ბრაზილიაში ხორცის სკანდალია, რომელსაც გამოხმაურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა. სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან ხორცი შემოდის საქართველოშიც და არც თუ მცირე რაოდენობით. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ჩვენთან ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემა არ დაფიქსირებულა.
ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა. ქვეყანაში უკვე 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი 3 ქარხანა დახურეს, კიდევ 20 საწარმო კი, ამჟამად მოწმდება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში წარმოებული უვარგისი ხორცპროდუქტები სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტზეც გადიოდა. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომპანიები ვადაგასულ, უვარგისს ხორცს სპეციალური ქიმიური ნივთერებებით ამუშავებდნენ. სკანდალის გამო ლიცენზია შეუჩერდა 33 ბრაზილიური კომპანიას.
დარღვევაზე რეაგირებას არც სანიტარული ინსპექცია ახდენდა, რადგანაც ხორცპროდუქტების კომპანიების წარმომადგენლები მათ ქრთამს აძლევდნენ. პოლციამ ეჭვმიტანილები უკვე დააკავა.
ამერიკაში, ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში ხორცის ექსპორტიდან ბრაზილიას წელიწადში 12 მილიარდი დოლარის მოგება აქვს. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შეაჩერა ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი.
ბრაზილიაში წარმოებული ხორცით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანასთან ერთად, მარაგდება საქართველოც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ბრაზილიიდან 4,448 მლნ დოლარის ღირებულების 4,623 ათასი ტონა, ხორცი შემოვიდა (მათ შორის, ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 337.2 ტონა, ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 4,286 ათასი ტონა). 2017 წლის პირველ ორ თვეში კი სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან 413 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 545.8 ტონა ხორცი შემოვიდა (მათ შორის, ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 49.2 ტონა, ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 496.6 ტონა).
ბრაზილიური ხორცის სკანდალს რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში? სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე აცხადებს, რომ ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი მხოლოდ ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან ხორციელდება.
„იმპორტირებისას პროდუქცია მოწმდება საზღვარზე და ხდება ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის, შიდა ბაზარზე კი კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ხდება ნიმუშების აღება და დოკუმენტური შემოწმება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიერთებულია ევროკომისიის განგაშის სწრაფი რეაგირების სიტემას და ასეთ შემთხვევებში წევრ ქვეყნებს ეგზავნება სპეციალური შეტყობინება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. თუკი მივიღებთ ასეთ შეტყობინებას, დაუყოვნებლივ მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ეს საკითხი კონტროლზე გვყავს აყვანილი, თუ რამე ტიპის არგუმენტირებული ინფორმაცია შემოვა, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეგირებას“, - განუცხადა „საქმის კურსს“ კახა სოხაძემ.
შემოსავლების სამსახურის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ იმპორტისათვის განკუთვნილ თითოეულ სასაქონლო პარტიას თან ახლავს შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი. იგი მოიცავს ინფორმაციას ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ და რომლის გაცემაზეც პასუხისმგებელია ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სამსახური. ჯერჯერობით რაიმე შეტყობინება ბრაზილიურ ხორცთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა.