გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელთა 80%-ს არც უფიქრია

გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელთა 80%-ს არც უფიქრია

გალარების პროგრამას საბანკო სექტორი ასე თუ ისე წარმატებულად აფასებს, ხოლო სპეციალისტები სრულ ჩავარდნად. ფაქტია ერთია - პოტენციურ მონაწილეთა 80%-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

27 000-მდე პოტენციური მსესხებლიდან გალარების პროგრამით 5092-მა ისარგებლა. ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, ჯამურად სულ 71 მლნ დოლარია გალარებული, რაც წინასწარ პროგნოზირებული თანხის 18%-ს შეადგენს.

„5100-მდე ადამიანი სამიზნე კატოგორიის 19%-ია, რაც ცოტა ნამდვილად არაა. თავდაპირველად აქტივობა ნაკლები იყო და გამოითქვა მოსაზრება, რომ პროგრამა კოლაფსს განიცდიდა, რაც არასწორი იყო. ადამიანები დარწმუნდნენ ფინანსური სტაბილიზაციის შეუქცევადობაში და ლარის როგორც ალტერნატივის მნიშვნელობაში. ლარზე მოთხოვნის შექმნა და მასზე სტიმულირება უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ტრენდია“, - განცხადა ცუცქირიძემ.

მანვე ბანკების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა კი აღნიშნა, მათ 50%-ზე მეტი აქტივობის მოლოდინი არც ჰქონდათ და დაბალი მაჩვენებელიც, სავარაუდოდ, მსესხებლებში ნაკლებმა მოტივაციამ განაპირობა. მისივე ინფორმაციით, მათ ვინც გალარების ერთჯერადი პროგრამით არ ისარგებლა, სესხის გალარება ნებისმიერ დროს შეეძლებათ, ოღონდ კომერციული კურსით, სახელმწიფოს სუბსიდიის გარეშე.

„ჩვენ 50%-ზე მეტი მონაწილეობას არც ველოდით, მაგრამ რაც გაკეთდა ძალიან წარმატებული იყო. ამან ასევე საშუალება მოგვცა მეტი ყურადღება მიექცია მოსახლეობას ლარისა და დოლარის სესხებისთვის. ჩვენ გვქონდა კალკულატორი გამოქვეყნებული. ჩვენ ამ კალკულატორს განვაახლებთ ლარისა და დოლარის სესხის შედარების საშუალება რომ გვქონდეს. მათ, ვინც არ მოხვდა ამ პროგრამაში, შეუძლიათ გაალარონ სესხი კომერციული კურსით, თუმცა შემოვიღეთ რეგულირება, რომ ბანკს არ აქვს უფლება დააწესოს წინსწრებით დაფარვის საკომისიო თუ ხდება სესხის უცხოური ვალუტიდან გალარება“, - განუცხადა „საქმის კურსს“ არჩილ მესტვირიშვილმა.

სულ სხვაგვარი შეხედულება აქვთ სესხების ლარში გადატანის პროგრამაზე სპეციალისტებს. პროფესორ დავით ასლანიშვილის აზრით დაბალი აქტივობა ადასტურებს საქართველოს ფინანსურ სისტემაში საბანკო ოლიგოპოლიის არსებობას, რომელსაც ეროვნული ბანკი არათუ ვერ უმკლავდება, პირიქით, ხელს უწყობს.

„ეროვნულ ბანკს თითქმის ორი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინა. ამ ორი თვის მოსამზადებელ პერიოდში, ე.ი. დეკემბერ-იანვრის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ „გაფრენილი“ ლარის კურსი, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სავალუტო ბაზარიც საბანკო ოლიგოპოლიის ხელშია.

17 იანვარს პროგრამა ოფიციალურად დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა კი ელემენტარულად გალარების კალკულატორი ერთი თვის დაგვიანებით შუა გზაში დააწია მომხმარებელს, რომელთა უფლებები საბანკო ოლიგოპოლიისგან წესით სწორედ ეროვნული ბანკის დასაცავია.

23 იანვარს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ერთთვიანი რეფინანსირების სესხი - 400 მლნ ლარი უფეშქაშა საბანკო ოლიგოპოლიას. „მადლიერმა“ ორმა ბანკმა: „ჩვენ ვიცით, ამ რესურსს როგორ გამოვიყენებთო“ და იმის ნაცვლად რომ სესხები გაელარებიათ, თებერვალ-მარტში „ბეზპრეძელი“ დაატრიალეს სავალუტო ბაზარზე. მაგალითად, კლიენტს 3 თებერვალს სესხი გაულარდა კურსით 2.71, ხოლო თავად კომერციულმა ბანკმა პოზიციის დასახურად საჭირო დოლარი ეროვნული ბანკისგან 3 მარტს შეიძინა კურსით 2.42. რა მივიღეთ? მადლიერი საბანკო ოლიგოპოლია, დაზარალებული კლიენტი, მოტყუებული მთავრობა და გადასახადის გადამხდელები და უსუსური ეროვნული ბანკი.

25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და თან შემდგომი გაზრდაც გამოაცხადა უახლოეს პერიდოში. რა დიდი ფინანსური განათლება სჭირდება იმას, რომ კლიენტები უკან დაიხევდნენ სესხების გალარებისგან?

7 მარტს კი ეროვნული ბანკის ქედმაღლური უნიათობა ყველაზე ნათლად გამოაშკარავდა. ბაზარი მოელოდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, მაგრამ ეროვნული ბანკი უკვე თავად მიხვდა 25 იანვრის შეცდომას“, - აცხადებს ასლანიშვილი.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს, რომელმაც ვერ ჩაატარა გალარების პროგრამა, ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეროვნული ბანკი საჭიროებს ძირეულ რეფორმას, დღევანდელ მდგომარეობაში კი ის, როგორც ფინანსური ზედამხედველი, იქნება საბანკო ოლიგოპოლიის სამსახურში. ეს ფინანსური სექტორის განვითარებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს.