაძე ერასტის ძე - 1956 წლის 27 აგვისტო - 1965 წლის 22 ოქტომბერი; 22. შოთა ბუხრაშვილი ეფრემის ძე - 1965 წლის 22 ოქტომბერი- 1973 წლის 9 მარტი; 23. თამაზ ჯანელიძე ბესარიონის ძე - 1973 წლის 10 მარტი-1973 წლის 12 ნოემბერი; 24. ბახვა ლობჟანიძე თევდორეს ძე - 1973 წლის 12 ნოემბერი-1979 წლის 6 იანვარი; 25. გურამ გაბუნია დიმიტრის ძე - 1979 წლის 6 იანვარი-1982 წლის 1 დეკემბერი; 26. ბორის სარალიძე ერასტის ძე - 1982 წლის 1 დეკემბერი-1984 წლის 27 სექტემბერი; 27. ზაურ მესხიშვილი შიოს ძე - 1984 წლის 27 სექტემბერი-1987 წლის 9 მარტი; 28. ირაკლი ანდრიაძე ონისიმეს ძე - 1987 წლის 9 მარტი-1991 წლის 2 ოქტომბერი.
საქალაქო საბჭოს აღმასკომი სულს, როგორც საარქივო მასალები მოწმობს, 1991 წლის 2 ოქტომბერს განუტევებს, მაგრამ ხომ იცით, მეფე რომ მოკვდება, ხალხი მაშინვე სკანდირებას იწყებს ხოლმე, მეფეს გაუმარჯოსო. ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ადგილას სახელშეცვლილი ინსტიტუტი გაჩნდება, რომელსაც მერიას დაარქმევენ. თბილისის პირველი მერობის პატივი თამაზ ვაშაძეს ერგება, რომელიც ამ პოსტზე 1992 წლის 6 იანვრამდე იმუშავებს. მოგეხსენებათ, 1992 წლის 6 იანვარი ის თარიღია, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია და შესაბამისად, მისი მთავრობა მაშინდელმა ოპოზიციამ დაამხო.
ეს მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში სახელმწიფო გადატრიალების ან, სულაც, პუტჩის სახელით შევა. პუტჩისტური საქართველოს მართვა-გამგეობას სამხედრო საბჭო ითავებს, რომელიც თბილისის მერად ოთარ ლითანიშვილს დანიშნავს. ლითანიშვილი ქალაქის თავი ზუსტად ერთი წელი იქნება და... 1993 წლის 21 იანვარს, თბილისის პოლიტიკურ ავანსცენაზე კოტე გაბაშვილი გამოჩნდება. დიახ, სწორად მიხვდით - ბატონი კოტე ექსნაციონალ გოკა გაბაშვილის მამაა. უფროსი გაბაშვილის ჩინოვნიკობა რამდენიმე თვეს გასტანს და... 1993 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის მერად ნიკო ლეკიშვილი დაინიშნება.
როგორი მერი იყო ლეკიშვილი? - ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. თავად ბატონი ნიკო კი იმ ორ წელს, როცა ქალაქის თავი იყო, ინტერვიუში, რომელიც ამას წინათ ჩავწერე და რომელიც ,,ვერსიაში'' გამოქვეყნდა, ასე იხსენებს:
„...უშიშროების სპეციალური განყოფილება, ჩემს წინააღმდეგ აამუშავეს - გაზეთებიც ჩართეს, ზედმეტსახელებიც მომიგონეს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. პრაქტიკულად, უშიშროებაში საბჭოთა სისტემა აღადგინეს, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო... როგორც იქნა, მივაღწიეთ, რომ კონტრდაზვერვა ცალკე გამოვყავით, თუმცა აქაც ავთო იოსელიანის ფაქტორმა იმუშავა... უშიშროება შევარდნაძეს ეუბნებოდა, ფულს ვერ მაძლევთ, რომ იარაღი ვიყიდო და ამას მე თვითონ ვიზამო. ბიზნესმენებს უშიშროებაში ეძახდნენ და ფულს ართმევდნენ...
- კონკრეტული გვარები დაასახელეთ!
