საყოველთაო ჯანდაცვაში დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ გრძელდება. პროგრამის საბოლოო კლასიფიკაცია დაახლოებით ერთ თვეში უნდა მოხდეს. მანამდე გაირკვა, რომ ზოგიერთი კატეგორია საერთოდ ამოვარდა სახელმწიფო დაზღვევიდან, ზოგიერთს კი შეუმცირდა დაფინანსება.
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი დაყოფა და 6 ჯგუფი წარმოადგინა. ყველაზე მეტი ადამიანი 1,7 მლნ მიზნობრივ ჯგუფში შედის, რომელიც მოიცავს: 0-5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს.
ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების სრული მოცულობა და ემატებათ მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლები, დიაბეტის მეორე ტიპის მედიკამენტები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ყოველთვიურად მოქალაქეებს ამ მედიკამენტებში სიმბოლური თანხების გადახდა მოუწევთ. ამასთან, ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ენიჭებათ პრივილეგია და აქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო (ზედნაშენი) პაკეტით.
ცვლილებები შეეხო მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც, რომელთა რაოდენობა 32 ათასია, ისინი საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ და მათ კერძო დაზღვევის შეძენა მოუწევთ. სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ისევ შეეძლებათ.
რაც შეეხებათ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, მათი დაფინანსება მცირდება. მათ ასევე არ ეძლევათ პრივილეგია, მიიღონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტი.
დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასევე უმცირდებათ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება მიუხედავად შემოსავლისა. ამასთან, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა (წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი და ზევით).
რაც შეეხება 6-დან 18 წლამდე მოზარდებს, მათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.
„საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წელს დაიწყო. თავისი შინაარსიით ის მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც სადაზღვეო ბაზარზეც. მონაცემთა 2013 წლის ბაზები საჭიროებდა განახლებას. ამ პროცესმა ბევრი რამ დაგვანახა. ერთი მხრივ, ანალიზმა საფუძველი მოგვცა, რომ მიგვეღო ახალი გადაწყვეტილებები, უფრო ხარჯეფექტური, ხარისხიანი და საჭიროებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისის მისაწოდებლად. მეორე მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან გამოიკვეთა მიღწევებიც და გამოწვევებიც, რომელიც უფრო თვალსაჩინო გახდა“, - განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მანვე „ზედნაშენის“ ცნება განმარტა: „თუკი მოქალაქეს რაღაც სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო, მათ შეუძლიათ შეიძინონ ისეთი პაკეტი, რასაც არ დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, პლუს შეუძლიათ თანაგადახდის დაფარვა, მაგალითად, საყოველთაო უფინანსებს 70%-ს, მათ შეუძლიათ იყიდონ პაკეტი, რომელიც დანარჩენ 30%-ს დააფინანსებს“, - განმარტა სერგეენკომ.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა, უარყოფით შედეგი გამოიღებს.
„ვიდრე კიდევ რამეს შეცვლიდნენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება ადამიანი ღარიბი არ არის, მაგრამ სამედიცინო ხარჯების წინაშე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ყოველთვის უძლურია. ფაქტია, რომ ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად შეეხო 100 000 ადამიანს - ისინი დაზღვევის გარეშე დარჩნენ. ხვალ მათ გულის ოპერაცია ან ონკოლოგიური მკურნალობა რომ დასჭირდეს, დაფინანსება არ ექნებათ. იმედია, აპრილში ისეთ ცვლილებებს გაატარებენ, რომ დამატებით უარყოფით შედეგებს აღარ მივიღებთ“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.