"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების გადაბირება გრძელდება

"დიმიტრი ობოლაძისა და სპორტულ პროდიუსერ როსტომ წულუკიძის შემდეგ "რუსთავი 2"-დან "იმედში" გადასვლაზე, კულუარული ინფორმაციით, ფარული მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ადამიანთან წარმოებს. უფრო მეტიც, ერთი მათგანის დათანხმება უკვე მოახერხეს. ისინი ძირითადად ტელევიზიის ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. "რუსთვი 2"-ის გენერალური დირექტორი თანამშრომლების გადაბირების მცდელობას "მთავრობის მიერ წახალისებულ კონკურენციას" უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ ამით "რუსთავი 2"-ს არაფერი დააკლდება და იგი ძველებურად გააგრძელებს მუშაობას. ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-დან "იმედში" გადავიდა მარკეტინგის სამსახურის უფროსი კოტე ბატმანიდი. ის ირაკლი რუხაძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. ბატმანიდის შემდეგ, "რუსთავი 2" დატოვეს ტელეწამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ და სპორტული მიმართულების პროდიუსერმა როსტომ წულუკიძემ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების გადაბირება გრძელდება.

"ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედის" წარმომადგენლები და უკვე იმედში გადასულები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ "რუსთავი 2"-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან. კულუარული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ტელეკომპანიაში ტექნიკური მიმართულებით მუშაობს, უკვე დაითანხმეს და მისი "ტრანსფერის" შესახებ ინფორმაცია ამ დღეებში გავრცელდება. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბადრი პატარაკაციშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელობა მისი თანამშრომლების გადაბირებას ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც ეცდება. მისივე თქმით, ეს არის მთავრობის მიერ წახალისებული კონკურენცია და ამას პასუხს აუცილებლად გასცემენ. "რუსთავი 2"-ის დაშლის გეგმა დიდი ხანია, მოქმედებაშია, უბრალოდ, ეს ვერ განხორციელდა და ვერც განხორციელდება - ამის პირობას ვდებ. დანარჩენს ვნახავთ. შეუცვლელი ადამიანები "რუსთავი 2"-ში არ არსებობენ - ჩემით დაწყებული, დამლაგებლით დამთვარებული. ყველა ადამიანის შეცვლა შეიძლება და "რუსთავი 2" დარჩება ისეთი, როგორიც არის."იმედი" უკვე ძალიან დიდი ხანია, ცდილობს ჩვენი თანამშრომლების გადაბირებას, მაგრამ რა გამოუვიდა, საზოგადოებამ დაინახა. ახლა კიდევ გაააქტიურეს ეს მთვარობის მიერ წახალისებული კონკურენცია. "იმედი" რომ სამთავრობო არხია, ეს დასამალი არ არის," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიკა გვარამია. აწარმოებს თუ არა "იმედის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს "რუსთავი 2"-ის თანამშრმოლებთან, ამ მის შესახებ საქმის კურსში არ არის "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა, თუმცა ამ მოლაპარაკებებს დიდი ალბათობით გამორიცხავს. "საქმის კურსში არ ვარ, თუმცა დიდი შანსია, რომ არ მიმდინარეობდეს," - განაცხადა ლეჟავამ. არხის გენერალურ დირექტორთან დაკავშირება "რეზონანსმა" ვერ მოახერხა", - აღნიშნავს გამოცემა. 

"რუსთავი-2"-დან "იმედში" გადასულ სპორტულ კომენტატორ დიმიტრი ობოლაძეს კი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ამბობს, რომ კითხვების ადრესატი იგი არ უნდა იყოს. "ერთი არხიდან მეორეზე გადასვლა არაფერი განსაკუთრებული არ არის. შემოთავაზება იყო "იმედიდან", პირობები მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის. ჩავთვალე, 21 წელი ერთ ადგილზე მუშაობა საკმარისია და ამიტომ გადავედი. არავითარი პოლიტიკური ქვეტექსტები ამას არ აქვს. არხს სჭირდებოდა სპორტი საკმაოდ დიდი დოზით და მე მთხოვეს, მიმეხედა ამ საქმისთვის. ჩათვალეს, რომ შემეძლო ამის გაკეთება და მეც მივდივარ ჯერჯერობით სპორტის ახალი ამბების გასაკეთებლად. დანარჩენთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ეს სხვას უნდა ჰკითხოთ," - თქვა ობოლაძემ. ამ ამბების კომენტირებისას "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე, რომელიც თავად ყოფილი ჟურნალისტია, არცთუ შორეულ წარსულს იხსენებს. "ამ კონკრეტულ საკითხზე ძალიან გამიჭირდება რამის თქმა. მაგრამ შემიძლია გავიხსენო 2007 წელი - როდესაც "იმედის" დარბევა მოხდა, როგორ დაიწყეს მასობრივად "იმედიდან" თანამშრომლების გადაბირება. ზოგი "პირველ არხზე", ზოგი კი "რუსთავი 2"-ზე გადადიოდა. მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ დრო გავიდა და გამოვიდა ინფომაცია, რომ კონკრეტული სახელისუფლებო პირები იყვნენ ჩართული მათ გადაბირებაში. კარგად მახსოვს, ლაპარაკი იყო კრედიტების დაფარვასა და უკეთესი პირობების შექმნაზე. ზოგადად, სრულწლოვან ადამიანებს, მით უმეტეს პროფესიონალებს, თავიანთი არჩევანი აქვთ და ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს რამდენად სწორია და რამდენად არასწორია, მაგრამ ეჭვი შეგვიძლია გამოვთქვათ, რომ ეს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ იყოს მიმართული. გამორიცხული არაფერია, მაგრამ შეიძლება, ასევე ობოლაძეს უკეთესი პირობები შესთავაზეს და იმიტომ გადავიდა. ზოგადად კი, თუ უფრო ღრმად შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას, გეტყვით, რომ ეს არის ხელისუფლების მედიაპოლიტიკა ჟურნალისტების მისამართით, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ ლოიალურად განწყობილი მედია", - განაცხადა მიროტაძემ, რომლის თქმით, იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომლებმაც გადაიყოლა "ნაციონალური მოძრაობა", - დასძენს გამოცემა. 

interpressnews.ge