- გვარებს რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფერს ისინი აკეთებდნენ, ვინც მთავრები იყვნენ... ისიც მნიშვნელოვანი იყო, ზოგიერთი სამსახურის გაუქმება ვერ მოხერხდა. თბილისის მერი რომ გავხდი, რამდენიმე სამსახური, მაგალითად, ფასების დეპარტამენტი გავაუქმე. ამ სამსახურში პატივსაცემი ხალხი მუშაობდა, მაგრამ ბოდიში მოვუხადე. სახლმმართველობების გაუქმებას დიდი ხმაური მოჰყვა - საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა რომ აგეღოთ, ალბათ, გახსოვთ, ფული უნდა გადაგეხადათ და ამიტომ, სახლმმართველებს გაუქმება არ აწყობდათ... ბენზინის ბიზნესში შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ჩართულნი - ავტოგასამართი სადგურები გააუქმეს და ბენზინს პირდაპირ რუსთაველზე ყიდდნენ. 1993 წლის ნოემბერში ბრძანება გამოვეცი, რომ 1994 წლის პირველ მარტამდე ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ და ადგილებს გამოვუყოფდით, სადაც ჯერ კონტეინერებს დადგამდნენ, მერე კი, ახალ ავტოგასამართ სადგურებს გახსნიდნენ, მაგრამ არავინ მოვიდა. ახალი წლის შემდეგ, ტელევიზიით გამოვედი და ვთქვი, რახან არ მოდიხართ, ძალით გაგყრით-მეთქი. საამისოდ ვემზადებოდი კიდეც - დახმარება თავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილს ვთხოვე...
მოკლედ, ერთ დღესაც, თათბირზე ვიყავი და დამირეკეს, თავისუფლების მოედანი შეიარაღებული ხალხითაა სავსე და შენთან შეხვედრას ითხოვსო.
- მეამბოხეთა ატამანი ვინ იყო?
- სამნი აქტიურობდნენ... სხვათა შორის, ჯაბამაც დამირეკა, იყვნენ, რას ერჩიო... მოკლედ, ამ შეიარაღებულ ხალხთან მივედი... გაისროლეს კიდეც, მაგრამ ნელ-ნელა ჩემს წინადადებაზე წამოვიდნენ. ვანო, გლდანსა და სხვა გარეუბნებზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველზე, ,,პლეხანოვზე'', დიღომში, პირდაპირ ხიდზე, ჯამში, 21 ათასი ჯიხური იდგა. ყველა ავიღე, თან წყნარად და ჩხუბის გარეშე...
- ბატონო ნიკო, ლეგენდის მიხედვით, ბევრი ფული იშოვეთ... წილებში ჩასმას გთავაზობდნენ?
- ამას ვერავინ გამიბედავდა. ლეგენდები კი, გითხარი, ვისი გავრცელებულიც იყო...
- ესე იგი, დღეს ბიზნესი არ გაქვთ?
- რაჭაში ვენახი დ რამდენიმე მეგობართან ერთად, ღვინის ქარხანა მაქვს. „ჯი-არ-დი“-სა და კიდევ რამდენიმე პროექტის დამფუძნებელი ვარ და მორჩა, მეტი არაფერი მაქვს''.
1995 წლის 8 დეკემბერს, ნიკო ლეკიშვილი თბილისის მერობას ბადრი შოშიტაიშვილს დაუთმობს, რომელიც ამ თანამდებობაზე სამი წელი იმუშავებს. 1998 წლის 10 აგვისტოს კი, თბილისის თავი ვანო ზოდელავა გახდება.
