[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]
მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს პრეზიდენტი და მთავრობა სტუმრობდნენ. რეგიონის გუბერნატორებთან ერთად სააკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და კითხვები რეგიონის რწმუნებულებსაც დაუსვა.
შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძეც ესწრებოდა. საკუთარი ინიციატივით მას არაფერი უთქვამს, თუმცა შეხვედრაზე პრეზიდენტის კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწია.
„რევოლუციის დროს, რუსთაველების ძირითადი მოთხოვნა იყო სასმელი წყალი. რა ხდება ამ მხრივ, როგორ მიდის წყლის ინდივიდუალური განმრიცხველიანების პროცესი?“ – იკითხა პრეზიდენთამ.
„რუსთავს 24 საათიანი წყლის მიწოდება აქვს. გამრიცხველიანების პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს“ – უპასუხა კირკიტაძემ.
თუმცა, რეალურად რუსთაველებისთვის წყლის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების პროცესი მტკივნეული თემაა. მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ინდივიდუალური მრიცხველები ერთი წლის წინ უკვე დააყენა, რამაც ახალი პრობლემა წარმოქმნა.
„ახლა ითხოვენ ამ მრიცხველების გარეთ გატანას. რატომ თავიდან არ ითქვა, რომ ამ ფორმით უნდა გაგვეკეთებინა? ჩვენ, ხომ თვითნებურად არ დაგვიდგამს ეს მრიცხველები?! ბინებში გვივარდებიან და ძლივს გაკეთებულ რემონტებს გვინგრევენ. ამისი საფასურიც, თურმე ჩვენ უნდა დავფაროთ“. – ამბობს რუსთაველი ნაილი ჭელიძე.
ნაილი ჭელიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც 23 მარტს რუსთავის მე-16 მკ/რ-ში აქცია მოაწო. აღნიშნული მკ/რ-ის მე-7 კორპუსის მცხოვრებლები წყლის მრიცხველების გარეთ გამოტანას აპროტესტებდნენ. მათ, მოგვიანებით „რუსთავის წყალმა“ სასმელი წყალი 2 დღით გადაუკეტა. მოსახლეობა გადახდილი ქვითრებით დადიოდნენ, თუმცა მათგან არა წყლის საფასურის გადახდას, არამედ მრიცხველების სადარბაზოში გატანაზე თანხმობას ითხოვდნენ.
დღეს კი ქალაქში წყლის მრიცხველების სადარბაზოებში გატანა იძულების წესით მიმდინარეობს. მოსახლეობას აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას ერთბაშათ არ ავალებენ. თანხის, რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ, თუმცა გუბერნატორის პრეზიდენტისთვის ნათქვამი სიტყვა,
„გამრიცხველიანება უპრობლემოდ მიმდინარეობს“ - სიმართლეს რამდენად შეესაბამება სადავო საკითხია.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა, კირკიტაძემ მთავრობასთან, რუსთავის საწარმოებში დასაქმებული ხალხითაც დაიტრაბახა.
„საწარმო „ჯეოსტილი“ ახალი ენერგიით აამუშავეს ინდოელებმა. დღეს იქ 600 ადამიანი მუშობს“ – განაცხადა გუბერნატორმა.
კირკიტაძეს „ჯეოსტილის“ მიმართ პრეტენზიები არ აქვს და ის სამაგალითო მიაჩნია, მაშინ, როდესაც აღნიშნულ საწარმოში სისტემატიურად ხდება უბედური შემთხვევები.
2010 წლის 12 ნოემბერს ქლორის გაჟონვის შედეგად, „ჯეოსტილში“ 15 ადამიანი მოიწამლა. თემის გასაშუქებლად მისულებს „ჯეოსტილის“ ადმინისტრაციამ ასეთი კომენტარი მოგვცა: „სამმა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ვინაიდან უცხოელები იყვნენ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“.
„ჯეოსტილი“ არის საწარმო, სადაც ყოველ 6 თვეში მუშები გაფიცვებს აწყობენ. ერთ-ერთი პირველი გაფიცვა, საწარმოში 2010 წლის 17 მაისს მოხდა. გაფიცულები საწარმოს ტერიტორიაზე საპირფარეშოების, სასმელი წლის და გასახდელების მოწყობას ითხოვდნენ. გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებში არ შედიოდა ხელფასის მომატება. მათი დიდი ნაწილი ამ თემაზე არც საუბრობდა.
გაფიცული „ჯეოსტილელები“ იმავე ღამეს პოლიციამ დააკავა და მეორე დღეს ისინი მორჩილად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.
დღეს კი „ჯეოსტილის“ თანამშრომლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სისტემატიურად ტანზე დამწვრობებს იღებენ. „ქარხანაში ზამთრის ტანსაცმელი დაგვაქვს, რომ ნაკლებად დავიწვათ. ჩამოსხმისას გავარვარებული ფოლადის სიცხე და მცირე შხეფები გვხვდება ტანზე. ორივე მკლავი დამწვარი მაქვს. სახლში მოსულს ტანსაცმლის გახდა მიჭირს,“ – ამბობს „ჯეოსტილ“ –ში მომუშავე რუსთაველი, რომელიც აღნიშნავს, რომ საწარმოში სპეციალური ტანსაცმელი არსებობს, თუმცა ის ყველას არ ყოფნის და ეს საკითხი ადმინისტრაციას არ აღელევებს.
რეგიონის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ პრეზიდენს მესამე უწყინარი ტყულიც უთხრა.
„თქვენ იცით, ალბათ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით ახალი ავტობაზრობა, რომელიც არის მეორე სუნთვა ჩვენი ქალაქისთვის. ბაზრობა იმ ადგილას გაკეთდა, რომელიც მუდამ პრობლემას უქმნიდა ჩვენ მოსახლეობას. იქიდან მოდიოდა ნიაღვარი და სხვა პრობლემები...“
გაუგებარია, რა ნიაღვარზე საუბრობს გუბერნატორი და რომელ მოსახლეობაზე? ადგილი, სადაც აღნიშნული, რიგით მეორე ავტობაზრობა გაიხსნა, სულ მცირე ერთი კილომეტრითაა დაშორებულ დასახლებული პუნქტიდან. ასევე, რაც შეეხება ნიაღვარს - რუსთავი უხვი ნალექებით არასოდეს გამოირჩეოდა და ხშირი წვიმებისას, გზის იმ მონაკვეთის გასწვრივ, რომელზეც გუბერნატორი საუბრობდა, მაქსიმუმ 1 ან 2 მეტრის სიგანის წყლის გუბეები დგებოდა.