წლის დასაწყისიდან მოყოლებული საგარეო ვაჭრობის სურათი მკვეთრად შეიცვალა. თუკი წინა წლებში იმპორტის ზრდის ტემპი გაცილებით აღემატებოდა ექსპორტისას, ახლა ასე აღარ არის. იანვარ-თებერვალში სულ სხვაგვარი და რაც მთავარია დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1423 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 356 მლნ დოლარია (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ დოლარი (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მლნ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ დოლარი (10 პროცენტით მეტი).
დსთ-ის ქვეყნებთან კი საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მლნ აშშ დოლარი იყო (75 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 367 მლნ აშშ დოლარი (31 პროცენტით მეტი).
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საგარეო ვაჭრობის შეფასებისას ის პროდუქტები ჩამოთვალა, რაზეც მოთხოვნა გაზრდილია: ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვრის ხორცი, მედიკამენტები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები.
„საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, ქმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით მიღებულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს“ - აღნიშნა არველაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მატება (45%-იანი მაჩვენებელი) 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, საქართველოს წარმოება ვერ ახერხებს საექსპორტო პოტენციალის გამოყენებას. ამიტომაც საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ეკონომისტების აზრით, მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს არა რომელიმე კონკრეტული სფეროს ან საწარმოს სუბსიდირება, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.
საგარეო ვაჭრობის მონაცემებში საინტერესო ტენდენცია იკვეთება იმპორტის კლების თვალსაზრისითაც. მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისიდან ზოგიერთ საქონელზე აქციზის განაკვეთმა მკვეთრად მოიმატა, მისი მოხმარება საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, ამ კუთხით იმპორტში კლებაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2017 წლის იანვარ–თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა და კლებამ 9 მლნ დოლარი შეადგინა. წინა ორ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 57 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტმა თითქმის, 66 მილიონი დოლარი შეადგინა.
ასევე იკლო სიგარეტის იმპორტმაც. ოფიციალური სტატისტიკით 2017 წლის იანვარ-თებერვალში სიგარეტის იმპორტმა 10 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 12 მილიონი დოლარი.