,,ჭია'', გიგი, სევდია, მილიონი ხე და ,,საათის სკანდალი''
ამასობაში, „ვარდების რევოლუციაც“ მოხდება და... 2004 წლის 19 აპრილს თბილისის მერად „ენჯეოშნიკი“ ზურაბ ჭიაბერაშვილი მოგვევლინება. ვერ ვიტყვით, რომ „ჭია“ (ექსნაციონალს პოლიტიკური და-ძმები სწორედ ამ თიკუნით მოიხსენიებენ) თბილისის მართვას „ცეცხლითა და მახვილით“ შეუდგება, მაგრამ როგორც მერი, საზოგადოებას თავს რამდენიმე გახმაურებული საქმით დაამახსოვრებს. აქედან ერთ-ერთი ზემოხსენებული „საათების სკანდალი“ იქნება, რომელიც „ვარდების რევოლუციის“, პრაქტიკულად, წლისთავზე მოხდება. 2004 წლის 27 ოქტომბერს ინტერნეტპორტალი ცივილ.გე შემდეგი სახის ნიუსს გაავრცელებს:
„თბილისის მერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელსაც თბილისის ხუთივე რაიონის გამგებლები დაესწრნენ. ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ისანი-სამგორის გამგებელმა, ზურაბ ადამიამ მას ძვირფასი საათი აჩუქა და ამისათვის თანამდებობიდან ათავისუფლებს.
„მე მაინტერესებს, როგორ შეუძლია გამგებელს, რომლის ხელფასიც 160 ლარს შეადგენს მაჩუქოს საათი, რომელიც 1 500 აშშ დოლარი ღირს? ამას იმ პიროვნებას ვეკითხები, რომელმაც ეს საათი მაჩუქა - ისანი-სამგორის რაიონის გამგებელს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ადამია დაუყონებლივ დაწერს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ვაფრთხილებ ყველა გამგებელს, რომ თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებში დაიწყება სერიოზული რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები“, - დასძინა თბილისის მერმა.
„რა თქმა უნდა, საათი 1 500 დოლარი არ ღირდა. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ'', - განუცხადა ზურაბ ადამიამ ჟურნალისტებს.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სააკაშვილმა შეაქო თბილისის მერი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის“.
„რა თქმა უნდა, ჩემი საათი ისეთი ძვირფასი არ არის, როგორც გამგებლის მიერ ნაჩუქარი, მაგრამ მინდა, მიიღოთ იგი საჩუქრად კარგი მუშაობისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საათი მოიხსნა და ჭიაბერაშვილს გადასცა, რომელიც ასევე, ესწრებოდა მთავრობის სხდომას''.
„საათების სკანდალიდან“ ლამის 13 წელი გავიდა და მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა - გარდა იმისა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი აღარაა და ევროპული საქართველოს „ფეისია“, ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, არათუ სცემეს, არამედ, დააკავეს კიდეც. სხვათა შორის, „ჭიამ“ მერობის ესტაფეტა გიგი უგულავას გადასცა, რომელსაც წინამორბედის მსგავსად, თავი მეურნე თავკაცად მოჰქონდა, მაგრამ დაკვირვებული თვალი უმალ მიხვდებოდა, რომ უგულავა, ჭიაბერაშვილის „საათების სკანდალის“ არ იყოს, თბილისს პიარულად მართავდა, რაც ხელისუფლებიდან ნაცების წასვლის შემდეგ თავისუფლების აღკვეთის ფასადაც დაუჯდა ანუ უგულავას სამართალდამცავები სწორედ იმას ედავებოდნენ, რომ თბილისის მერიას, რომელიც წესითა და კანონით, მოსახლეობის უკეთესი ცხოვრების შექმნაზეა პასუხისმგებელი, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამასთან, საგამოძიებო უწყებებს ის ეჭვიც ჰქონდათ, რომ მერი უგულავა კორუფციაში იყო გარეული.
უგულავამ, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს ზურგი აქცია, საპყრობილე მიმდინარე წლის 6 იანვარს ანუ შობის წინა დღეს დატოვა. იმავე დღეს „ტაბულას“ ინტერნეტგვერდი შემდეგ „ნიუსს“ ,,გამოაცხობს'': „თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გაათავისუფლეს. „თბილსერვისის“ ეპიზოდის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა მიმდინარე წლის 4 იანვარს დაასრულა. ყოფილი მერი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ საქმე ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთია, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს გაამტყუნა და 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა. განაჩენამდე ბოლო სასამართლო პროცესი 4 იანვარს გაიმართა, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა“.
