სათამაშოები როგორც ნელი მოქმედების ბომბი

სათამაშოები როგორც ნელი მოქმედების ბომბი

საქართველოში ჯამრთელობისთვის მავნე სათამაშოები იყიდება. ეს ყველაფერი კვლევით დადასტურდა. მთავრობა ჯერჯერობით დუმს, ბავშვები და მოზარდები საფრთხის წინაშე დგანან. საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო და მთავრობას მიმართა, ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოება გააკონტროლოს და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობა უზრუნველყოს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრმა“ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ცხრა მათგანში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე შესრულდეს. ომბუდსმენმა მიმართა საქართველოს მთავრობას დროული რეაგირება მოახდინოს ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

საქართვლეოში ყველამ იცის, რომ ბავშვთა სათამაშოები არ მოწმდება. თუკი სადმე დარღვევა აღმოჩნდა, მასზე რეაგირება ნულის ტოლია. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებაზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება:

„სახელმწიფო შეზღუდულია კანონმდებლობით. იმისათვის, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და კონკრეტულ პროდუქტს ჩაუტარდეს ანალიზი, ამას ზურგს უნდა უმაგრებდეს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ კეთდება ეს ანალიზი. მსგავსი კვლევა ევროპულ ლაბორატორიებში საკმაოდ ძვირადღირებულია. ახლა იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ ეფექტურად ამ მექანიზმების გამოყენება, რათა ბაზარზე მოხვდეს უსაფრთხო პროდუქტი. ამ ეტაპისთვის, სათამაშოებზე სახელმწიფოს არანაირი გამოკვლევა არ განუხორციელებია“, - აცხადებს ჩიტიძე.

2016 წლის შემოდგომაზე „მომხმარებელი.გე“-მ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში 10 სხვადასხვა ტიპის თოჯინა შეიძინა და გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გააგზავნა, რომელსაც უსაფრთხოების რამდენიმე ქიმიური მახასიათებლის შემოწმება დაევალა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შემოწმებული სათამაშოებიდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„ქვეყანაში სათამაშოებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს. არსებობს ზოგადად პროდუქციის კოდექსი, რომლითაც საფრთხის შემცველი პროდუქცია ბაზარზე არ უნდა განთავსდეს, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ მეწარმე ქვეყანაში მოქმედ ნორმებს უნდა დაემორჩილოს. შესაბამისად, თუ ქვეყანაში ნორმა დადგენილი არ არის, ეს ნივთიერება საფრთხის შემცველადაც არ ითვლება“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ლია თოდუა.

DEPH ე.წ. პლასტიფიკატორია, რომელსაც ელასტიურობისთვის იყენებენ. ის ტოქსიკურია და იწვევს ენდოკრინულ, კარდიოლოგიურ დაავადებებს, აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, თირკმელებს, ღვიძლს. ასეთი სათამაშოები ევროპაში უკვე დიდი ხანია აღარ იყიდება. როგორც ტოსიკოლოგები ამბობენ, ეს სათამაშოები შენელებული მოქმედების ბომბია.