ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის დროს, 2006 წელს ცემისას მიყენებული ტრამვების და უშედეგოდ გაკეთებული ოპერაციების შედეგად ლოგინს მიჯაჭვული 37 წლის დავით გაიხარაშვილის დედა, ქეთევან გიგაური საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს - უსახსროდ და უსახლკაროდ დარჩენილებს კეთილი ადამიანების იმედი აქვთ; ხელისუფლებისგან კი იმის დაბრუნებას ითხოვენ, რაც ყოფილმა პატიმარმა ჯერ ცემის, შემდეგ კი ოპერაციების შედეგად დაკარგა.
”ვითხოვ, დამიბრუნონ ის, რაც წამართვეს - ჯანმრთელობიდან დაწყებული, სახლით დამთავრებული. უნდობლობას ვუცხადებ აქაურ ექიმებს და სასამართლოს; განუკითხაობაა მედიცინაშიც და სასამართლოშიც, თორემ ობიექტურობა და ადამიანობა, რომ დამენახა, სასამართლოს მივმართავდი. გადამოწმდეს ჩემი საბუთები, ყველას თავისი მიეზღოს და მე - ჩემი.
უბრალოდ, ვითხოვ, დამიბრუნონ ჯანმრთელობა, რა ფასადაც უნდათ! მათ გამო 2006-ში ბევრის სისხლი დაიღვარა და გეკითხებით, რისი გულისთვის, რა უფლება ჰქონდათ? ციხეში ორი დღის შესული ვიყავი, ამ დღეში, რომ ჩამაგდეს. შეიძლება გაუსამართლებელი ადამიანი ასე დაამტვრიო, ან სხვები ასე დახოცო?! ჯანმრთელი ადამიანი ციხიდან პენსიონერი გამოვედი. მომენატრა ფეხზე ადგომა. 5 წელია ამ დღეში ვარ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყავარჯნებზე სამჯერ დამაყენეს. ამ ბინასაც მაცლევინებენ, ქირას ვეღარ ვიხდი ”, - ამბობს დავით გაიხარაშვილი.
იგი დედასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. 11-12 მაისს, ფილარმონიაში, ”საერთო სახალხო წინააღდეგობის მოძრაობის” მიერ გამართული აქცია-მარათონის (სახელწოდებით ”შენს გისოსებში მზეა”) დროს შესული შემოწირულობის ნაწილი დავით გაიხარაშვილსაც გადასცეს, რისთვისაც მადლობას უხდის ამ აქციის ორგანიზატორებს - დავით თარხან-მოურავს, ირმა ინაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და შემოწირულობის ყუთში თანხა ჩააგდო.
”რომ არა მათი გულისხმიერება და ეს დახმარება, ახლა ჩემი შვილი საწოლით ქუჩაში მეყოლებოდა. ბედნიერი ვიყავი, თანხა გავანაწილე - ნახევარი ქირაში გადავიხადე, ნახევრით წამლები ვიყიდე... იმ დღეს, ძალიან რომ გამიჭირდა, ტაძარში წავედი და წირვა რომ დამთავრდა, ხალხს ვეხვეწებოდი, დაეხმარეთ ამ ბიჭს-მეთქი. სახლი ჩემი შვილის ჯანმრთელობის გადასარჩენად გავყიდე და ფაქტიურად, ახლა ქუჩაში ვართ. მითხარით, დამაკვალიანეთ, გზაზე დამაყენეთ… ვის მივმართო, სად წავიდე? ანგარიში გახსენიო, - მირჩიეს და, გავხსენი. მუხლმოყრილი, უმორჩილესად ვთხოვ ყველას, დამეხმარნონ, ვისაც რისი საშუალება აქვს. გთხოვთ, გამივრცელოთ ანგარიშის ნომერი, ეგებ ვიღაც მაინც დამეხმაროს დათუნას გადარჩენაში”, - ამბობს ქეთევან გიგაური.
ვასრულებთ დავით გაიხარაშვილის დედის თხოვნას და გთავაზობთ ანგარიშის ნომერს, რომლის საშუალებითაც, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში შეგიძლიათ 37 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადარჩენაში თქვენი წვლილი შეიტანოთ - ს.ს. ”თიბისი ბანკი”, საბანკო კოდი – TBCBGE 22, მიმღების დასახელება - დავით გაიხარაშვილი, ანგარიშსწორების ანგარიში -GE48 TB77 6034 5063 6000 09.
დავით გაიხარაშვილი ყოფილი სპორტსმენი გახლდათ და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ე.წ. ბუნტის დროს, ცემის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო ცოცხალი გადარჩა. ქეთევან გიგაურმა დაახლოებით 10 დღის წინ გადაღებული რენტგენის ფოტოები გვაჩვენა, რომელზეც ნათლად ჩანს მისი შვილის სხეულში ჩარჩენილი რკინის ორი „შურუფი“. დედა ამბობს, რომ მის შვილს, პატიმრობისას ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში ”შეკვეთილი ოპერაციები” გაუკეთეს, რადგან ”როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებისთვის პატიმრის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს”.
”თქვენ ექიმები არა ხართ, მაგრამ შეხედეთ სად არის ეს შურუფები წასული. ხედავთ? ხერხემლის მალები ჩაშლილია. 2006-ში, ”ბუნტის” დროს, ცემის შედეგად თავი გადახსნილი ჰქონდა და ყურებიდან სისხლი და ჩირქი დღემდე სდის. გაუსაძლისი ტკივილები აქვს ჩემს შვილს და გემუდარებით, დამეხმარეთ მის გადარჩენაში. ოპერაცია, რომ გაუკეთეს, ”მიხაილოვის” საავადმყოფოდან პლასტმასის ჯამით გამომიტანეს და ასე მაჩვენეს ფაფასავით აზელილი ძვლები. გული წამივიდა. ესეც ვანდალიზმია! რატომ მანახეს?! ესეც ზეწოლა იყო, რომ მე სულიერად გავენადგურებინე”, - ამბობს ქეთევან გიგაური.
იგი ახლახანს ორგანიზაცია ”მედ ტურს” დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკას მიმართა. დეტალებს ახლა არკვევენ და გერმანიიდან პასუხს ელოდებიან.