სხვათა შორის, გიგი უგულავა თბილისის პირველი არჩეული მერი გახლდათ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ უგულავას მერე მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, სევდია უგრეხელიძე ასრულებდა ანუ ქალბატონი სევდია საქართველოს დედაქალაქის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი დიაცია, რომელსაც ქალაქის თავის პოსტი თუნდაც დროებით ეკავა. 2014 წლის აგვისტოში კი თბილისის მერად კოკელი დავით ნარმანია მოგვევლინა, რომელიც ამ პოსტისთვის მოქმედმა მმართველმა გუნდმა, როგორც ამბობენ, იმ მოტივით შეარჩია, რომ სამეურნეო მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა განვლილმა წლებმა ნათელყო, რომ ნარმანიას „მეურნე კაცის“ იმიჯი ჩვეულებრივი ილუზიაა და მეტი არაფერი.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისს ახალი თავის არჩევა მოუწევს. მართალია, საარჩევნო კამპანია ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ მერობის შესაძლო კანდიდატების კონტურები მეტ-ნაკლებად უკვე გამოკვეთილია. ცხადია, მხოლოდ პოლიტიკურმა ღმერთებმა და დემონებმა იციან, არჩევნების ფორტუნა ვის გაუღიმებს, მაგრამ კარგი იქნება, თუკი პოლიტიკური პარტიები გაითვალისწინებენ და თბილისის მერად ისეთ კანდიდატებს დაასახელებენ, რომლებიც პოლიტიკური ამბიციებისგან მართლაც თავისუფლები იქნებიან და ამ ისტორიულ ქალაქს თავს მეურნე ადამიანის იმიჯით თუ არა, იმით მაინც დაამახსოვრებენ, რომ 1001-დან ერთ-ერთ პრობლემას რეალურად მოაგვარებენ და არა ისე, როგორც ნარმანიამ, მაგალითად, „სითი პარკის“ ყბადაღებული საკითხი გადაჭრა. არადა, თავის დროზე პატივცემული დავითი, რომელსაც გამერებამდე ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელი ეკავა, გვპირდებოდა, როგორც კი გავმერდები, „სითი პარკის“ „ყაჩაღურ ზამაშკებს“ ბოლოს მოვუღებო, მაგრამ ამ დაპირებამაც, მილიონი ხისა არ იყოს, ჩაილურის წყალი დალია.
საერთოდ, ჩემგან არ გესწავლებათ, რომ თბილისის ერთ-ერთი „აქილევსის ქუსლი“ საცობებია. ჰოდა, მომავალმა მერმა ისიც უნდა მოახერხოს, რომ თბილისი საცობებისგან განტვირთოს და ნამდვილ მეგაპოლისს დაამსგავსოს. ეს როგორ უნდა მოხდეს? ამაზე მინიშნებას ექსმერი ნიკო ლეკიშვილი იძლევა, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუდან კიდევ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ:
,,- ნიკო ბატონო, დღეს რომ თბილისის მერი იყოთ, რას გააკეთებდით ანუ დედაქალაქის მთავარ პრობლემად რას თვლით?
- ახლა სხვა ამოცანებია, მაშინ კი, სხვა იყო. მაგალითად, მაშინ მშენებლობები არ იყო - მერობიდან ისე წამოვედი, მშენებლობის სულ ორი ნებართვა გავეცი: ერთი ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის გადაკვეთაზე, მერე კი ქაშუეთის ბაღის კუთხეში... მერიაში რომ მივედი, კეთილმოწყობის სამმართველო არ არსებობდა; მთელ ქალაქს ნაგვის შვიდი მანქანა ემსახურებოდა, სასწრაფო დახმარების ერთი მანქანაც კი არ იყო. გერმანიაში წავედი და მანქანები ჩამოვიტანე.
- ამ ფონზე მერობა ნერვების წყვეტა იყო და მეტი არაფერი. ქალაქისთავობას რატომ დათანხმდით? ე.წ. იმელის პარლამენტარობისა და 20-დღიანი ვიცე-პრემიერობის შემდეგ, არ გერჩივნათ, ბიზნესში წასულიყავით?
