მარცხნივ - ამომავალი ვარსკვლავია სახელად დიმარია, ეს ციური ობიექტი ახალახანს გამოჩნდა ცის კაბადონზე მაგრამ უკვე ისე ლამაზად ანათებს, რომ სამეფო კარის ასტრონომი, ფლორენტინო პერესი, უზარმაზარი თანხის გადახდას აპირებს, ოღონდაც კვირაში ერთხელ თავის თანავარსკვლავედში იხილოს. მის წინ ე.წ. ნაიარევი ვარსკვლავი, სახელად კარლიტოა, ეს ვარსკვლავი ცნობილია ხშირი მოძრაობით კონტინენტიდან კონტინენტზე, ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორესკენ, ხან წითელია ხანაც ცისფერი, თუმცა მისი ნამდვილი ფერები ალბი და სელესტეა. მისგან ცენტრში მნათობთა ორმაგი სისტემაა, გიგანტების წყვილი იგუ/მილი, მილი ყველა მფრინავ სხეულს, მაგალითად ბურთებს, იოლად იმორჩილებს და საითაც უნდა იქით აგზავნის, იგუ კი ჯერ ახალგაზრდაა თუმცა მის დანახვაზე ყველა მისი მტერი შიშისგან ძრწის.
კიდევ უფრო მარჯვნივ თუ წავალთ, დავინახავთ ყველაზე კაშკაშა, თუმცა შესაძლოა არც ისე დიდ ვარსკვლავს სახელად მესი. მისი ტიპია ოქროს ჯუჯა. ხანდახან იგი ყოვლისშემძლე ხდება და ისეთი სიჩქარით მოძრაობს ასტრონომებს მისი სიჩქარის განსაზღვრაც კი უჭირთ, თინეიჯერები და ცრურწმენების მოყვარულები მას ხანდახან შეცდომით მესი-ა-საც კი უწოდებენ, ხანდახან მის გვერდით არანაკლებ კაშკაშა კუნ-ვარსკვლავიც კიაფობს ხოლმე, უკან თუ წამოვალთ ცის ცენტრში შავ ხვრელს ვნახავთ, რაც მისი მიმართულებით გაივლის ვერაფერი მას ვერ გაცდება, მას მასკე ქვია, მასკეს მუდმივად გვერდს უმშვენებს ამოუცნობი და მაგიური, ლეგენდარული თავლაპლაპა ბრუხიტა, მას საოცარი სიზუსტით და სიძლიერით შეუძლია გაგზავნოს სხეულები შორეულ გალაქტიკებში, ასაკის მიუხედავად მაინც ამაყად ბრწინავს. მის უკან კი, სამყაროს კედელია, სახელად ვალტერი, არცერთი ბუნებრივი სხეული, მაგალითად ბურთი ან შავტრაკა თავდამსხმელი მას ვერას-დრო-ს ვერ გასცდება, მითუმეტეს ივნის-ივლისში.
ასტროლოგები ამბობენ, როცა ამდენი ვარსკვლავი ურანუსის, მეორენაირად კი არმანდოს სარტყელში მოექცევიან ნამდვილი კატასტროფა მოხდება, კონკრეტულად კი 7 გუნდი დაინგრევა ერთმანეთის მიყოლებით, შემდეგ კი აენთება ლამის ჩამქრალი, მბჟუტავი ვარსკვლავი “ალბისელესტე” და ისე გაბრწყინდება, რომ ლეგენდებში და მითებში აღწერილ ძველ ვარსკვლავებს დაავიწყებს მსოფლიოს.
ქართულ ინტერნეტფორუმებზე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამ ბევრი რამ შეცვალა. თუმცა, პოლიტიკური ბატალიები მაინც გრძელდება და არცთუ ნაკლები სიმწვავით.
ქართული ნოსტალგიები, ყველაზე უცნაური ნოსტალგიები მსოფლიოში!
Licemer: “თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძლიერ მენატრება ის დრო, როდესაც ნაციონალებს ცა ქუდად არ მიმაჩნდათ და დედამიწა ქალამნად - ნაცების ოქროს ხანა. მენატრება ის დრო, როდესაც ნაცმოძრაობის მთელი ელიტა, სასამართლო ხელისუფლება, თავისუფლების ინსტიტუტის და პარლამენტის წევრები მოცალეობის ჟამს პიჯაკზე უკან მოკერებულ ძაფშებმულ “პრობკას” ბოთლს უმიზნებდნენ და ასე კურტუმოს თამაშ-თამაშით ასვამდენ.
გახსოვთ, როგორნი იყვნენ ისინი – გამარჯვებულნი? მე კარგად მახსოვს, მახსოვს გამარჯვებულის პოზაში მდგარი ბრიყვი როგორ დასცინოდა დამარცხებულებს.
მე მახსოვს, ავყია, ქედმაღალი, (მარტო მიშაზე არ ვუბნობ) გონორებით მოსაუბრე, ”ფუყე თავთავის” ’სიცარიელისგან თავაწეული სიამაყე-სასაცილო, საცოდავი. სიცარიელე.