- ბიზნესში ისეც ვიყავი - ,,კოკა კოლას'' თანადამფუძნებელი გახლდით და თვეში შემოსავალი, დაახლოებით, 5 ათასი დოლარი მქონდა...
- ,,კოკა კოლასთვის'' მიცემული თურქული კრედიტიც დღემდე ყბადაღებულია...
- ეს არ ვიცი... იქიდან დიდი ხანია, წამოვედი... მოკლედ, თბილისს ვერავინ უვლიდა, მე კი ვიცოდი, როგორ მომევლო. აი, მაგალითად, პურზე ისეთი რიგები იყო, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა, მაგრამ თვენახევარში ანუ 1993 წლის 13 დეკემბრის დილიდან რიგები აღარ იყო...
- იცით, თბილისში ყბადაღებული საცობების პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?
- დაახლოებით, ვიცი. თბილისში საცობების მოსპობის ერთ-ერთი გზა ხიდებია - როცა ქალაქკომში ვმუშაობდი, კონცეფცია გავაკეთეთ და ორი - ვახუშტისა და გლდანის ხიდი ავაშენეთ კიდეც, რომელმაც მოძრაობა განმუხტა. ვახუშტის ხიდი, სხვა ხიდით, წერეთლის გამზირზე უნდა გასულიყო და თბილისის ზღვაზე დამთავრებულიყო. სხვათა შორის, ის ,,ბალკები'', რომელზეც ეს ხიდი უნდა აშენებულიყო, ახლაცაა... ისე რომ, იცოდეთ, გმირთა მოედნის პროექტიც ჩვენს დროს გაკეთდა, მაგრამ ნაციონალებმა გადააკეთეს. ძველი პროექტით, რომელიც ინტერნეტშიც დევს, ორი - ქვედა და ზედა მოედანი კეთდებოდა, მაგრამ ნაციონალებმა ცუდად გადააკეთეს..
საცობების პრობლემის მოსაგვარებლად პარალელური ქუჩების საკითხიც კარგად უნდა იქნეს შესწავლილი. მაგალითად, ,,პლეხანოვის'', ასე ვთქვათ, გვერდზე რამდენიმე ქუჩაა და ყველა ორმხრივია. არადა, ელემენტარულია, ამ პარალელური ქუჩებიდან ერთი ამომსვლელი იყოს და მეორე ჩამსვლელი. ჩემს დროს ასე იყო და ამ პრინციპით ,,პლეხანოვი'' დღესაც ყოველგვარი ფულის გარეშე განიტვირთება... პარიზში რომ ჩახვიდეთ, პირდაპირ შანზელიზეზე ვერ მიხვალთ, მაგრამ ამისთვის მძღოლები ფსიქოლოგიურად მზად არიან... სანაპიროს დაგეგმვაც სხვანაირად შეიძლება. ვიდრე ხიდებს ავაშენებთ და სხვა დიდ პროექტებს დავიწყებთ, უცხოელები ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ, რომლებიც კონსულტაციებს მაინც გაგვიწევენ...“
ასე და ამგვარად, არ ვიცი, პოლიტიკურმა ღმერთებმა და დემონებმა ჩემთვის ილოცეს თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, თბილისის მერების მეტ-ნაკლებად ამომწურავი X-ფაილის შედგენა შევძელი. ისე, 1500-დოლარიანი საათი რომ მქონოდა ან, სულაც, მილიონი ხის შრიალი მომესმინა, ვეჭვობ, სათქმელს უფრო ნათლად და გასაგებად ვიტყოდი, მაგრამ ერთი ქართული „ფანოღისა“ არ იყოს, „ვიცი, ოცნებას ვერვინ დამიშლის, რადგან ოცნება მარტო ჩემია“. ისე, კარგი იქნება, თუკი ოცნება ოდესმე აგვიხდება და არსთაგამრიგე თბილისქალაქს ნაღდ მეურნე და ისეთ მერს ერთხელ მაინც გამოუგზავნის, რომელსაც ეცოდინება, რომ თბილისი პოლიტიკა კი არა, ურთერთობებია!..