თქვენ არ გენატრებათ ის დრო? არ გენატრებათ მუტანტი... უკაცრავად, მიშა აღმაშენებლის ნიღბით?”
ცოტა არ იყოს, მენატრება ეგ დრო. თუნდაც იმიტომ, რო მაშინ აგვისტოს ომი არ იყო მომხდარი და ასე არ მქონდა ყველასა და ყველაფერზე გული აცრუებული...
როგორც ამბობენ, Green Card გათამაშებაში საქართველოს სამასი ათასმა მოქალაქემ, შეიტანა განაცხადი!
Mtarvali: “Green Card გათამაშებაში საქართველოს სამასი ათასმა მოქალაქემ შეიტანა განაცხადი! წყარო არის ლევან ვეფხვაძე “იმედის” ეთერში, რომელმაც პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოში ადამიანები ბრუნდებიან ემიგრაციიდან, კომენტარი გაუკეთა!
მე ეს მონაცემები არ ვიცი, მაგრამ თუ რამე არასწორი თქვა, ვამხილოთ ბატონი ვეფხვაძე, თუ არა, მაშინ მაინტერესებს მიშისტებისაგან, ამ ფაქტზე რას იტყვიან?
ჩემი აზრით, როცა ამდენი ადამიანი ცდილობს გააღწიოს ამ ქვეყნიდან, რაიმე დადებით სტატისტიკაზე საუბარი არის უბრალოდ ცინიზმი! ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ალბათ არც იცის ამ გათამაშების შესახებ და ბევრი სულ სხვა გზებით ცდილობს ქვეყნიდან გაღწევას!
თარგამაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოსვლისას სამოცი ათასი დაასახელა, მე მგონი არც ესაა მცირე ციფრი, თუმცა სამასი ათასი მართლა სრული კატასტროფაა!”
არ შეიძლება ამერიკას ომი გამოვუცხადოთ და დაგვიპყროს?... სანამ ჯერ კიდევ დროა...
ფრანკფურტის ინსტიტუტიდან ნიუ-იორკის უნივერსიტეტამდე, ანუ პოლიტიკური ანატომია.
მელქისედეგ: “მახსოვს, შალიკო ამბობდა, ეს მიშა ჩვენს დასაქცევად არისო მოვლენილი, მაგრამ მაშინ გამეცინა შალიკოზე, ვიფიქრე ეს კაცი მეტად ერეგანტულია მეთქი და დიდი ხნით ვერ გამოვერკვიე, თუ რა იგულისხმა. შეიძლება ნაწილობრივ ასეც იყოს. შეიძლება შალიკოც კი არ იყო ადრეულ წლებში აზრზე, თუ რამხელა სიმართლეს დააბრეხებდა...
ვიცი ეხლა კონსპირაციის თეორიის მოყვარულების სიაში მომიჩენთ ადგილს, მაგრამ ნება მიბოძეთ და შორიდან დამაწყებინეთ ჩემი სათქმელი (თუკი, რასაკვირველია, “სეკურიტატემ” არ ჩამიშალა...) მაშ ასე - აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კომუნიზმისა!
გადავშალოთ “ბრიტანიკის ენციკლოპედიის” მეთერთმეტე ტომი და იქ ამოვიკითხოთ პარალელები, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენ ახალ თაობას არაფერი გსმენიათ და ძველებს კი პროტესტის ნიშნად არ უსწავლიათ, მხოლოდ გადამკითხავები იყვნენ და მათ შორის მეც, ინსტიტუტის 1-ლი კურსი რუსეთში რომ დავამთავრე. პარტკომს სტროიკაზე ერთ ბოთლ არაყად დავაწერინე ნიშანი პოლიტ-ეკონომიაში, თუ რაღაც ამდაგვარ საგანში, რაც არ მაინტერესებდა და ამიტომაც არ მახსოვს კარგად. სხვათა შორის, იმ პარტკომის გვარი დამამახსოვრდა ლუცკოი იყო, რუსის ხაზარი და სულაც ეკიდა მთელი ინსტიტუტი ერთ ადგილას. ამიტმაც ჩემს კურსზე ქართველ სტუდენტებს რესტორანი ვაკისრებინე და იმავე სტროიკაზე სუყველას ჩათვლის წიგანკები წავიღე...”
საწყალი დოქტორი მარქსი. მეცოდება ყველა ცოდვილი. ზოგიერთი მხოლოდ აფურთხებს მას, არადა შესაცოდია პიროვნულად. საკუთარი სული წარიწყმიდა და ათასები გაიყოლია თან.
ქართველი vs საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე vs ქართველი.
axalirevolucia: “ძნელად, მაგრამ უცვლელი გზით მივდივართ ერთი ძნელი აზრის დაბადებისაკენ (ორ თითზეა გახსნილი) - საქართველო სახელმწიფოა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ადრე არსებული თეზა, რომ საქართველო ტერიტორიაა, რომელიც ეკუთვნის (მარიამმა მიაკუთვანა) მართლმადიდებელ ქართველებს, ნელ ნელა უკან იხევს. კარგია ეს თუ ცუდი?”
ამასწინათ ვიდეოს ვუყურე, სადაც ახალქალაქელი გოგონა მშვენივრად საუბრობდა ქართულად და რომ კითხეს რატომ სწავლობო, უცებ თქვა, “იმიტომ ვსწავლობ რომ ახალქალაქიდან საქართველოში ჩასვლა ხშირად მომიწევსო მომავალშიო”.
კიდევ ერთხელ გვანცა ყუფარაძეზე, ბოლოს და ბოლოს რამე უნდა ეშველოს ამ ბავშვს.
tupac1991: “უფრო და უფრო იკვეთება მისი უდანაშაულობა. სანამ თქვენს ოჯახს არ შეეხებიან არ გაინძრევით?
და აი კიდევ ერთხელ დაგვასხეს თავს ლაფი ჩვენმა სანაქებო მთავრობის წევრებმა. ფეხებზე დაიკიდეს, რომ 14წლის ბავშვს ცხოვრებას უფუჭებდნენ, ფეხებზე დაიკიდეს ისიც, რომ ის ამ საქმეში სუფთაა ფეხებზე დაიკიდეს, რომ პალიკო კუბლაშვილმა უნამუსოდ იცრუა... და თქვენც ფეხებზე გკიდიათ, რომ ენა და ხელები დამეღალა ამაზე წერითა და ლაპარაკით. მერე რა რომ გვანცა უკანონოდ ისჯება ის ხომ თქვენი არც დაა არც დეიდა და არც დედა. მიმიფურთხებია ასეთი საქართველოსათვის. გაიღვიძეთ, სანამ გვიან არაა ტორემ ხვალ გვანცას ადგილას თქვენ იქნებით!”
ერთი რამე უკვე ცხადია, რომ ამ ბავშვს უკვე სამუდამოდ დაუმახინჯეს ცხოვრება! დღესვე რომც გამოუშვან ციხიდან, ის უკვე ვეღარასოდეს იქნება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
უნიკალური კითხვა: უნდა მიეღო თუ არა ალასანიას, მონაწილეობა არჩევნებში?
smilege09: “ჩემი აზრით, ამ არჩევნებში მონაწილეობით ალასანიამ დემონსტრაცია გააკეთა - ნაბიჯი “თავისუფლებისკენ”, ოპოზიციის მის წინააღმდეგ გადაჯგუფება-ბოიკოტ-ხმის გაყოფის ფონზე, მან გადაწყვიტა გასვლა დამოუკიდებელ მებრძოლად მიუხედავად შედეგისა.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების ალბათობა ძალიან შემცირებული იყო, ალასანიამ გარისკა ამ საარჩევნო გარემოში მაინც შებრძოლებით. რას მოიგებდა (რეალურს და არა ილუზორულს) რომ არ მიეღო მონაწილეობა? და რა მოიგო იმით, რომ დამარცხდა პირველ ტაიმში? რას იზამდით მის ადგილას თქვენ?”
უდიდესი ბონუსი ისაა, რომ რომ არ მიეღო მონაწილეობა, ვერ გადავიდოდა ახალ პოლიტიკურ ეტაპზე და კაი ხანს დარჩებოდა არცთუ რეიტინგული ოპოზიციის გვერდით იმის გარჩევაში, როგორ უმტკიცებენ ერთმანეთს ვინ უკეთესი იქნება და ამაზე შორს ვერ მიდიან. ან იყიდებიან ნებისმიერი ფულის დანახვისას, მერე იმ ფულის მიმცემსაც ღალატობენ უფრო დიდი ფულის დანახვისას და ა.შ.
ბოლოს კი, კვლავ ფეხბურთი და კვლავ ფორუმული დიდებული პათეტიკა. ვინც გამოიცნობს ვის ეძღვნება ეს მონოლოგი, ცისფერი მაისურით დაჯილდოვდება.
“ჰოი მეომარნო ფებურთის ღმერთისა, გმირნო სახელოვანნო, სამწყსოვ უძლეველ დიეგიტოსი, ოსტატნო საკვირველნო, ფეხით, თავით და საჭიროებისას ხელით დიდად სანახაობრივად მობურთალნო, დიადნო ძმანნო და გამხარებელნო ყოველის სილამაზის მოყვარულთა მოედანსა მწვანესა ზედა, მაკაკათა დამტყვევებელნო, ბაყაყმლოკავთა რისხვავ, ბეი-ბიგი–ალბიონელთა ელდავ, ტეუტონთა შემმუსვრელნო, ზიგფრიდის და მისი ფრიზი ძმების დამმარხავნო, ეტრუსკ-ლათინთა კოშმარულო სიზმარო, კასტილ-კატალ-ბასკთა შემაჩერებელნო, ჰოი ზეცის ფერებში შემოსილნო ჯუაროსანნო, სიკეთის გამარჯვების ლეგიონო, ჟ.აველანჟის სახელობის ბოროტისმთესველი დრაკონის ჩამძირველო არმადავ, დიადნო ვაჟკაცნო, რომელთაც ალბისელესტეს გიწოდებენ - სიყვარულით, აღფრთოვანებით, შიშით და რიდით...”